ნარნიის ქრონიკები: ლომი, ჯადოქარი და ჯადოსნური კარადა
Media Key
07 ივლ. 2022
4-8

პიტერს, სუზანს, ედმუნდს და ლუსის ლონდონიდან სოფელში აგზავნიან მოხუც პროფესორთან სახლში. მის სახლში ბავშვები დამალობანას თამაშს დაიწყებენ და შემთხვევით აღმოაჩენენ ძველი ტანსაცმელების კარადას, საიდანაც ჯადოსნური პორტალით სხვა სამყაროში გასვლა არის შესაძლებელი.

და-ძმები ჯადოსნურ სამყაროში მოხვდებიან, სადაც ისინი შეხვდებიან ბოროტ დედოფალსა და ძლევამოსილ ლომს - ასლანს.

საინტერესო ინფორმაცია:

ნარნია არის ფანტასტიკური სამყარო, რომელიც შეიქმნა C. S. Lewis-ის მიერ, როგორც მისი შვიდი ფანტასტიკური რომანის სერიის მთავარი ადგილი.

ფილმი ვითარდება ნარნიას გამოგონილ რეალობაში, მაგიის, მითიური მხეცებისა და მოლაპარაკე ცხოველების ფანტასტიკურ სამყაროში. იგი მოგვითხრობს სხვადასხვა ბავშვის თავგადასავალს, რომლებიც მთავარ როლებს ასრულებენ ნარნიული სამყაროს განვითარებად ისტორიაში.

ასლანი მოთხრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონაჟია. ლომი იყო ის, ვინც ხელმძღვანელობდა და-ძმებს, განსაკუთრებით უმცროსებს, ედმუნდსა და ლუსის, ის იცავდა მათ და დაეხმარა გამხდარიყვნენ ისეთი მმართველები, როგორიც ნარნიას სჭირდებოდა. ავტორის, C. S. Lewis-ის აზრით, ასლანი წარმოადგენს იესო ქრისტეს მეტაფორას და წიგნებშიც ხშირად ალეგორიებია გაკეთებული. ამბობენ, რომ ასლანს ცხრა სახელი აქვს, მაგრამ ყველა მათგანი არ არის მოცემული ფილმში.

კითხვები დისკუსიისთვის:

რას ფიქრობთ მისტერ ტუნუსის საქციელზე? სწორად მოიქცა ის, როდესაც ლუსი მოტყუებით სახლში მიიპატიჟა? მის შემდგომ ქცევაზე რას იტყოდით?

თქვენი აზრით, რატომ არ დაუჯერეს და-ძმებმა ლუსის, როდესაც მან ნარნიას შესახებ მოყვა?

რატომ დაუჯერა ედმუნდმა ბოროტ დედოფალს? როგორ შეაფასებდით მის ქცევას? თქვენ როგორი ურთიერთობა გაქვთ თქვენ და-ძმებთან და სხვა ოჯახის წევრებთან?

თქვენი აზრით რას განასახიერებს ასლანი? რას ფიქრობთ მასზე?

რატომ გადაურჩა ასლანი მსხვერპლშეწირვის რიტუალს? რას ფიქრობთ მის საქციელზე, რომ დედოფალს საკუთარი თავი შესთავაზა მსხვერპლად ედმუნდის მაგივრად?

თქვენი აზრით რას განასახიერებს ლუსი? და მოხუც პროფესორზე რას იტყვით?

რას ფიქრობთ სანტა კლაუსმა სწორად შეურჩია თითოეულ და-ძმას საჩუქრები?

ვინ არის თქვენი საყვარელი პერსონაჟი და რატომ?

დაახასიათეთ ოთხივე და-ძმა, ჩამოთვალეთ მათი ძლიერი და სუსტი მხარეები. რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან და რით გვანან?

რა არის თქვენთვის ფილმის მთავარი გზავნილი? რა ისწავლეთ ფილმით?

რა დადებით შინაარსზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება?

ფილმი არის დამაფიქრებელი და მასში მოცემულია კარგი მისაბაძი მაგალითები. სიუჟეტში ხაზგასმულია მეგობრობისა და ოჯახის წევრების მიმართ სიყვარულის მნიშვნელობა და ის ასევე გვასწავლის ბუნების მოფრთხილებას.