მულანი
Media Key
22 თებ. 2022
4-8
უნივერსალური

მამაცი მულანის ისტორია იწყება ჰუნების თავდასხმით ჩინეთზე. იმპერატორი ჯარში იწვევს ყველა კაცს - მათ შორის, მულანის მოხუც და დაუძლურებულ მამას. მამის გადასარჩენად მულანი ჯარში თავად მიდის.

მან იცის, თუ გამოააშკარავეს, სიკვდილით დაისჯება. მულანს ეხმარება პატარა დრაკონი, სახელად მუშუ, რომელიც მისმა წინაპრებმა გაგზავნეს მის დასაცავად. თუმცა, მულანს უფრო მეტი სჭირდება, ვიდრე მუშუ, რათა გადარჩეს ჰუნების დაუნდობელი ლიდერის, შან იუს წინააღმდეგ ბრძოლაში.

საინტერესო ინფორმაცია:

Disney-ის ანიმაციური მოთხრობა დაფუძნებულია ჩინურ ხალხურ ზღაპარზე ახალგაზრდა გოგონას შესახებ, რომელიც მამის გადასარჩენად შეუერთდება ჩინურ ჯარს დაუნდობელ მეტოქესთან საბრძოლველად. ის სწავლობს საბრძოლო ხელოვნებას მამაკაცებთან ერთად და თავისი უკომპრომისობის წყალობით, ყალიბდება დახელოვნებულ მეომრად, რომელიც საბოლოოდ გადაარჩენს ჩინეთის იმპერატორს.

მულანი არღვევს გენდერულ სტერეოტიპებს და აჩვენებს, რომ გოგონა არ უნდა იყოს მხოლოდ მორჩილი ცოლი და დედა. გოგონა წესებსა და კანონებს არღვევს, მაგრამ თავისი ამბოხით აიძულებს გარშემო მყოფებს, აღიქვან იგი არა როგორც დაუცველი გოგონა, არამედ როგორც დამოუკიდებელი ადამიანი.

ანიმაცია ეხება ბავშვებისა და მშობლების ურთიერთობას და იმას, თუ როგორ შეიძლება ერთი შეხედვით სუსტი არსება გახდეს ძვირფასი ადამიანების ძლიერი მფარველი. მამის პატრონაჟით გაზრდილი გოგონა სანაცვლოდ იცავს მამას და საბოლოოდ, მთელს სამშობლოს.

მულანს, ისევე როგორც დისნეის კლასიკურ ზღაპარს, ჰყავს ნათელი გმირი და ერთგანზომილებიანი ბოროტმოქმედი შან იუ. ომის სცენები ძალადობრივია, მაგრამ ბავშვებზე გათვლილი ანიმაციის პროპორციებით.

კითხვები დისკუსიისთვის:

მულანი თანამბრძოლებმა უარყვეს მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ გოგონა იყო. დაფიქრდით, რატომ მოიქცნენ მამაკაცი ჯარისკაცები ასე მიუხედავად იმისა, რომ მულანმა უკვე აჩვენა თავი, როგორც მამაცმა მეომარმა?

რა გენდერული სტერეოტიპებია ნაჩვენები ფილმში?

არის დღესაც ისეთი რამ, რისი გაკეთებაც ადამიანისთვის მიუღებელია მისი სქესიდან გამომდინარე ან აკრძალულია მისთვის?

მულანი ითვლება დისნეის ერთ-ერთ პრინცესად. როგორ შეიცვალა დისნეის პრინცესების ისტორიები მულანის შემდეგ?

რა დადებით შინაარსზე არის გამახვილებული ყურადღება:

ფილმი არის დამაფიქრებელი და შეიცავს ბევრ იუმორისტულ მესიჯს. სიუჟეტში ხაზგასმულია ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობა, მოცემულია კარგი როლური მაგალითები და წარმატების გამოცდილება.