FOMO: ჩვენი დამოკიდებულება სოციალურ მედიასთან
07 აგვ. 2023
1478 ნახვა

წარმოიდგინეთ, რომ შედიხართ სოციალური მედიის გვერდზე და ხედავთ თქვენი მეგობრების წვეულებაზე გადაღებულ ფოტოსურათს. ჩამოსქროლვის შემდეგ კი, სხვა მეგობრის სანაპიროზე გადაღებულ ვიდეოს აწყდებით. ასევე, ზოგიერთი თქვენი მეგობარი აქტიურად განიხილავს ახალ ფილმს, რომელიც თქვენ ჯერ არ გინახავთ. ამ ყველაფრის ნახვის შემდეგ, შესაძლოა გაგიჩნდეთ შიშის შეგრძნება, რომ მნიშვნელოვანი ამბები გამოტოვეთ, რასაც FOMO (fear of missing out) ეწოდება.

FOMO არის შფოთვა, რომ რაღაც საინტერესო და მნიშვნელოვანი ხდება ჩვენ გარშემო, რომლის ნაწილიც ჩვენ არ ვართ. ასეთი შეგრძნება კაცობრიობისთვის უცხო არ არის. თუმცა, დღეს მის გააქტიურებას სოციალურ მედიაზე განთავსებული პოსტების სიუხვეც განაპირობებს.

სოციალური მედია მყისიერ წვდომას გვაძლევს ჩვენი მეგობრების ადგილმდებარეობისა და საქმიანობის შესახებ. ეს შესაძლოა კარგიც იყოს, მაგრამ ასევე გვიბიძგებს ჩვენი და სხვების ცხოვრების ერთმანეთისათვის შედარებისაკენ, რამაც შესაძლოა  ჩვენი თავდაჯერებულობის შერყევა გამოიწვიოს და თავი არასაკმარისად გვაგრძნობინოს. იმ დონემდეც შეიძლება მივიდეთ, რომ შიში მუდმივად თან გვდევდეს მიუხედავად იმისა, ონლაინ ვართ თუ არა.

ამდენად, როგორ გავუმკლავდეთ FOMO-? ამ კითხვის გაგონებისას, პირველი, რაც თავში შეიძლება მოგვივიდეს, მარტივი პასუხია - შევწყვიტოთ სოციალური მედიის გამოყენება, მაგრამ ეს არ არის პრაქტიკული გამოსავალი მრავალი ადამიანისთვის. ნაცვლად ამისა, შეგიძლიათ შეზღუდოთ თქვენ მიერ სოციალური მედიის გამოყენების დრო, ან რამდენიმე დღე დაისვენოთ მისგან. ამან შეიძლება მოგცეთ შანსი, ყურადღება გაამახვილოთ თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვან ასპექტებზე და ისე ისიამოვნოთ ყოველდღიურობით, რომ სხვების ცხოვრებას არ შეადაროთ იგი.

ასევე, შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი დამოკიდებულება სოციალური მედიის მიმართ. ხშირად, ჩვენი მეგობრების ცხოვრება შთამბეჭდავად გამოიყურება ონლაინ. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სოციალური მედია უმეტესად სულაც არ ასახავს რეალურ ცხოვრებას. არამედ, მხოლოდ განსაკუთრებულ მოვლენებს წარმოაჩენს, რითაც საკუთარი ონლაინ იდენტობის შექმნას ვცდილობთ.

ადვილია ასეთი გამორჩეული მოვლენების დანახვა და იმის წარმოდგენა, რომ თქვენი ცხოვრება ნაკლებად საინტერესოა, ვიდრე თქვენი მეგობრების. თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ სცენის მიღმა ხშირად ნეგატიური გამოცდილებები და მოსაწყენი ყოველდღიური რუტინა დგას. მათ შეიძლება რაიმე არაჩვეულებრივი გააზიარონ, თუმცა ეს მათი დღის მხოლოდ მცირე ფრაგმენტია. მაღალია შანსი იმისა, რომ როდესაც თქვენი მეგობრები რაღაც შთამბეჭდავს არ აკეთებენ, ისინიც ისევე განიცდიან FOMO-, როგორც თქვენ.

წყარო: https://edu.gcfglobal.org/en/digital-media-literacy/fomo-our-relationship-with-social-media/1/