ციფრული ემპათია: მედიაწიგნიერება და ემოციური უნარები
04 ივნ. 2026
131 ნახვა

ონლაინ კომუნიკაციის გამოწვევები

ონლაინ სივრცეში წარმოქმნილი კონფლიქტების დიდი ნაწილი მონიტორის მეორე მხარეს მყოფი ადამიანის „უხილავობით არის განპირობებული. პირისპირ ურთიერთობისას კომუნიკაცია ფორმირდება სხვადასხვა მახასიათებლების ერთობლიობით, როგორიცაა სახის გამომეტყველება, ხმის ტონი და მყისიერი უკუკავშირი. სწორედ აღნიშნული მახასიათებლები მართავს მეტწილად ადამიანების ქცევას. საგულისხმოა, რომ ციფრულ გარემოში ასეთი მახასიათებლები ნაკლებად ჩანს და სათანადო უნარების გარეშე ახალგაზრდებს უჭირთ ამ დანაკლისის კომპენსირება, რაც ხშირად კონფლიქტის მიზეზი ხდება (Stehle et.al., 2024; Timilsina, 2025; Council of Europe, 2019).

ონლაინ სივრცეში ადამიანების ქცევითი ცვლილება

ფსიქოლოგიური კვლევები აღნიშნულ ქცევით ცვლილებას ონლაინ დეზინჰიბიციის ეფექტს (online disinhibition effect) უწოდებენ. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ციფრულ გარემოში სოციალური ნორმები და თვითკონტროლი სუსტდება, რაც ადამიანებს უბიძგებს, იმოქმედონ უფრო თავისუფლად, შეუზღუდავად და უკონტროლოდ, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში (Suler, 2004).

აღნიშნული ეფექტი რამდენიმე ფაქტორითაა გამოწვეული:

• აღქმული ანონიმურობა: განცდა, რომ არავინ იცის, ვინ ხარ.

• შემცირებული ხილვადობა: როდესაც ონლაინ სივრცეში ადამიანები ფიზიკურად ვერ გვხედავენ.

• ასინქრონულობა: დაგვიანებული პასუხები, რის გამოც ვერ ვხედავთ ადამიანის მყისიერ რეაქციას.

• შესუსტებული პასუხისმგებლობა: სოციალური ნორმების და პასუხისმგებლობის განცდის შემცირება.

შედეგად, სუსტდება ქცევითი შეზღუდვები და იზრდება იმპულსური ან უფრო მკვეთრი კომუნიკაციის ალბათობა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ინტერაქციებიც, როგორიცაა იუმორისტული ან ირონიული კომენტარები, შეიძლება სწრაფად გადაიზარდოს ბულინგში (ონლაინ ჩაგვრა), გარიყვაში ან რეპუტაციის დაზიანებაში.

რა არის ციფრული ემპათია?

ციფრული ემპათია განიმარტება, როგორც ონლაინ კომუნიკაციის დროს, სხვების ემოციების გაგების, გაზიარებისა და მათზე რეაგირების უნარი.

კვლევები ადასტურებს ზემოაღნიშნული უარყოფითი ხასიათის ინტერაქციების შედეგებს. უარყოფითი ონლაინ გამოცდილება (ბულინგი, შევიწროება,  ჩაგვრა) ახალგაზრდებში ფართოდ არის გავრცელებული და ხშირად, მნიშვნელოვან ემოციურ და სოციალურ გავლენას ახდენს (Kowalski et al., 2014; Livingstone et al., 2021). სწორედ ამიტომ, ციფრული ემპათია არ არის დამატებითი ან არჩევითი უნარი, ის აუცილებელი წინაპირობაა უსაფრთხო ინტერნეტ-გარემოსთვის.

ციფრული ემპათია ნიშნავს თანაგრძნობის უნარის გამოყენებას ციფრულ კომუნიკაცაიში, რომელიც მოიცავს:

  • საკუთარი სიტყვების შესაძლო გავლენის წინასწარ გააზრებას;
  • განსხვავებული აზრის გამოხატვას დეჰუმანიზაციის გარეშე;
  • იმის გაცნობიერებას, რომ სოციალური ნორმები და ეთიკური პასუხისმგებლობა ონლაინ სივრცეშიც არსებობს.

შესაძლებელია თუ არა ემპათიის განვითარება?

სოციალური და ემოციური სწავლების (SEL) სფეროში არსებული კვლევები აჩვენებს, რომ ემპათიის განვითარება შესაძლებელია, როდესაც მას მიზანმიმართულად ვსწავლობთ და პრაქტიკაში ვიყენებთ (Durlak et al., 2011).

ციფრული ემპათია ოთხ ძირითად ემოციურ უნარს ეფუძნება:

  • თვითშემეცნება: იმის გაგება თუ რას ვგრძნობთ
  • თვითმართვა: საკუთარი იმპულსების მართვა/რეგულირება
  • სოციალური ცნობიერება: იმის გააზრება, თუ როგორ აღიქვამს ჩვენს ქცევას სხვა ადამიანი
  • პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილების მიღება

საერთაშორისო ორგანიზაციების დონეზე, როგორც EC და OECD, ციფრული ემპათია და ეთიკური ცნობიერება წარმოადგენს ციფრული მოქალაქეობის ცენტრალურ კომპონენტებს, რომლებიც უკავშირდება ციფრულ გარემოში ღირსების, უფლებებისა და პასუხისმგებლობის საკითხებს (Council of Europe, 2019; OECD, 2021). ასეთი ხედვა, ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ შეზღუდვებზე (“რა არ უნდა გავაკეთოთ”), არამედ ღირებულებებზე დაფუძნებულ ჩართულობაზე (“როგორ ვიმოქმედოთ უფრო პასუხისმგებლიანად და ეთიკურად”).

ციფრულ სამყაროში ემპათიური დამოკიდებულება და ემოციური უნარების განვითარება გვეხმარება, რომ ტექნოლოგიური პროგრესი არა გაუცხოების, არამედ უფრო ჯანსაღი და კონსტრუქციული კომუნიკაციის წყაროდ ვაქციოთ.

პოსტერი - ციფრული ემპათია: სამი რჩევა ჯანსაღი ციფრული გარემოს ჩამოყალიბებისთვის

 

გამოყენებული წყაროები
*Durlak, J. A., Weissberg, R. P., Dymnicki, A. B., Taylor, R. D., & Schellinger, K. B. (2011). The Impact of Enhancing Students’ social and Emotional Learning: A Meta-Analysis of School-Based Universal Interventions. Child Development, 82(1), 405–432. https://doi.org/10.1111/j.1467-8624.2010.01564.x
*Europe, C. O. (2019). Digital Citizenship Education Handbook.
*Kowalski, R. M., Giumetti, G. W., Schroeder, A. N., & Lattanner, M. R. (2014). Bullying in the digital age: A critical review and meta-analysis of cyberbullying research among youth. Psychological Bulletin, 140(4), 1073–1137. https://doi.org/10.1037/a0035618
*Livingstone, S., Stoilova, M., & Kelly, A. (2021). The classifying online risks to children framework.LSE / EU Kids Online. https://www.lse.ac.uk/media-and-communications/assets/documents/research/projects/eu-kids-online/reports/Classifying-online-risks-to-children.pdf
*OECD. (2021). 21st-Century readers. In Programme for international student assessment/Internationale Schulleistungsstudie. https://doi.org/10.1787/a83d84cb-en
*Stehle, H., Bock, A., Wilhelm, C., Springer, N., Mahrt, M., Lobinger, K., ... & Brantner, C. (2024). In/visibility in the digital age: A literature review from a communication studies perspective. International Journal of Communication18, 23-23.
*Suler, J. (2004). The online disinhibition effect. CyberPsychology & Behavior, 7(3), 321–326. https://doi.org/10.1089/1094931041291295
*The Common Sense Census: Media Use by tweens and Teens, 2021. (n.d.). Common Sense Media. https://www.commonsensemedia.org/research/the-common-sense-census-media-use-by-tweens-and-teens-2021
*Timilsina, B. (2025). Beyond the Screen: Re-evaluating Non-Verbal cues in Digital-Age Communication. AWADHARANA, 9(1), 104–114. https://doi.org/10.3126/awadharana.v9i1.86198
*UNESCO. (2021). Media and information literacy curriculum for educators and learners.

https://unesdoc.unesco.org/ark:/48223/pf0000377068