თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, სადაც ინფორმაციის გავრცელება წამში ხდება, მისი სანდოობის შეფასება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. დეზინფორმაციის, პროპაგანდისა და მანიპულაციურიინფორმაციის პირობებში, თითოეულ მოქალაქეს ესაჭიროება პრაქტიკული უნარები იმისთვის, რომ სანდო და არასანდო ინფორმაცია ერთმანეთისგან განასხვავოს. სტატიაში განხილულია რამდენიმე ეფექტური მეთოდი, რომლებიც ამ მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.
1. მიკერძოებისა და კონტექსტის ანალიზი ყველა ინფორმაცია გარკვეულწილად სუბიექტურია, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში ის თვალსაჩინოდ მიკერძოებულია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, გამოყენებული ტერმინოლოგიის კრიტიკულად შეფასება და იმის დადგენა, ემსახურება თუ არა შინაარსი კონკრეტულ პოლიტიკურ, კომერციულ ან იდეოლოგიურ მიზნებს. ამის გარდა, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, რომ ყალბი ცნობები ხშირად კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფაქტებს ეფუძნება, ამიტომ მნიშვნელოვანია დამატებითი ინფორმაციის მოძიება, რომელიც საერთო ჯამში, მოვლენას სრულ სურათში წარმოაჩენს.
2. წყაროს სანდოობის გადამოწმება ინფორმაციის სანდოობა მჭიდროდ უკავშირდება წყაროს ავტორიტეტს და რეპუტაციას. სანდო წყაროები, როგორც წესი, ემყარება ღია მონაცემებს, სამეცნიერო კვლევებს ან ოფიციალურ უწყებებს. თუ წყარო ნაკლებად ცნობილია, მნიშვნელოვანია, მისი ისტორიისა და დამატებითი წყაროების შესწავლა. საგულისხმოა, რომ როდესაც ინფორმაცია მხოლოდ ერთ წყაროზეა დაფუძნებული და არ დასტურდება სხვა ავტორიტეტული წყაროების მიერ, შესაძლოა, საქმე გვქონდეს ყალბ ან გადაუმოწმებელ ინფორმაციასთან.
3. ავტორის კომპეტენცია ინფორმაციის სანდოობის შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ავტორის კომპეტენციაა. აუცილებელია იმის გარკვევა, თუ ვინ არის ინფორმაციის ავტორი და რამდენად გამოცდილია ის მოცემულ საკითხში. ავტორის პროფესიული პროფილის გადამოწმება შესაძლებელია ისეთი პროფესიული პლატფორმების საშუალებით, როგორიცაა “LinkedIn” ან ალტერნატიული წყაროების გამოყენებით.
4. დროის შესაბამისობა შესაძლოა, ინფორმაცია წარსულ რეალობას ასახავდეს და მიმდინარე კონტექსტში არ იყოს რელევანტური. შესაბამისად, ყოველთვის მიზანშეწონილია ინფორმაციის გამოქვეყნების თარიღის გადამოწმება.