ჩემი ბედნიერი ოჯახი
Media Key
07 ივლ. 2022
15-18

ფილმის მთავარი გმირი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი- 52 წლის მანანა მხეიძეა, ის ერთ დღეს თავისი რუტინული ცხოვრების ძირეულად შეცვლას გადაწყვეტს, ტოვებს მრავალრიცხოვან ოჯახს, ქირაობს ბინას და „ახალ ცხოვრებას“ იწყებს.

 

 

საინტერესო ინფორმაცია:

„ჩემი ბედნიერი ოჯახი“ ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის მეორე მხატვრული ფილმია, რომელიც 2017 წელს შეიქმნა. მათი პირველი ნამუშევარია „გრძელი ნათელი დღეები“, სადაც 1990-იანების ქართული ყოფაა ასახული. „ჩემ ბედნიერ ოჯახში“ მოქმედება თანამედროვე საქართველოში ვითარდება.

ოჯახი, თაობები, სოციალური ფონი და გარემო - ეს ის თემებია, რომლებზეც რეჟისორები ორივე მხატვრულ ფილმში აკეთებენ აქცენტს.

ფილმი საქართველოს, გერმანიის, საფრანგეთის ერთობლივი კოპროდუქციაა და მისი პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე შედგა.

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანმა ინტერნეტ-ტელევიზია - Netflix-მა ფილმის დისტრიბუციის უფლება შეიძინა. „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ გავლენიანი დასავლური გამოცემის IndiWire- ის 2017 წლის იმ 50 საუკეთესო ფილმს შორის მოხვდა, რომელიც Netflix-ზე გავიდა. მას შემდეგ რაც ფილმი ხელმისაწვდომი გახდა გავლენიან პლატფორმებზე , მან ასევე Rotten Tomatoes- ზე უმაღლესი შეფასება 100 % მიიღო. საქართველოში ფილმის პრემიერა 2017 წლის 28 სექტემბერს შედგა.

ფილმში მთავარ როლებს ქართული კინოსა და თეატრის გამორჩეული სახეები ასრულებენ: მერაბ ნინიძე, ია შუღლიაშვილი, ბერტა ხაფავა, მარიამ ბოკერია, ლიკა ბაბლუანი, დიმიტრი ორაგველიძე, გოვენ ჭეიშვილი.

„ჩემ ბედნიერ ოჯახში“ ლიკა ბაბლუანი და მარიამ ბოკერია მეორე ხარისხოვან როლებში გვევლინებიან,ისინი მთავარ როლებს ასრულებენ რეჟისორების პირველ ფილმში:„ გრძელი ნათელი დღეები“.

ფილმის წარმატება არაერთ ფესტივალს ითვლის, მათ შორის: ვისბადენის საერთაშორისო კინოფესტივალიზე საუკეთესო რეჟისორის ჯილდოს და კინოკრიტიკოსთა პრიზს. (FIPRESCI).

კითხვები დისკუსიისთვის:

დაახასიათეთ ფილმის დასაწყისში მანანას ოჯახი, როგორები არიან მისი წევრები? მეუღლე, შვილები, მშობლები?

რატომ იღებს მანანა რადიკალურ გადაწყვეტილებას? რა ხდება მისი ქცევის მთავარი მოტივატორი?

როგორ ხვდება ოჯახი ქალის გადაწყვეტილებას? როგორია ნათესავების რეაქცია?

დისკუსიისას აქცენტი გააკეთეთ ფილმში წარმოდგენილ სხვადასხვა თაობაზე: ბებია-ბაბუა, შვილები და მათი შვილიშვილები. როგორია სამ სხვადასხვა დროსა და ეპოქაში გაზრდილი ინდივიდების ყოფა ერთ სივრცესა და ერთ სახლში?

რამდენად შეგვიძლია ის რაც „ჩემ ბედნიერ ოჯახში“ ხდება განვაზოგადოთ ქართული საზოგადოების და სოციუმის მაგალითზე? რამდენად რეალურია ის პრობლემები და საკითხები რაზეც რეჟისორი აკეთებს აქცენტს?

ქალი და ოჯახი თუ ქალი და პროფესია? სამწუხაროდ ჩვენს რეალობაში ხშირად ასე პრიმიტიულად სვამენ საკითხს, რომ თუ ქალს ჰყავს ოჯახი, ის პროფესიაში სრულად რეალიზებული არ უნდა იყოს და პირიქით. მანანას შემთხვევაში, ის სკოლაში პროფესიითაც მუშაობს და „დიდ ქართულ ოჯახსაც“ უძღვება. როგორ უმკლავდება მთავარი გმირი სხვადასხვა ინსტიტუციაში, ვგულისხმობ სკოლას და ოჯახს არსებულ გამოწვევებს?

ფილმის ძირითადი თემა ქართული ოჯახური თანაცხოვრებაა, მთელი თავისი სირთულეებით და ამბივალენტური გრძნობებით. რამდენად ბედნიერია მანანა მეუღლესთან, შვილებთან , ზოგადად საკუთარ ოჯახთან თანაცხოვრებაში ?

როგორია მანანას მეუღლე და მისი შვილები? რამდენად არის მათი „ბრალეულობა“ იმაში, რომ მანანა, როგორც დედა და ცოლი ოჯახს ტოვებს?

ქალს ხშირად აკუთვნებენ სოციალურ როლებს: ცოლი, დედა, შვილი- ყველა სივრცეში ის ვიღაცის სამსახურშია, რამდენად თავისუფლდება მანანა ამ როლებისგან როცა ის ცალკე იწყებს ცხოვრებას?

ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში, ლიკა ბაბლუანის პერსონაჟი, რომელიც მთავარი გმირის მოსწავლის როლს ასრულებს, საკუთარ მასწავლებელს ქმართან დაშორების ამბავს უყვება. მისი თქმით, თუ ნაბიჯს გადადგამ უკან დასახევი გზა აღარ უნდა დაიტოვო, რადგან ადამიანები არ იცვლებიან. რამდენად შეგვიძლია მცირეწლოვანი გოგონას პრინციპული ნაბიჯი და გადაწყვეტილება, მთავარი გმირის ბიძგის მიმცემად მოვიაზროთ?

ფილმს ჰქვია „ჩემი ბედნიერი ოჯახი“, თქვენი აზრით რამდენად ამართლებს ფილმში ასახული მოვლენები მის სათაურს, ბედნიერია ოჯახი?

ფილმის რომელი პერსონაჟია თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი და გამორჩეული?

მანანა ისევ ოჯახს უბრუნდება, თქვენი აზრით რა გახდა ამის მიზეზი?

შეადარეთ ერთმანეთს „ გრძელი ნათელი დღეები“ და „ჩემი ბედნიერი ოჯახი“. თქვენი აზრით, რა შეიცვალა 1990-იანი წლების შემდეგ ქალის ემანსიპაციის თვალსაზრისით, რამდენად ჩანს ეს ემანსიპაცია აღნიშნულ ფილმში?

პატრიარქალურ საზოგადოებაში ტრადიციები ყველაზე კარგი მექანიზმია ქალის ჩარჩოში მოქცევის და მისი ქცევის კონტროლის თვალსაზრისით. რა მხატვრული ხერხებით გადმოსცემს ამ საკითხს რეჟისორი ფილმში?

ფილმის ავტორი, რომ იყოთ რას შეცვლიდით ფილმში? (ფინალს, სიუჟეტის განვითარებას და ა.შ.)


რა დადებით შინაარსზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება?

ფილმი არის დამაფიქრებელი, მასში მოცემულია კარგი მისაბაძი მაგალითები და წარმოდგენილია წარმატების გამოცდილება, ეფექტური თანამშრომლობისა და სხვების პატივისცემის მნიშვნელობა.

See Also