დაფი
Media Key
03 ივნ. 2022
12-14
15-18

ბიანკა ჭკვიანი გოგონაა, რომლის საუკეთესო მეგობრები სკოლის ყველაზე პოპულარულ  გოგონებს შორის არიან. ბიანკას ბედნიერი ცხოვრება იცვლება უეცრად, როდესაც გოგონას ბავშვობის მეგობარი, საფეხბურთო გუნდის სუპერ საყვარელი ვარსკვლავი, უესლი გაუმჟღავნებს ყველასთვის კარგად ნაცნობ საიდუმლოს: ბიანკას სოციალური სტატუსი არის შეურაცხმყოფელი და აღნიშნავს მახინჯ, მსუქან მეგობარს. ბიანკა არის შუამავალი რგოლი ბიჭებისთვის, რათა ისინი დაუახლოვდნენ სკოლის ყველაზე მომხიბლავ გოგონებს. ბიანკას უნდა, რომ ეს სტატუსი მოიშოროს და ამის გამო ერთი მხრივ, დახმარებას სთხოვს უესლის და მეორე მხრივ, ეჩხუბება თავის საუკეთესო მეგობრებს. უესლი იწყებს ბიანკასთვის რჩევების მიცემას და „მამაკაცური საიდუმლოებების“ გამხელას.

საინტერესო ინფორმაცია:

ეს კომედია, რომელიც ეხება საშუალო სკოლის პრობლემებს, ხაზს უსვამს ბევრ მნიშვნელოვან საკითხს, მაგალითად იმასთან დაკავშირებით, რომ მთავარია ადამიანი იყოს ის, ვინც სინამდვილეში არის და არავის გამო არ ეცადოს ცვლილებას. ეს ფილმი არღვევს „კონკიას ისტორიების“ მთავარ ხაზს, რომელშიც გოგონები იცვლებიან მხოლოდ სათვალეებიდან კონტაქტურ ლინზებზე გადასვლით. ამ ფილმში პირიქით,  ხაზგასმულია, რომ პრიორიტეტია საკუთარ პერსონად დარჩენა და ნამდვილი სილამაზე გამოიხატება არა გარეგნულად, არამედ შინაგანად. ბიანკა ხდება თავდაჯერებული, რაც მას ბედნიერს, მომხიბლავს და გამბედავს ხდის. ფილმი ეფუძნება ამავე სახელწოდების რომანს, რომელიც კოდი კეპლინგერმა 18 წლის ასაკში დაწერა.

კითხვები დისკუსიისთვის:

  

ფილმის მთავარი გმირი კიბერბულინგის მსხვერპლი ხდება, როდესაც მას გადაუღებენ ვიდეოს და გამოუქვეყნებენ თუ როგორ იქცევა სავაჭრო ცენტრში. თქვენი აზრით, რამდენად სამართლიანი ან ლეგალურია სხვა ადამიანის შესახებ ვიდეოს სოციალურ ქსელში გავრცელება მისგან დაუკითხავად?

როგორ შეაფასებდით სკოლის დირექტორის ქცევას, როდესაც ის გადაწყვეტს, რომ სკოლის მოსწავლეებს ტელეფონები წაართვას?

როგორ შეაფასებდით ბიანკას? რა არის მისი ძლიერი და სუსტი მხარეები?

რას იტყვით ბიანკას ქცევაზე, როდესაც მან გადაწყვიტა ურთიერთობა გაეწყვიტა საუკეთესო მეგობრებთან?

თქვენ რომ ბიანკას ადგილზე ყოფილიყავით, როგორ მოიქცეოდით? გაუმხელდით თუ არა უესლის თქვენს გრძნობებს?

როგორ იპოვა ბიანკამ საკუთარი თავი? თქვენ თავზე რას იტყვით? ყოველთვის ის ხართ, ვინც რეალურად ხართ? რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის გარეგნობა?

ფილმში მოცემულ სტერეოტიპებზე რას იტყოდით? რომელ სტერეოტიპებს ხვდებით ფილმში?

რა დადებით შინაარსზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება?

ფილმი არის იუმორისტული და მასში მოცემულია კარგი ურთიერთქმედების მაგალითები. ის გვასწავლის სხვების პატივისცემასა და მეგობრობის მნიშვნელობას.

See Also