ნატვრის ხე
Media Key
18 აპრ. 2022
12-14

ფილმი სოფლის ცხოვრებას ასახავს. სიუჟეტის მთავარ ხაზს მარიტასა და გედიას სიყვარულის ამბავი შეადგენს. მშვენიერი მარიტა იძულებული გახდება მამის ნებას დაყვეს და შეძლებულ შეთეს მისთხოვდეს, თუმცა მისი გული დიდი ხანია გედიას ეკუთვნის.

ქალ-ვაჟი ერთმანეთთან დაცილებას მწარედ განიცდის. მარიტას დედამთილი მიხვდება, რომ რძალს მისი შვილი არ უყვარს და ქმრის ღალატს დასწამებს. ადათის თანახმად, მოღალატე ცოლს საქვეყნოდ დასჯიან. უდანაშაულოდ ისჯება მშვენიერება, ბოროტი სძლევს კეთილს. თუმცა სოფელში მეამბოხეებიც არიან, რომლებიც უზნეობას არასდროს შეურიგდებიან.

საინტერესო ინფორმაცია:

 “ნატვრის ხე”  რეჟისორ თენგიზ აბულაძის ტრილოგიის მეორე ფილმია და 1976 წელს შეიქმნა. ტრილოგიის პირველი ფილმი “ვედრება” 1967 წელს, ხოლო ბოლო ფილმი  - მონანიება”  1986 წელს შეიქმნა. რეჟისორმა ფილმის ძირითადი სიუჟეტური ხაზი ქართველი კლასიკოსის, გიორგი ლეონიძის ამავე სახელწოდების პროზაული კრებულის მიხედვით შექმნა. მართალია, ფილმის ძირითადი სიუჟეტური ხაზი სწორედ მარიტას (მსახიობი ლიკა ქავჟარაძე) და გედიას (მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი)  დრამატული სიყვარულის ფონზე ვითარდება, მაგრამ ავტორი მე-19 საუკუნის ქართული სოფლის უნიკალურ ყოფას, საინტერესო და არაერთგვაროვანი გმირების ცხოვრებას აცოცხლებს ეკრანზე და მაყურებელს ამ სამყაროს თანაზიარს ხდის.

ფილმის კონკრეტული ეპიზოდები სწორედ სოფელ პატარძეულშია გადაღებული, იქ სადაც დაიბადა და შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდა მწერალი გიორგი ლეონიძე.

კითხვები დისკუსიისთვის:

  

ფილმის გმირები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან: მეოცნებე, იდეალისტი, მორალისტი, „ნატვრის თვალის” მაძიებელი - ეს  პერსონაჟები, ფილმის ფინალში ბრბოდ იქცევიან და უდანაშაულო, მშვენიერ მარიტას განაჩენს გამოუტანენ. თქვენი აზრით, რა გახდა მათი ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი? 

დაახასიათეთ სოფლის მაცხოვრებლები, როგორები არიან ისინი, რა მიზნები და სურვილები აქვთ? მათ რომ დღევანდელ საქართველოში ეცხოვრათ, რა სოციალური სტატური ექნებოდათ?

რამდენად თავისუფლები არიან ფილმის გმირები, რა უშლით მათ ხელს საკუთარი სურვილის შესრულებაში? სად გადის ზღვარი სწორ და არასწორ საქციელს შორის, სოფლის ყოფაში?

მარიტას და გედიას სიყვარულის ამბავი მთელმა სოფელმა იცის, თუმცა, როდესაც მშვენიერ ახალგაზრდა ქალს შეთეს მიათხოვებენ, ამის წინააღმდეგი არავინაა. რატომ არ/ვერ იცავს ახალგაზრდა წყვილი თავის სიყვარულს? ვინ იღებს მათ ნაცვლად გადაწყვეტილებას?

რა დადებით შინაარსზე არის გამახვილებული ყურადღება:

ფილმში მოცემულია მისაბაძი მაგალითები, არის ნაჩვენები გულთბილი დამოკიდებულებები და კარგი მისაბაძი მაგალითები. სიუჟეტი გვაძლევს საშუალებას გავიმდიდროთ ფანტაზია და გვასწავლის სხვების პატივისცემას.

See Also