ევროკომისიამ გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც 27 წევრ ქვეყანაში 39 000-ზე მეტი რესპონდენტის (13-18 წლის მოზარდები და მათი მშობლები) მონაწილეობით ახალგაზრდების მენტალურ ჯანმრთელობაზე ჭარბი ეკრანული დროისა და სოციალური მედიის გავლენას შეისწავლის.
კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ევროკავშირში მცხოვრები ახალგაზრდები ონლაინ სივრცეში სასწავლო დღეებში საშუალოდ 4.5 საათს ატარებენ, ხოლო უქმეებზე ეს მაჩვენებელი 6 საათს აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ ციფრული აქტივობის ხარისხი და ხანგრძლივობა საგრძნობლად განსხვავდება წევრ სახელმწიფოებს შორისაც.
ხაზგასმულია, რომ სოციალური მედიის მოხმარების დაწყების ასაკი ეკრანთან გატარებული დროის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული განმსაზღვრელი ფაქტორია. ახალგაზრდები, რომლებმაც სოციალური მედიის გამოყენება 10 წლამდე დაიწყეს, უქმე დღეებში ეკრანთან საშუალოდ 7.5 საათს ატარებენ, მაშინ როდესაც მოზარდები, რომლებმაც სოციალური მედიის გამოყენება 14 წლის შემდეგ დაიწყეს, ეკრანთან საშუალოდ 5.7 საათს ატარებენ.
გავლენა მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე
გამოკითხულ მშობელთა უმრავლესობა (50%-ზე მეტი) მიიჩნევს, რომ ეკრანები უარყოფით გავლენას ახდენს ახალგაზრდების ცხოვრებაზე, ხოლო 36% დარწმუნებულია, რომ სოციალური მედია პირდაპირ აზიანებს ბავშვთა მენტალურ ჯანმრთელობას. ამას მოზარდების მონაცემებიც ადასტურებს:
● ფიზიკური სიმპტომები: 10-დან 9 მოზარდი აღნიშნავს თვალების დაღლას, თავის ტკივილს, კონცენტრაციის სირთულეს ან არაჯანსაღ კვებას.
● ფსიქო-ემოციური წნეხი: თითქმის ყოველი მესამე მოზარდი აღნიშნავს, რომ სოციალური მედიის გამოყენების გამო განუცდია სტრესი, სევდა ან სოციალური გარიყულობის განცდა.
ონლაინ რისკები და განსაკუთრებული ზიანი (Severe Harms)
ბოლო 3 თვის განმავლობაში მოზარდების 90%-ს ინტერნეტში ერთხელ მაინც შეხვედრია მავნე შინაარსის შემცველი მასალა (AI-თ გენერირებული მანიპულაცია — 39%, დეზინფორმაცია — 35%). გარდა ამისა, ციფრული გარემო გაჯერებულია კომერციული და სოციალური ზეწოლის სხვადასხვა მექანიზმით, რაც დამატებით რისკ-ფაქტორებს ქმნის:
● აზარტული თამაშების პოპულარიზაცია - 28%;
● სიძულვილის ენის შემცველი შინაარსები - 25%;
● არაჯანსაღი პროდუქტების რეკლამირება - 25%;
● ზეგავლენა სამომხმარებლო არჩევანზე / შესყიდვებზე - 24%.
ონლაინ სივრცეში ახალგაზრდები ასევე აწყდებიან ისეთ შემთხვევებს, რომლებიც მათ განსაკუთრებულ ზიანს (severe interpersonal harms) აყენებს, მათ შორის:
● ძალადობრივი შინაარსის: არასასურველი ძალადობრივი მასალების ნახვა - 19%;
● სექსუალური შინაარსის: შეუსაბამო სექსუალური შინაარსის მასალების ნახვა - 18%;
● კიბერბულინგი: ონლაინ შევიწროება და ჩაგვრა - 17%;
● ინტიმური ფოტოების გაზიარებისკენ მიმართული ორმხრივი ან ცალმხრივი ზეწოლა - 10%.
აღნიშნული საფრთხეების მიმართ ყველაზე მოწყვლადები ინტერნეტის აქტიური (ინტენსიური) მომხმარებლები და ის ახალგაზრდები არიან, რომლებმაც სოციალური ქსელების გამოყენება ადრეულ ასაკში დაიწყეს.
პრევენციული მექანიზმები და მშობელთა მიდგომები
მშობლების 54% მხარს უჭერს პლატფორმებზე დამატებითი ასაკობრივი შეზღუდვების დაწესებას. ბავშვების დასაცავად ისინი ძირითადად აქტიურ დიალოგს მიმართავენ (ხოლო პროფესიულ დახმარებას — მხოლოდ 9%). აღნიშნულის პარალელურად, მშობლები აგრეთბე მიმართავენ შემდეგ ზომებს:
● 41% — აწესებენ ლიმიტს ინტერნეტ სივრცეში გატარებულ დროზე;
● 40% — ახალისებენ სოციალური მედიიდან პერიოდულ, ხანგრძლივ შესვენებებს;
● 33% — იყენებენ ეკრანული დროის მართვის სპეციალურ ციფრულ ინსტრუმენტებს (Screen Time Tools);
● 20% — მიმართავენ კონკრეტული აპლიკაციების წაშლას;
● 18% — ახდენენ მავნე შინაარსების/მასალების იდენტიფიცირებას და ციფრულ
პლატფორმებზე მის რეპორტინგს (ინფორმირებას).






