ყალბი ინფორმაცია შეიძლება მრავალი განსხვავებული ფორმით შეგვხვდეს. ყველაზე გავრცელებულია შემდეგი 7 სახეობა:
1. სატირა ან პაროდია
იყენებს იუმორს ან გაზვიადებას პიროვნების, ორგანიზაციის ან პოლიტიკის კრიტიკისა ან დაცინვის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ სატირა ან პაროდია ხელოვნების ფორმებადაც განიხილება, ისინი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ჭორებისა და შეთქმულების განზრახ გასავრცელებლად. თანაც, მათი მისამართით ბრალდების წაყენება ბევრად რთულია, მათი არასერიოზული ხასიათიდან გამომდინარე. ასევე, ყალბი ინფორმაციის გავრცელების აღნიშნული ფორმა უფრო ადვილად შეიძლება გავრცელდეს ან დამახინჯდეს.
2. ცრუ კავშირი
ცრუ კავშირი ეწოდება ინფორმაციას, რომლის სათაური ან ვიზუალური მასალა შეუსაბამობაშია მის შინაარსთან. ერთი შეხედვით, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ცრუ კავშირები, როგორიცაა სატყუარა სათაურები, მხოლოდ ჩვენს გაღიზიანებას იწვევს და ზიანს არ გვაყენებს. რეალურად კი, ამ პრაქტიკამ შეიძლება საზოგადოებას მედიისადმი ნდობა დააკარგვინოს და პოლარიზაცია წაახალისოს.
3. შეცდომაში შემყვანი შინაარსი
შეცდომაში შემყვანი ეწოდება ინფორმაციას, რომელიც გამოიყენება საკითხის ან პიროვნების შესახებ კონკრეტული წარმოდგენის შესაქმნელად. ეს შეიძლება იყოს ფოტოების ამოჭრა ან მიზნობრივად შერჩეული ციტატებისა და სტატისტიკის ფრაგმენტების წარმოდგენა არგუმენტის გასამყარებლად. მიუხედავად იმისა, რომ ამ სახის ყალბი ინფორმაცია ხშირად გვხვდება, მისი ამოცნობა მოითხოვს გარკვეულ ცოდნას, კვლევას და წყაროების გადამოწმებას.
4. ცრუ კონტექსტი
ჭეშმარიტი შინაარსის (მაგალითად, სურათის ან ციტატის) წარმოდგენა მცდარ კონტექსტში მისი მნიშვნელობის შესაცვლელად ყალბი ინფორმაციის კიდევ ერთი ფორმაა. ყალბი ინფორმაციის ეს სახეობაც საკმაოდ სახიფათოა, ვინაიან კონტექსტისაგან განსხვავებით, გამოყენებული შინაარსი სიმართლეს შეესაბამება და მისი ნამდვილობის უარყოფა შეუძლებელია.
5. განსახიერებული შინაარსი
ყალბი ინფორმაციის ეს ფორმა სარგებლობს თქვენი ნდობით კონკრეტული ორგანიზაციის, პიროვნების ან ბრენდის მიმართ და მათი სახელის გამოყენებით ცდილობს თქვენს მოტყუებას. ფიშინგის/Phishing (ფულის ან იდენტობის მითვისების მიზნით პირადი ინფორმაციის გამოძალვა) და სმიშინგის/Smishing (ფიშინგი სატელეფონო შეტყობინებების მეშვეობით) მრავალი შემთხვევა სწორედ რომელიმე ცნობილი ბრენდის ლოგოს ან სახელის გამოყენებით ხდება, რათა შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ ლეგიტიმურ ინფორმაციას/პროდუქტს იღებთ. ამდენად, როგორც კი ყურადღებას მოადუნებთ, შესაძლოა ასეთი მანიპულაციის მსხვერპლი გახდეთ.
6. შეცვლილი შინაარსი
შეცვლილი შინაარსის მაგალითია ჭეშმარიტი ინფორმაციის ან გამოსახულების გარდაქმნა საზოგადოებაზე ზემოქმედების მიზნით. ჩვეულებრივ, ეს ვრცელდება ფოტოებსა და ვიდეოებზე, რომლებიც ისეა შეცვლილი, რომ საკმარისად რეალური ჩანდეს, მაგრამ წარმოდგენილი მნიშვნელობა საწყისი დატვირთვისგან განსხვავდება.
7. გაყალბებული შინაარსი
დაბოლოს, შინაარსი შესაძლოა 100%-ით ყალბი იყოს. ამ შემთხვევაში, შემქმნელის ფანტაზიის არეალი შეუზღუდავია, რაც შეუიარაღებელი თვალით რეალური და გამოგონილი შინაარსის გარჩევას უკიდურესად ართულებს. ამის ერთ-ერთი მაგალითია „დიპფეიკ“ (Deepfake) გამოსახულება ან ვიდეო- და აუდიოჩანაწერი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ნაყოფია და მისი რეალურისგან გარჩევა ხშირად შეუძლებელია.
წყარო: https://commonslibrary.org/disinformation-and-7-common-forms-of-information-disorder/