შემთხვევითი პაემნები
Media Key
07 ივლ. 2022
15-18

ფილმის მთავარი გმირი სანდრო, 40 წლის ისტორიის მასწავლებელია, უცოლოა და მშობლებთან ერთად ცხოვრობს. სანდრო და მისი მეგობარი ივა, პერიოდულად „უცნაურ პაემნებზე“ დადიან, ეს მათი თავშესაქცევია.

სანდროს საკუთარი მოსწავლის დედა - მანანა შეუყვარდება, სწორედ მაშინ, როცა მათ შორის მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, მანანას ქმარი ციხიდან გამოდის და ყველაფერი თავდაყირა დგება.

საინტერესო ინფორმაცია:

შემთხვევითი პაემნები, ლევან კოღუაშვილის მეორე მხატვრული ფილმია. ფილმის სცენარისტია ბორის ფრუმინია რეჟისორთან ერთად.

ფილმში, მთავარი გმირის სანდროს მეგობრის ივას როლს, მწერალი არჩილ ქიქოძე ასრულებს. ის ავტორია ბოლო პერიოდის ლიტერატურული ბესტსელერისა „სამხრეთული სპილო“.

როგორც ამბობენ, ფილმში ასახული მოვლენები თბილისში რეალურად განვითარდა, მთავარ გმირს ჰყავს ნამდვილი პროტოტიპი, რომელსაც „შემთხვევით პაემნებში“ ასახული ისტორია გადახდა თავს.

ფილმში მთავარი გმირის მშობლების როლებს ასრულებენ კახი კავსაძე- მამა და მარინა ქარცივაძე - დედა.

იმ ადამიანებს, რომელთაც ახალგაზრდობა 1990-იან წლებში აფხაზეთის კონფლიქტისა და სამოქალაქო ომის დროს გაატარეს, დაკარგულ თაობას უწოდებენ. ფილმის მთავარი გმირებიც სწორედ ამ „დაკარგულ თაობას“ მიეკუთვნებიან.

კითხვები დისკუსიისთვის:

ფილმის დასაწყისში მთავარი გმირებს პაემანზე ვეცნობით, შეგვიძლია ვთქვათ თუ არა, რომ ორმოც წელს მიტანებული ორი მამაკაცი „შემთხვევით პაემნებში“ სიყვარულს ეძებს?

დაახასიათეთ თითოეული პერსონაჟი სანდრო და ივა, როგორია მათი მეგობრობა და ურთიერთდამოკიდებულება?

ფილმის რომელი პერსონაჟია თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი და გამორჩეული?

სანდროს მანანა უყვარს, მოულოდნელად განვითარებული მოვლენების გამო ის უკან იხევს და საკუთარ პოზიციებს ბოლომდე ვერ იცავს? თქვენი აზრით რომ არა ციხიდან გამოსული ქმარი, იბრძოლებდა ის საკუთარი სიყვარულის და პოზიციის დასაცავად?

ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში, კახი კავსაძის პერსონაჟი მთავარ გმირს და მის მეგობარს ეკითხება თუ რა სურთ? თქვენი აზრით, რა სურთ მთავარ გმირებს? რატომ არიან ისინი დროში და სივრცეში დაკარგულებივით და რატომ ვერ ახერხებენ პროფესიულ, სოციალურ რეალიზებას?

რამდენად შეგვიძლია „შემთხვევით პაემნებში“ თაობებს შორის განსხვავებაც დავინახოთ? და კონკრეტულად ფილმის რომელ ეპიზოდებში ჩანს ეს?

ფილმი სულ სხვა ტემპორიტმით და ამბით იწყება, მოულოდნელი დრამატურგიული სვლებით ვითარდება. როგორები არიან გმირები ფილმის დასაწყისში და ფინალში? განვითარებული მოვლენები ცვლის თუ არა მათ პიროვნებას? ეცადეთ ეს საკითხი განიხილოთ თითოეული პერსონაჟის მაგალითზე?

როგორია ფილმის ფინალი? თქვენ რომ რეჟისორი, დრამატურგი იყოთ როგორც შეცვლით მას?

თქვენი აზრით, რამდენად ასახავს ლევან კოღუაშვილის ფილმი დღევანდელ ქართულ რეალობას? რამდენად „ზუსტად“ არიან სხვადასხვა სოციუმის წევრები ფილმში წარმოდგენილი?

როგორია ფილმის სახელწოდების თქვენეული ინტერპრეტაცია?

რა დადებით შინაარსზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება?

ფილმი არის დამაფიქრებელი და ინტერტექსტუალური. სიუჟეტში მოცემულია კარგი ურთიერთქმედება, წარმატების გამოცდილება, ეფექტური თანამშრომლობა და სხვების პატივისცემა.