

სამხრეთ საქართველოს მაღალმთიან სოფელში, მოხუცებული მამა სახელად - ალი, თავის სამ ვაჟთან და 17 წლის გოგონა - ნამესთან ერთად ცხოვრობს. ერთი ძმა მასწავლებელია, მეორე მოლა, მესამე კი ბერი.
მუსულმანები და მართლმადიდებლები ერთად თანაარსებობენ, სოფლის ერთ ბოლოს ეკლესიაა, მეორეში კი- მეჩეთი. ნამე მკურნალია, ზებუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული, ერთ დღესაც მისი ოჯახის და სოფლის იდილია ირღვევა და ყველაფერი „თავდაყირა“ დგება.
საინტერესო ინფორმაცია:
ზაზა ხალვაშის ფილმი „ნამე“ მაღალმთიან აჭარაშია გადაღებული, ფილმის გადასაღები დღეები რეკორდულად მცირე იყო - 28 დღე.
მთავარი როლის შემსრულებელია მარისკა დიასამიძე (ანიმაციის რეჟისორი), ფილმის ოპერატორია გიორგი შველიძე, თანამედროვე ქართულ კინოს ერთ-ერთ გამორჩეული ფიგურა.
ფილმში ასახული ამბავი ლაზური ლეგენდის გამოძახილია: ამბავი თევზსა და მკურნალ გოგონაზე, რომელიც სრულიად უანგაროდ ეხმარება ავადმყოფებს, თანასოფლელი ბიჭის შეყვარებისას, მასში სხვა მისწრაფებები იღვიძებს მკურნალობის ზებუნებრივ ნიჭს კარგავს, თევზს წყალში უშვებს და უბრუნდება მიწიერ ცხოვრებას.
ტრადიციის, მითოლოგიის, მისტიკის და ფოლკლორის ნაზავი, ფილმში მედიტაციურ ატმოსფეროს ქმნის, სადაც ეთნოგრაფიული ხაზი ძალზედ მნიშვნელოვანია, ცალკეული სახე-ხატები ერთდროულად სხვადასხვა ასოციაციებს ბადებს: სახარებისეულს, მითოლოგიურს.
ადამიანის და ბუნების ჰარმონიულ თანაარსებობასა და კაპიტალიზმის ეპოქაში, ცივილიზაციის უხეში ჩარევის შედეგებზე მსოფლიო კინოში არაერთი ფილმია შექმნილი, ერთ-ერთია გერმანელი ავტორის ვერნერ ჰერცოგის ფილმი „იქ სადაც მწვანე ჭიანჭველები სიზმრებს ხედავენ“, ფილმში ავსტრალიის აბორიგენების ყოფაა ასახული, რომლებიც ჭაბურღილის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.
ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 91-ე ცერემონიაზე, რომელიც 2019 წელს ჩატარდა, ოსკარზე უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოდან ზაზა ხალვაშის „ნამე“ შეირჩა. სამწუხაროდ ფილმი ე.წ. „შორთ ლისტში“ ვერ მოხვდა.
„ნამე“ ტოკიოს 30-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო სექციაში იღებდა მონაწილეობას.
ზაზა ხალვაში იმ რეჟისორთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა კინოც უხეში „კარდიოგრამებით“ არ ხასიათდება და არც მრავალფილმიანობით გამოირჩევა. ის არასდროს ღალატობს მისეულ მიგნებებს, თემებსა თუ კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალს... შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში რეზო ჩხეიძისა და თენგიზ აბულაძის სახელოსნოში კინო-ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, 1977-2004 წლამდე კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რეჟისორად მუშაობდა, 1997 წლიდან ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა და კინოსა და სატელევიზიო ხელოვნების განყოფილებას ხელმძღვანელობს. 80-90-იან წლებში გადაღებული მისი მხატვრული ფილმები მონპელიეს, მიუნხენის, მოსკოვის კინოფესტივალის ჯილდოების მფლობელია. 2016 წელს იღებს დოკუმენტურ ფილმს „სოლომონი“, რომელიც თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ქართული პანორამის გამარჯვებული ხდება. ზაზა ხალვაში თანამედროვე ქართული კინოს კლასიკოსი, 2020 წელს გარდაიცვალა.
კითხვები დისკუსიისთვის:
ფილმში ასახული ამბავი, ლაზური ლეგენდის გამოძახილია: მკურნალ გოგონას თანასოფლელი ბიჭის შეყვარების შემდეგ ზებუნებრივი ნიჭი ერთმევა. თქვენი აზრით, რატომ „ისჯება“ ასე? რა დილემის წინაშე დგება მთავარი გმირი ?
მამა, რომელიც მკაცრი და შეუვალია, ყველა შვილთან განსხვავებულ დამოკიდებულებას ავლენს. როგორია მისი დამოკიდებულება ნამეს მიმართ?
რის სიმბოლო შეიძლება იყოს წყალში მოლივლივე ოქროს თევზები?
ფილმში მოქმედება თანამედროვე საქართველოში მიმდინარეობს, თუმცაღა რეჟისორი განზოგადებულ კრებით სახეს ქმნის: დროის და სივრცის თვალსაზრისით, თითქოს განზრახ ამბობს უარს ზედმეტ კონკრეტიკაზე, თქვენი აზრით რა მხატვრული ხერხებით აღწევს ამას?
აღწერეთ თქვენი სიტყვებით, როგორი ადამიანია: ნამე, მისი ძმები და მამა?
ანტიკური მითოლოგიიდან მედეას პერსონაჟი და მისი კოლხური წარმომავლობა უცხო არავისთვისაა, რამდენად შეგვიძლია პარალელი გავავლოთ ფილმის მთავარ გმირს და უძველეს მითოლოგიურ არქეტიპს შორის? ისიც, თავის ნიჭს, გრძნეულებას მაშინ კარგავს როცა არგონავტები კოლხეთში შემოდიან და იასონი უყვარდება (სიტყვა მედიცინაც, ხომ მედეას სახელიდან მომდინარეობს).
რა იყო რეჟისორის მთავარი მიზანი, როცა ფილმ „ნამეს“ ქმნიდა?
ავტორი ერთგვარ „ცრუ სასპენსს“ ქმნის, მაყურებელი ფილმის მსვლელობისას განსხვავებული რელიგიური აღმსარებლობის, მსოფლმხედველობისა თუ ფასეულობების მქონე პერსონაჟებისგან კონფლიქტს ელის, ისინი კი პირიქით - ქრისტიანი, მუსლიმი და ათეისტი ძმები ერთ მაგიდასთან იკრიბებიან და ერთიანდებიან, ამგვარი პერსონაჟების წინ წამოწევით, მათზე აქცენტირებით რის თქმა სურდა რეჟისორს?
ჩვენს რეალობაში რამდენად ხშირია მსგავსი შემთხვევები? განსხვავებული ეთნიკური, რელიგიური შეხედულებების მქონე ადამიანების ჰარმონიული ერთობა? ეცადეთ დისკუსიისას მოიყვანოთ კონკრეტული მაგალითები.
რომ არა მამის პერსონა, როგორი იქნებოდა შვილების ურთიერთობა?
ჯადოსნური თევზი სამკურნალო თვისებებს კარგავს მას შემდეგ რაც კაშხლის მშენებლობა იწყება. ფილმის ფინალში კი სამშენებლო პროცესების ხმა, ფილმის იდუმალებას და სიმშვიდეს მკვეთრად არღვევს. თქვენი აზრით, სურდა თუ არა ავტორს მაყურებელი აწმყოზე სხვა კუთხით დაეფიქრებინა და მომავალი კრიტიკულად გაეაზრებინა? რის მომასწავებელია ფილმის ფინალი?
რა დადებით შინაარსზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება?
ფილმი არის დამაფიქრებელი და ინტერტექსტუალური. მასში მოცემულია კარგი ურთიერთქმედების მაგალითები და წარმატების გამოცდილება. სიუჟეტში ხაზია გასმული წარმატების გამოცდილებასა და სხვების პატივისცემაზე.