ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები: მეორე ნაწილი
Media Key
19 აპრ. 2022
12-14

ეპიკურ კულმინაციაში ჯადოქრული სამყაროს კეთილ და ბოროტ ძალებს შორის ბრძოლა გადაიზარდა ღია ომში. ახლა უკვე ფსონები უფრო მაღალია, ვიდრე ოდესმე, არავინ არის დაცული.

და სწორედ ჰარის შეიძლება მოუწიოს უდიდესი მსხვერპლის გაღება ვოლდემორის წინააღმდეგ დრამატულ, საბოლოო ბრძოლაში. ყველაფერი აქ მთავრდება.

 

 საინტერესო ინფორმაცია:

ჰარი პოტერის ბოლო წიგნი ფილმის სახით, ორ ნაწილად დაიყო. პოტერის მერვე ფილმი ნაცნობ გმირებს სიკეთესა და ბოროტებას შორის ომში გადაჰყავს. ფილმის ბოლოს ჰოგვარტსის სკოლა გადაიქცა ნამდვილ ბრძოლის ველად, სადაც უამრავი ჯადოსნური არსება ებრძვის ერთმანეთს ან ჰარის, ან ვოლდემორის მხარეს. ბევრი მათგანი იღუპება.

ეს არის ჰარი პოტერის ფილმების კულმინაცია, სადაც კვლავ გრძელდება მეგობრობისა და სიყვარულის თემატიკა; ასევე, ჩანს რწმენისა და ერთგულების მნიშვნელობა.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ვოლდემორი დევნის შერეულსისხლიან და ბინძურსისხლიან ჯადოქრებს, როდესაც იგი თავად არის შერეულსისხლიანი, ხოლო მისი წმინდასისხლიანი მომხრეები მაინც მას ექვენდებარებიან, მიუხედავად იმისა, რომ მათი ლიდერი არის იმის განსახიერება, რასაც ისინი ებრძვიან.

ფილმში საინტერესოდ არის წარმოჩენილი ასევე, სევერუს სნეიპის ქცევა, მისი ერთგულება და სიყვარული. ფილმი გვასწავლის, რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანის ქცევიდან გამომდინარე, შესაძლებელია ვერ მივხვდეთ მის რეალურ მიზნებსა და ზრახვებს.

კითხვები დისკუსიისთვის:

  

რით განსხვავდება ფილმი ორიგინალი წიგნისგან? თქვენი აზრით, რომელია უკეთესი და რატომ?

ფილმი მოგვითხრობს სევერუს სნეიპის ისტორიას. რატომ დარჩა სევერუსი კეთილი მხარის ერთგული? როგორ შეძლო მან ეფექტურად ეთამაში „ორმაგი აგენტის“ როლი?

რომელ ისტორიულ პერსონაჟთან გააიგივებდით ვოლდემორს?

როგორ შეაფასებდით ვოლდემორის, როგორც ქარიზმატული ლიდერის ქცევას? როგორ შეძლო მან თავის მხარეზე მიემხრო წმინდასისხლიანი ჯადოქრები, როდესაც იგი თავად განასახიერებდა იმას, რასაც ისინი ებრძოდნენ?

ფილმის მთავარი თემა სიყვარულის ძალაა. რაში გამოიხატება ეს კონკრეტულად?

როგორ შეაფასებდით ჰარის ბოლო სიტყვებს, როდესაც ის ესაუბრება ალბუს სევერუსს სხვადასხვა სახლში გადანაწილების თაობაზე? მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რომელ სახლში გადაანაწილებს გამანაწილებელი ქუდი?

განვიხილოთ ჰარი პოტერის სერია მთლიანობაში. თქვენი აზრით, რომელი ფილმი იყო საუკეთესო და რატომ?

რა დადებით შინაარსზე არის გამახვილებული ყურადღება:

ფილმი არის დამაფიქრებელი და მასში მოცემულია ბევრი მისაბაძი პიროვნება, როგორებიცაა სევერუს სნეიპი, რემუსი, ჰარი, რონი, ჰერმიონი და ა.შ. ფილმი შეიცავს იუმორისტულ და ოპტიმისტურ მომენტებს.