მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირება
20 სექ. 2023
მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირება

კომუნიკაციების კომისიამ,  გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით განახორციელდა  პროექტი, რომელიც გულისხმობს მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირებას.

პროექტი, რომელიც სამ ეტაპად განხორციელდა, მოიცავს სკოლებში მედიაწიგნიერების საჭიროებების კვლევასა და შეფასებას. კვლევის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით განხორციელდა 1500 მოსწავლისა და 500 მასწავლებლის გამოკითხვა, რათა შეფასებულიყო მათი საჭიროებები, კომპეტენციები და მზაობა მედიაწიგნიერების მიმართულებით.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, მედიაწიგნიერების ექსპერტების ჩართულობით, ზოგადი განათლების საშუალო საფეხურისთვის (X-XII კლასები) შეიქმნა მედიაწიგნიერების საგანმანათლებლო სტანდარტი, სტანდარტზე დაფუძნებული სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის - „მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ და გადამზადების მოდული. სახელმძღვანელოში განხილულია ისეთი თემები, როგორებიცაა: მედიაწიგნიერების რაობა, მედიისა და ინფორმაციის ენა, ინფორმაციის დამუშავებისა და დეზინფორმაციის, კიბერბულინგისა და მედიაწიგნიერების საკვანძო პრინციპები. ასევე, სახელმძღვანელო გაჯერებულია კომპლექსური დავალებებით, რაც მასწავლებლებს სწავლების პროცესში დაეხმარებათ.

მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტი ითვალისწინებს მასწავლებლების მედიაწიგნიერების კომპეტენციების ამაღლებას. გადამზადების მსურველ პედაგოგთა მაღალი დაინტერესების გამო, 2024 წელს კომუნიკაციბის კომისიამ 1000 მასწავლებელი გადაამზადა, ხოლო მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა (TPDC) და გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ჯამში 2300 მასწავლებელია გადამზადებული მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ასევე, მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების ხელშეწყობისა და მედიაწიგნიერების საგნის და შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსების გაცნობის მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 300-ზე მეტ სკოლის დირექტორთან გამართა შეხვედრა.

მედიაწიგნიერება, როგორც გამჭოლი კომპეტენცია, 2018 წლიდან მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმით სხვადასხვა საგანშია ინტეგრირებული. თუმცა, კომუნიკაციების კომისიის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, 2024-2025 სასწავლო წელს მედიაწიგნიერება, როგორც ცალკე, არჩევითი საგანი 227 სკოლაში ისწავლება, საიდანაც 90% რეგიონებიდან არის.  საგულისხმოა, რომ გადამზადებულ მასწავებელთა უმრავლესობა მედიაწიგნიერების საკუთარ საგანში ინტეგრირებას ახდენს.

სახელმძღვანელოს ონლაინ ვერსია განთავსებულია მედიაწიგნიერების ვებ გვერდზე:

„მედიაწიგნიერების გაკვეთილები“