კომუნიკაციების კომისიამ ევროკავშირის მხარდაჭერით დეზინფორმაციასთან გამკლავებაში უკვე 100-ზე მეტი პედაგოგი გადაამზადა
24 აგვ. 2021
1467 ნახვა
დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა

კომუნიკაციების კომისიამ ევროკავშირის მხარდაჭერით დეზინფორმაციასთან გამკლავებაში 3 აგვისტოდან უკვე 100-ზე მეტი პედაგოგი გადაამზადა. ტრენინგები მაღალი ჩართულობით მიმდინარეობს და სამი თვის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტ მასწავლებელს ჩაუტარდება. ქვემო ქართლის, იმერეთის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და თბილისის საჯარო სკოლისა და პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯის მასწავლებლები უკვე გადამზადდნენ. თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ხონი, ჭიათურა, საჩხერე, ვანი, გურნი, ჭორვილა, ბათუმი, ქობულეთი, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური, ხულო, თერჯოლა, ჭიათურა, ვანი, ხარაგაული, ბაღდათი, ტყიბული, ქუთაისი, მესტია, უშგული, ზუგდიდი, წალენჯიხა, მარტვილი, აბაშა, ხობი - ეს ის ქალაქები და სოფლებია, სადაც სერტიფიცირებული ტრენინგები უკვე ჩატარდა.

კრიტიკული აზროვნება, დეზინფორმაციის იდენტიფიცირების სხვადასხვა ხერხი და ინფორმაციის ვალიდაციის მეთოდები - ამ საკითხებს პედაგოგები მოწვეული ექსპერტების მიერ შემუშავებული შემოქმედებითი და ინტერაქტიული საგანმანათლებლო მოდულის მიხედვით სწავლობენ.

სასწავლო სემინარის ფარგლებში, პედაგოგები ასევე იღებენ ცოდნას დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის ნეგატიური ზეგავლენისა და მათგან თავის დაცვის მექანიზმების შესახებ. ისინი ასევე ეცნობიან პრაქტიკულ მეთოდებს, თუ როგორ უნდა ამოიცნონ დეზინფორმაცია მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების გამოყენებით და იღებენ ამომწურავ ინფორმაციას ევროპული ღირებულებებისა და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისია ევროკავშირთან ერთად ახორციელებს პროექტს „დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა: კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლებში“. პროექტის ფარგლებში 500-ზე მეტი პედაგოგი გადამზადდება. ტრენინგები კი სამი თვის განმავლობაში,  თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ჩატარდება.