

ჯ.კ. როულინგის წიგნის განსაცვიფრებელ ეკრანიზაციაში, ჰარი პოტერი მე-11 დაბადების დღეზე გაიგებს, რომ ის ორი ძლიერი ჯადოქრის შვილია და მას აქვს მაგიური ძალა.
ის სასწავლებლად მიდის ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლაში, სადაც იწყება თავგადასავალი - სწავლობს ქვიდიჩის თამაშს, მაგიური ჯოხის ხმარებასა და იძენს მეგობრებს, თუმცა არ იცის როგორი საფრთხე ელოდება წინ. ფილმის დასაწყისში ჰარი იგებს სიმართლეს მისი მშობლების სიკვდილისა და მის შუბლზე არსებული ნაიარევის შესახებ. ჰარი საკმაოდ პოპულარულია ჯადოქრების სამყაროში, თუმცა ამ პოპულარობასთან ერთად, მას ბევრი მტერიც ჰყავს, რომლებთან გამკლავებაც მეგობრების დახმარებით არის შესაძლებელი.
საინტერესო ინფორმაცია:
ფილმი მაყურებელს აცნობს 11 წლის ჰარი პოტერს, მის მეგობრებს რონსა და ჰერმიონს, მის მტერს დრაკოს და ჰოგვორტსის სკოლის სხვადასხვა მასწავლებელს.
ეს არის დინამიური, შედარებით შავ-თეთრი თავგადასავალი ჯადოსნურ სამყაროში ახალგაზრდა მაყურებლისთვის, მაგრამ ის შეიცავს საშიშ სცენებსაც. ფანტასტიკური თავგადასავალი ვითარდება პირქუშ, აკრძალულ ტყეში, სადაც ცხოვრობენ საშიში არსებები და ამაზრზენი გარეგნობის, სამთავიანი ძაღლი. გარდა ამისა, ფილმის გმირებს რამდენჯერმე სიკვდილის საფრთხე ემუქრებათ.
ფილმი მოგვითხრობს და გვასწავლის მეგობრობასა და სიყვარულს; ჰარი ვერ გაუმკლავდება ვერც ერთ დაბრკოლებას მეგობრების გარეშე. ასევე, ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ხშირად შეიძლება მოზარდები მართალი იყვნენ და უფროსები ცდებოდნენ.
ფილმში ასევე, წარმოდგენილი არიან ძლიერი ქალი პერსონაჟები ჰერმიონისა და მაკგონაგელის სახით.
კითხვები დისკუსიისთვის:
წაგიკითხვათ თუ არა წიგნი, რომელზეც ფილმია დაფუძნებული? რა განსხვავებაა ფილმსა და წიგნს შორის? თქვენ რომელი გირჩევნიათ?
რატომ არიან ჰარის ბიძაშვილი, დეიდა და მისი ქმარი ბოროტები ჰარის მიმართ? მაგალითად, რატომ არ სურს ბიძია ვერნონს ჰოგვარტსის წერილი მისცეს ჰარის? თქვენი აზრით, რატომ დაუმალეს ოჯახის წევრებმა ჰარის ჯადოსნური სამყაროს არსებობის შესახებ?
როგორ შეაფასებდით მატარებელში რონისა და ჰერმიონის ქცევას ერთმანეთისა და ჰარის მიმართ?
როგორ შეაფასებდით დრაკოს ქცევას ჰარისა და რონის მიმართ? რატომ იქცევა დრაკო ცუდად?
რატომ სთხოვა ჰარიმ გამანაწილებელ ქუდს გრიფინდორში მოხვედრა? რას ფიქრობთ, გამანაწილებელმა ქუდმა სწორ სახლში გაანაწილა?
როგორ იქცევა რონი ჰერმიონთან მიმართებაში ფილმის დასაწყისში? მოექცეოდით თუ არა მსგავსად თქვენს თანაკლასელს?
ჰერმიონი თავიდან ცოტა უხეშია ჰარისა და რონის მიმართ, თუმცა ფილმის ბოლოს ისინი საუკეთესო მეგობრები ხდებიან. თქვენი აზრით რატომ?
ჰარი აღმოაჩენს, რომ შეუძლია გველებს ესაუბროს. თქვენ რომელ ცხოველთან ისურვებდით მის ენაზე ურთიერთობას?
რა დადებით შინაარსზე არის გამახვილებული ყურადღება?
ფილმში ნაჩვენებია მეგობრებს შორის კარგი ურთიერთდამოკიდებულება და ეფექტური თანამშრომლობის მნიშვნელობა, შეიცავს წარმატების გამოცდილების მაგალითებს. ბავშვებს აძლევს ფანტაზიის განვითარებისა და წარმოსახვის გამდიდრების შესაძლებლობას.