დოქტორ სტრეინჯი 1
Media Key
07 ივლ. 2022
4-8

მარველის დოქტორ სტრეინჯი არის მსოფლიოში ცნობილი ნეიროქირურგის სტივენ სტრეინჯის ისტორია, რომლის ცხოვრებაც ერთ წამში იცვლება, მას შემდეგ რაც ის ავტოავარიაში მოყვება და დაკარგავს ფუნქციონირების უნარს. რ ოდესაც დასავლული მედიცინა მას იმედს გაუცრუებს, ის იძულებული ხდება სხვა გზა მოიძიოს იმისთვის, რომ განიკურნოს. ის მკურნალობის ახალ მეთოდს კამარ-ტაკში ეძებს, სადაც ის აღმოაჩენს, რომ ეს ადგილი მხოლოდ განკურნებისთვის არაა განკუთვნილი, არამედ ისინი ებრძვიან ჩვენთვის უხილავ ძალებს, რომლებიც ჩვენი რეალობის განადგურებას ცდილობენ. ფილმში დოქტორ სტრეინჯმა, რომელმაც უკვე ჯადოსნური ძალები შეიძინა უნდა გადაწყვიტოს დაუბრუნდეს თავის ძველ რეალობას, თუ დატოვოს ის და ახალი ძალებით დაიცვას ჩვენი სამყარო, როგორც ჩვენი დროის ყველაზე ძლიერმა ოსტატმა.

საინტერესო ინფორმაცია:

დოქტორ სტრეინჯი არის ფუნქციური, მისტიკური და ვიზუალურად მიმზიდველი ფილმი სუპერგმირზე, რომელიც მარველის კინო სამყაროს ახალი პერსონაჟის დაბადების ისტორიაა. გარდა სპერგმირისა, ფილმი ეხება სერიოზული უბედური შემთხვევისგან გამოჯანმრთელებასა და საკუთარი თავის ხელახლა შექმნას, ურთიერთობას, ეგოცენტრულობასა და თავმდაბლობას.

ფილმის მოქმედება ვითარდება თანამედროვე დროში, მაგრამ სიუჟეტში მოცემულია, როგორც დასავლური კულტურა, ასევე აღმოსავლური სამონასტრო სამყარო. ის აერთიანებს დასავლურ მედიცინასა და აღმოსავლურ მისტიციზმს და საბოლოოდ მთავარი გმირი ჯადოქარად გადაიქცევა, რომელსაც შეუძლია დროის კონტროლიც კი.

როგორც ამ ჟანრისთვისაა დამახასიათებელი, ფილმში მრავლად არის სანახაობრივი მოქმედებები, სუპერგმირების თავგადასავლები და რთული ვიზუალური ეფექტები.

ახალგაზრდა მაყურებლისთვის ფილმი შეიძლება იყოს რთული გასაგები, რადგან სიუჟეტი ვითარდება სხვადასხვა განზომილებაში და ჯადოქრობა სცდება ფიზიკის კანონებს, თუმცა თუ მაყურებლისთვის უკვე ნაცნობია მარველის სამყარო ფილმის გაგება არ იქნება რთული.

კითხვები დისკუსიისთვის:

დოქტორი სტრეინჯი მთელი ცხოვრება საუკეთესო ექიმი იყო და შემდეგ ავარიის გამო უნარებს კარგავს. იმსჯელეთ, როგორ შეიძლება ადამიანი გაუმკლავდეს ასეთ დიდ ცხოვრებისეულ ცვლილებას? 

თქვენი აზრით, რა ემოციებს განიცდიდა დოქტორ სტრეინჯი, როდესაც მან გაიგო, რომ ძველი ცხოვრებით ვეღარ იცხოვრებდა?

დოქტორი სტრეინჯი არის ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრება დასავლურ მედიცინას დაუთმო, მაგრამ როდესაც დასავლური მედიცინისგან დახმარებას ვერ იღებს, ის მიმართავს აღმოსავლურ რიტუალებს. თქვენი აზრით, რა განსხვავებაა აღმოსავლულ და დასავლურ მედიცინას შორის?

თქვენი აზრით, რამდენად შესაძლებელია პოზიტიურმა განწყობებმა დადებითი გავლენა მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე?

ფილმის გმირებს შეუძლიათ შექმნან პორტალები, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს, თვალის დახამხამებაში იმოგზაურონ მსოფლიოს მეორე მხარეში. ასეთი უნარი რომ გქონდეთ, სად იმოგზაურებდით და რატომ?

დოქტორ სტრეინჯი არღვევს მასწავლებლების მითითებებს და ეცნობა უფრო მაღალი დონის მაგიას, რის შედეგადაც რამდენიმე პერსონაჟის სიცოცხლე გადარჩება. რას ფიქრობთ სწორად მოიქცა სტრეინჯი? თქვენ რას გააკეთებდით მის ადგილას?

თქვენი აზრით, მოსასხამი გაიმარჯვებს თუ არა ნებისყოფის ბრძოლაში? რატომ?

რა არის ფილმის მთავარი გზავნილი? რას გვასწავლის ის?

რა დადებით შინაარსზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება?

ფილმი არის დამაფიქრებელი და მასში მოცემულია კარგი მისაბაძი მაგალითები. ის გვასწავლის საკუთარი თავმოყვარეობისა და ეგოცენტრიზმის გვერდზე გადადებას. სიუჟეტი გვაძლევს ფანტაზიის გამდიდრების შესაძლებლობას, ის ოპტიმისტურია და მოცემულია წარმატების გამოცდილება.