მშობლების დილემა ციფრულ სამყაროში: აკრძალვა თუ განათლება? - UNESCO-ს ახალი გლობალური ინიციატივა
07 ოქტ. 2025
46 ნახვა

დღესდღეობით, სმარტფონები და სოციალური ქსელები ადამიანების ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მრავალ სარგებელს გვთავაზობენ, ბოლო წლებში განსაკუთრებით გააქტიურდა დისკუსია - უნდა შეიზღუდოს თუ არა მათი გამოყენება ბავშვებსა და სკოლებში. აქტუალობა სწორედ იმ ფაქტორმა გააძლიერა, რომ ბავშვები და მოზარდები დიდ დროს ატარებენ ინტერნეტსა და სოციალურ მედიაში, რაც აჩენს დილემას: ავუკრძალოთ მათ ეს პლატფორმები თუ ვასწავლოთ თვითკონტროლი და ავამაღლოთ მათი ცნობიერება ციფრულ სივრცეში არსებული საფრთხეების მიმართ?

სწორედ აღნიშნული დისკუსიის საპასუხოდ, UNESCO-მ “მედია და ინფორმაციული წიგნიერების ცენტრთან” (CLEMI – Centre pour l’éducation aux médias et à l’information) ერთად, 2025 წლის 25 სექტემბერს პარიზში გამართა საჯარო ღონისძიება „სწავლება თუ აკრძალვა: გამოსავალი ჩიხიდან“ (“To Educate or to Ban: Breaking the Impasse”). ღონისძიებაზე დაანონსდა ახალი გლობალური ინიციატივა - სპეციალური სახელმძღვანელოს შექმნა, რომელიც მშობლებისა და ოჯახების მხარდაჭერას ისახავს მიზნად იმ გამოწვევებთან გამკლავებისთვის, რაც ციფრულ გარემოში ბავშვების აღზრდას ახლავს თან. ინიციატივა ეფუძნება ხედვას, რომლის მიხედვითაც პრობლემის გადაჭრა მხოლოდ აკრძალვით ვერ მიიღწევა და აუცილებელია მშობლების, სახელმწიფოსა და სკოლების ერთობლივი ძალისხმევა.

ღონისძიების პროგრამა მოიცავდა Netflix-ის სერიალ „მოზარდობის“ (“Adolescence”) ამონარიდების ჩვენებას და ექსპერტებთან განხილვას იმ სირთულეებზე, რასაც თანამედროვე ოჯახები აწყდებიან. იქვე გაიმართა პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ მშობლები, ახალგაზრდები, განათლების სფეროს სპეციალისტები და ციფრული პოლიტიკის ექსპერტები.  დისკუსიის მთავარი თემები იყო: ონლაინ თავისუფლება VS ბავშვის კეთილდღეობა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა VS უსაფრთხოება და აკრძალვა VS განათლება.

წყარო: https://www.unesco.org/en/articles/educate-or-ban-breaking-impasse-unescos-new-initiative-parenting-digital-age