სიმინდის კუნძული
Media Key
07 ივლ. 2022
12-14

მდინარე ენგურის მიერ შექმნილ პატარა კუნძულზე მოხუცი აფხაზი ბაბუა სახლდება თავის შვილიშვილთან ერთად, ფიცრულ ქოხს აშენებს და სიმინდს თესავს. ფილმში მოქმედება 1990-იან წლებში, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის საზღვარზე ვითარდება.

 

 

საინტერესო ინფორმაცია:

„სიმინდის კუნძული“ გიორგი ოვაშვილის რიგით მეორე მხატვრული ფილმია, რომელიც 2014 წელს შეიქმნა. პირველი იყო „გაღმა ნაპირი“. ორივე ფილმი გადაღებულია ნუგზარ შატაიძის ლიტერატურული პირველწყაროს მიხედვით.

ფილმი ხელოვნურად შექმნილ კუნძულზეა გადაღებული, რომელიც ტყიბულის წყალსაცავზე აშენდა, მისი აგება განსაკუთრებულ ტექნიკურ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. სცენარი ფილმისთვის სამი წლის განმავლობაში იქმნებოდა.

ფილმი 2014 წელს კარლოვი ვარის ფესტივალის გამარჯვებული გახდა. ფილმს კრიტიკოსების გამოხმაურება მოყვა, ჟურნალი “Variety“ ფილმს ასე აფასებდა: „უზომო მოკრძალებით წარმოდგენილი გამაოგნებელი კინემატოგრაფიული ნამუშევარი. Hollywood Reporter- ის შეფასება ასეთია: “ეს ფილმი არის ემოციურად დამუხტული მინიმალიზმის მასტერკლასი“.

„სიმინდის კუნძულის“ საფესტივალო ცხოვრება შთამბეჭდავი და წარმატებული იყო: სან-მარინოს კინოფესტივალზე მოიპოვა პრიზი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის და საუკეთესო რეჟისურისთვის; მონპელიეს საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო მთავარი პრიზი „ოქროს ანტიგონე“, კრიტიკის პრიზი, პრიზი საუკეთესო მუსიკისთვის, მაყურებლის პრიზი.

“სიმინდის კუნძული“ საქართველომ წარადგინა ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს ნომინაციაზე უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.

ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ილიას სალმანი (ბაბუა) მარიამ ბუთურიშვილი (შვილიშვილი).

ფილმის ვიზუალურ მხარეს ხშირად ამსგავსებენ რუსი რეჟისორის -ანდრეი ტარკოვსკის და ამერიკელი კლასიკოსის - ტერენს მალიკის კინემატოგრაფიულ სტილს. ქართველი რეჟისორი ირჩევს ასკეტურ, მინიმალისტურ ესთეტიკას და თხრობის უხმო სტილს.

სიმინდის კუნძულისბიუჯეტმა 1,5 მილიონი ევრო შეადგინა. ფილმი 6 ქვეყნის კოპროდუქციაა: საქართველო, გერმანია, საფრანგეთი, ჩეხეთი, ყაზახეთი, უნგრეთი.

„სიმინდის კუნძულში“ მოქმედება ვითარდება 1992 წლის კონფლიქტის ფონზე, აფხაზეთის ომმა შეიწირა 20 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე, და უსახლკაროდ დარჩა 250 000 ადამიანი.

კითხვები დისკუსიისთვის:

ფილმის მთავარი გმირები აფხაზი ბაბუა და მისი შვილიშვილი არიან. როგორია მათი ურთიერთდამოკიდებულება ერთმანეთის და გარემოს, ბუნების მიმართ?

ქართულ-აფხაზური კონფლიქტი რამდენად იგრძნობა ფილმში, ჩანს თუ არა სოციალური, ან პოლიტიკური ვითარება?

ფილმის დასაწყისში ფილმის გმირების ყოფითი რუტინა სტაბილური და მშვიდია, მათი ყველა დღეს თითქოს ერთმანეთს ჰგავს: ბაბუა და შვილიშვილი ცდილობენ სიმინდი დათესონ და მოსავალი აიღონ. დიალოგების სიმწირის მიუხედავად, მაყურებლისთვის მათი ქმედების პროცესი და შედეგი, ზედმიწევნით გასაგებია. თქვენი აზრით, რა მხატვრული, დრამატურგიული ელემენტების გამოყენებით აღწევს რეჟისორი ამ შედეგს?

ბაბუას და შვილიშვილის ცხოვრება მოულოდნელად იცვლება, როცა მათთან დაჭრილი ქართველი ჯარისკაცი მოხვდება. როგორია გოგონას დამოკიდებულება ჯარისკაცის მიმართ?

თქვენი აზრით, რატომ შემოჰყავს რეჟისორს ფილმში ჯარისკაცის პერსონაჟი, რა იყო მისი მიზანი?

ისტორიული ფაქტია, რომ დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთსა და სამეგრელოში გაზაფხულის წვიმების შედეგად წარმოქმნილ პატარა კუნძულზე, გლეხები სიმინდის მოსაყვანად ნოყიერი ნიადაგის მოძებნას ცდილობენ. ფილმშიც ასეა. თქვენი აზრით რატომ აირჩია რეჟისორმა ეს კონკრეტული ადგილი, ვგულისხმობთ მდინარე ენგურს და ქართულ-აფხაზურ ხელოვნურად შექმნილ საზღვარს, რა იყო მისი მიზანი? მხოლოდ ისტორიული სინამდვილის რეკონსტრუირება თუ კიდევ სხვა რამის თქმა სურდა მაყურებლისთვის?

ქართულ-აფხაზური კონფლიქტი რეჟისორის შემოქმედებას მაგისტრალურ ხაზად მიყვება, პირველ ფილმში „გაღმა ნაპირი“ მთავარი გმირი - თედო, ომის სისასტიკის პირისპირ ეკვეთება, „სიმინდის კუნძულში“ რომელ კონკრეტულ ეპიზოდში იგრძნობა ომის პროცესი ან შედეგები?

თქვენი აზრით, რის სიმბოლო შეიძლება იყოს სიმინდის კუნძული?

ფილმში ბუნების და ადამიანის ჰარმონიული ყოფა და დაპირისპირება მაგისტრალური ხაზია, გაიხსენეთ სასკოლო პროგრამიდან ის ლიტერატურული ნაწარმოებები, სადაც აქცენტი ადამიანის და ბუნების თანაარსებობასა და კონფლიქტზე კეთდება? დისკუსიისას ეცადეთ დააკონკრეტოთ ავტორები (მწერლები, პოეტები, რეჟისორები, მუსიკოსები)

ფილმის რომელი პერსონაჟია თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი და რატომ?

ფილმის ავტორი, რომ იყოთ რას შეცვლიდით ფილმში? ფინალს, სიუჟეტის განვითარებას, კულმინაციას?
 

რა დადებით შინაარსზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება?

ფილმი არის დამაფიქრებელი და ინტერტექსტუალური, სიუჟეტში მოცემულია კარგი ურთიერთქმედებისა და წარმატების გამოცდილება.

See Also