ComCom-ის ორგანიზებით, მედიაწიგნიერების ექსპერტმა რენე ჰობსმა სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა
30 ოქტ. 2023
775 ნახვა
მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული

კომუნიკაციების კომისიამ, მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, ციფრული და მედიაწიგნიერების განათლების სფეროს წამყვანი საერთაშორისო ექსპერტი, მედიაგანათლების ლაბის დამფუძნებელი და მედიის კვლევებისა და განათლების დარგში 12 წიგნის ავტორი, ამერიკელი პროფესორი რენე ჰობსი, სპეციალური მოწვევით საქართველოში ჩამოიყვანა. ვიზიტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა საჯარო ლექცია, სადაც, რენე ჰობსმა, დამსწრე აუდიტორიას მედიაწიგნიერების მნიშვნელობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრა ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რომელსაც სულ 100-მდე სტუდენტი და დაინტერესებული პირი ესწრებოდა.

ღონისძიება ComCom-ის წევრმა, ნათია კუკულაძემ გახსნა და კომუნიკაციების კომისიის როლზე, მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულის დანიშნულებაზე და საინფორმაციო ეპოქაში მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მისასალმებელი სიტყვით აუდიტორიის წინაშე ასევე თსუ- პრორექტორი, ნინო გვენეტაძე წარსდგა, რომელმაც პროფესორ რენე ჰობსთან შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს საინტერესო დღე უსურვა.

შეხვედრის ფარგლებში, განხილული იყო პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში, დემოკრატიული საზოგადოებისთვის მედიაწიგნიერების მნიშვნელობა, ასევე, ამ მიმართულებით არსებული ტენდენციები და ის გამოწვევები, რომლებიც მედიაწიგნიერების სწავლების კუთხით, მთელს მსოფლიოში არსებობს: ჩვენ ვდგავართ დემოკრატიის და პოლიტიკური პოლარიზაციის გამოწვევების წინაშე, ამიტომაც, გვჭირდება მედიაწიგნიერების სწავლების ახალი გზები, რადგან მედიაწიგნიერება გვიცავს სტერეოტიპებისგან, მანიპულაციისგან, ყალბი ინფორმაციისგან. ის ასევე გვაძლევს საშუალებას გვქონდეს კონტროლი ჩვენს გადაწყვეტილებებზე, რათა გავაკეთოთ სწორი არჩევანი - განაცხადა რენე ჰობსმა.

საჯარო ლექციის დასრულების შემდგომ, მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა, მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ, პროფესორისთვის კითხვები დაესვათ.

მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული კომუნიკაციების კომისიამ 24 ოქტომბერს, ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების ინტეგრირების მიზნით, მასწავლებლებთან შეხვედრით გახსნა. მოგვიანებით, სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა, რაც ლინდა ლიუკასის პედაგოგებთან შეხვედრით, შემდგომ მედიაწიგნიერების გლობალური ჰაკათონით და რენე ჰობსის საჯარო ლექციით გაგრძელდა. მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული 31 ოქტომბერს, შემაჯამებელი კონფერენციით დაიხურება, სადაც მონაწილეობას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს, ევროკავშირის, UNICEF-ისა და მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელი პირები, Ofcom-ის წარმომადგენელთან ერთად მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ ComCom-ის მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული 2021 წელს გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის ფარგლებში ტარდება და საზოგადოებაში მედიაწიგნიერებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ, ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.