
მას შემდეგ, რაც თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი მშობლებთან ერთად ჯუნგლების შესწავლაში გაატარა, დორას უჭირს თავისი ცხოვრების ყველაზე დიდი გამოწვევისთვის - საშუალო სკოლისთვის მომზადება. როდესაც მისი მშობლები დაკარგული ოქროს ქალაქის ძიებაში, იდუმალ გარემოში უჩინარდებიან დორას მათ გადასარჩენად უწევს რეალურ მოქმედებაზე გადასვლა და არც თუ ისე კარგად აღჭურვილი მოზარდების ხელმძღვანელობა. წინ საშიში ამოცანაა! დორა, მეგობრებთან ერთად, ჯუნგლებში მიდის, ამარცხებს საგანძურზე მონადირეებს და ხსნის ლეგენდარული ქალაქის უძველეს გამოცანებს.
საინტერესო ინფორმაცია:
დორა, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ საბავშვო ანიმაციიდან, დღეს უკვე მოზარდია. დორა მთელი თავისი ცხოვრება ჯუნგლებში ცხოვრობს, სახლში სწავლობს და ამავდროულად, ძალიან უყვარს თავგადასავლები და გამოცანების გამოცნობა. ჯუნგლებში ცხოვრებამ იგი ბევრი რამისთვის მოამზადა, თუმცა არა საშუალო სკოლისთვის, სადაც მისმა მშობლებმა გაგზავნეს, რათა თავისი ასაკის ბავშვები უკეთ გაეცნო.
დორას დიდი დრო არ დასჭირვებია, რომ სკოლიდან კვლავ ჯუნგლებში აღმოჩენილიყო და თავის მეგობრებთან ერთად კვლავ თავსატეხები ამოეხსნა. თავგადასავლის განვითარებასთან ერთად, ძლიერდება მეგობრობა და ურთიერთთანამშრომლობა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. როგორც ორიგინალი დორას ისტორია, ახალი ფილმიც ბავშვებს წააქეზებს სწავლისკენ, რადგან მეგობრები სხვადასხვა პრობლემასთან გასამკლავებლად, იყენებენ თავიანთ ცოდნასა და უნარებს..
ფილმის მიმდინარეობა ძალიან ჰგავს ფილმ „ჯუმანჯის“ სიუჟეტს, სადაც პერსონაჟები აწყდებიან ბევრ მახეს და დიდი ძალისხმევის საფასურად უმკლავდებიან სხვადასხვა სიტუაციას. საშიში, დაძაბული მომენტების გასანეიტრალებლად, ფილმში უხვად არის გამოყენებული იუმორი. ფილმი განკუთვნილია მათთვის, ვინც დორასთან ერთად „გაიზარდა“ და ხშირად მოშველებულია ანიმაციური ფილმის სიუჟეტებიც, ხანდახან სარკასტულადაც კი, მაგრამ ფილმი არის ძალიან მხიარული და მასში მონაწილეობენ ანიმაციური ფილმის პერსონაჟებიც, მაგალითად, მაიმუნი და მელია.
კითხვები დისკუსიისთვის:
ფილმის მიხედვით, რა განასხვავებს შემსწავლელებსა და განძის მაძიებლებს? რატომ არის შესწავლა კარგი, მაგრამ განძის ძიება ცუდი? შეიძლება თუ არა შესწავლა იყოს პრობლემატური?
ფილმში დორას მშობლები ზღაპრულ პარაპატას ეძებენ. რა საინტერესო საგნების შესწავლა შეიძლება საქართველოში ან მეზობელ ქვეყნებში? რომელი მსგავსი ზღაპრული პერსონაჟების ან საგნების გაცნობა შეიძლება საქართველოში ან მეზობელ ქვეყნებში? რატომ უჭირს დორას მოერგოს საშუალო სკოლას? რატომ რცხვენია ბიძაშვილ დიეგოს დორასი? რა რჩევას მისცემდით დორას? დიეგოს?
რა სახის უნარებსა და ცოდნას იძენენ დორა და მეგობრები თავგადასავლის დროს? რაიმე ახალი ხომ არ ისწავლეთ ფილმით? რა?
ვინ არის თქვენი საყვარელი პერსონაჟი და რატომ?
რა დადებით შინაარსზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება?
ფილმი არის იუმორისტული, ოპტიმისტური და მასში მოცემულია კარგი ინტერაქციის, როლური მოდელებისა და წარმატების გამოცდილების მაგალითები.


