მარტო სახლში 1
Media Key
06 იან. 2023
9-11
12-14

რვა წლის კევინი ძალიან დიდ ოჯახთან ერთად ცხოვრობს. საშობაოდ მისი ოჯახი სამოგზაუროდ წასვლას გადაწყვეტს, მაგრამ დილით სახლიდან ისე გავლენ, რომ კევინი შემთხვევით სახლში მარტო დარჩება. კევინი შესანიშნავად ართმევს თავს მარტო ცხოვრებას, თუმცა ორი მძარცველი კევინის სახლს თვალს დაადგამს და კევინს უწევს მისი სახლი დაიცვას და ბავშვური ოსტატობა გამოიყენოს იმისთვის, რომ სასცილო მახეები დაუგოს მძარცველებს.

 

საინტერესო ინფორმაცია:

„მარტო სახლში“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საშობაო ფილმია. ფილმის მთავარი თემაა მზადება შობის აღსანიშნავად. მთელი ფილმი საშობაო სულისკვეთებითაა გაჟღენთილი, რომელიც ოჯახზე, ერთიანობაზე, მეგობრობასა და სიყვარულზეა. გმირებმა უნდა გაიარონ გარკვეული განსაცდელი, რათა გაიგონ და რეალურად დააფასონ ის, რაც აქვთ. კევინს ოჯახის გაქრობა სურდა, მეორე დილით კი გაიღვიძა და სახლში მარტო დარჩა. თავიდან ბედნიერი იყო, მაგრამ დღეების გასვლის შემდეგ ყველას დაბრუნება ისურვა და დაჰპირდა კიდეც, რომ არასდროს მოიქცეოდა ცუდად. ფილმის ცენტრალური თემა არის ის, რასაც შობა განასახიერებს - ოჯახი და სიყვარული.

ფილმის ყველაზე საინტერესო და იუმორისტული ნაწილია, როდესაც კევინი უპირისპირდება ჰარისა და მარვს. როგორც ძალიან კრეატიული ბავშვი, კევინი უამრავ ხაფანგს აყენებს სახლსა თუ ეზოში და როდესაც ჰარი და მარვი სახლში შემოდიან, ისინი ებმევიან ამ მახეებში. კევინი მთელ თავის ფანტაზიას იყენებს იმისათვის, რომ მისი სახლი არ გაძარცვონ.

ფილმი გვასწავლის, რომ ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანია მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან რთულია ოჯახის ყველა წევრთან შეწყობა. ოჯახის მნიშვნელობაზე ხაზს უსვამს ფილმის დასასრულიც - ფილმის ბოლო მომენტში კევინი იყურება ფანჯრიდან და ხედავს, რომ მარლი ეხუტება თავის შვილიშვილს და ისევ ხვდება თავის შვილს.

კითხვები დისკუსიისთვის:

ფილმის დასაწყისში კევინის ოჯახი ემზადება საშობაოდ და სახლში სრული აურზაურია. თქვენი ოჯახი როგორ ემზადება ხოლმე ახალი წლისთვის და შობისთვის?

თქვენი აზრით რატომ ისურვა კევინმა, რომ მისი ოჯახის წევრები გამქრალიყვნენ? თქვენ თუ გაგჩენიათ ესეთი სურვილი ოდესმე? თუ კი, რატომ?

თქვენ, რომ დარჩეთ სახლში მარტო, როგორ მოიქცეოდით? კევინის მსგავსად გაართმევდით თავს?

თქვენი აზრით, რატომ ეშინია კევინს მისი მეზობლის მიუხედავად იმისა, რომ არ იცნობს მას? რას ფიქრობთ, შეიძლება ადამიანზე მხოლოდ მის გარეგნობაზე დაყრდნობით მსჯელობა?

როგორ შეაფასებდით ფილმის დასასრულს? რა გასწავლათ ფილმმა?

ფილმში გამოყენებულია ბევრი სარეკლამო ხასიათის კადრი. შეგიძლიათ გაიხსენოთ ისინი? თქვენი აზრით რატომ აჩვენებენ მათ ფილმებში?

 

რა დადებით შინაარსზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება?

ფილმი არის იუმორისტული, ოპტიმისტური და მასში მოცემულია კარგი მისაბაძი მაგალითები. სიუჟეტში ხაზგასმულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ნდობა, მეგობრობა, ოჯახი და სიყვარული.