

12 წლის ბიჭს, რომელიც აფხაზეთიდან დევნილთა თაობას მიეკუთვნება, ცხოვრება მრავალ წინააღმდეგობას უმზადებს. სამოქალაქო ომმა თედოს წაართვა ყველაფერი, რაზეც კი ოდესმე უოცნებია.
ფილმი მოგვითხრობს თედოს მცდელობაზე, დაიბრუნოს იმედი და რწმენა საკუთარ თავში.
საინტერესო ინფორმაცია:
გიორგი ოვაშვილის ფილმი „გაღმა ნაპირი“, გადაღებულია ნუგზარ შატაიძის ნოველის „მოგზაურობა აფრიკაში" მიხედვით.
„გაღმა ნაპირში” მთავარი როლის შემსრულებელი თედო ბექაური არაპროფესიონალი მსახიობია. რეჟისორმა ის 9 წლის ასაკში შემთხვევით აღმოაჩინა. ამ ფილმით დაიწყო მისი, როგორც მსახიობის ბიოგრაფია. მოგვიანებით თედო უტა ბერიას „უარყოფით რიცხვებში“ მოგვევლინა ერთ-ერთ გმირად.
რეჟისორ გიორგი ოვაშვილის მომდევნო ფილმშიც “სიმინდის კუნძული”, მთავარ როლს ასევე არაპროფესიონალი მსახიობი ასრულებს.
აფხაზეთის თემა ფილმის მაგისტრალური ხაზია. ფილმში წარმოდგენილია სხვა სოციალური, ეკონომიკური, ეპოქალური თემები და კონტექსტებიც. აფხაზეთის ომის ისტორია, რომელიც გასული საუკუნის უკანასკნელათწლეულში განვითარდა, მტკივნეულ მეხსიერებად შემორჩა ქართველ (და არა მხოლოდ) ერს. შედეგად კი უამრავი იძულებით გადაადგილებული ოჯახი გაჩნდა. ადამიანებმა დაკარგეს სამშობლო და სახლი, ეს ორი კი ერთმანეთის სინონიმებადაც შეგვიძლია მოვიაზროთ. ფილმის მთავარი გმირი - თედო სწორედ სახლის, სამშობლოს, მამის საძებნელად მიდის და თუ რას პოულობს საზღვრის მიღმა, რომელიც ყოფს ადამიანებს და არა გეოგრაფიულ ტერიტორიებს, ამას ფილმის ნახვის შემდეგ შეიტყობთ.
კითხვები დისკუსიისთვის:
რატომ იწყებს თედო მოგზაურობას?
რა არის მისი მთავარი მოტივაცია: სითამამე, ცნობისმოყვარეობა, იძულებითი ნაბიჯი თუ სამართლიანობის ძიება
რა განსხვავებაა, თუ საერთოდ ხედავთ, თედოს მიმართ ქართველებისა და აფხაზების დამოკიდებულებაში?
ომი, ეს მოვლენაა, რომელიც სახელმწიფოებს, ადამიანებს, ტერიტორიებს ორად ყოფს. ამ შემთხვევაში, რა მთავარ კითხვებს სვამს ფილმი კონფლიქტებისა და ომების შესახებ?
ფილმის ფინალი არ გვაძვლევს ინფორმაციას, თუ როგორ დასრულდა თედოს მოგზაურობის ისტორია. როგორ თვლით, რაზე მეტყველებს ეს?
რას შეცვლიდით ფილმის ფინალში?
მთავარი გმირი გოგონა რომ ყოფილიყო, შეიცვლებოდა თუ არა ძირითადი სიუჟეტური ხაზი ფილმში? ფინალში ?
რა დადებით შინაარსზე არის გამახვილებული ყურადღება:
ფილმი არის დამაფიქრებელი და ინტერტექსტუალური. მასში მოცემული სცენები ასახავს გულთბილ დამოკიდებულებას, ხელს უწყობს ფანტაზიის გამდიდრებას, გვასწავლის სხვების პატივისცემასა და ეფექტურ თანამშრომლობას.