ფილმის კულტურა და მედიაწიგნიერება
28 აპრ. 2026
56 ნახვა
მედიაწიგნიერება საქართველოში

ფილმების ყურებისა და ანალიზის კულტურა აყალიბებს მნიშვნელოვან ინტელექტუალურ ჩვევებს და გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ვხედავთ და აღვიქვავთ სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ რეალობას. მიუხედავად იმისა, რომ განათლების პოლიტიკის დოკუმენტები ხშირად ციფრულ უნარებზე ამახვილებს ყურადღებას, კინოსა და აუდიოვიზუალური მედიის როლი კრიტიკული აზროვნებისა და მედიაწიგნიერების განვითარებაში არანაკლებ მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ფილმებისა და მოკლე აუდიოვიზუალური მასალების მიზნობრივი გამოყენება, როგორც კლასში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ხშირად განიხილება, როგორც მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების გაძლიერების ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალება, რომელიც მსჯელობისა და მოქალაქეობრივი თვითრეფლექციის განვითარებასაც უწყობს ხელს (Jeong, Cho, & Hwang, 2012).

ფილმის გრამატიკა და კრიტიკული ხედვა

აუდიოვიზუალური თხრობა აერთიანებს კოგნიტურ და ემოციურ ჩართულობას  და ავითარებს შესაბამის უნარებს. ფილმი მაყურებელთან კომუნიკაციას ამყარებს ვიზუალური კომპოზიციით, ხმის დიზაინითა და ნარატიული სტრუქტურით. ხოლო მათი ერთობლიობა, ფილმში გადმოცემულ კომპლექსურ იდეებს უფრო გასაგებს ხდის; მაყურებელთან ემოციური კავშირის დამყარების მიზნით კონკრეტულ სოციალურ კონტექსტში ათავსებს, რაც ინტერპრეტაციასა და დისკუსიასაც უწყობს ხელს. ამავდროულად, ზოგჯერ ნარატივის გავლენა იმდენად ძლიერია, რომ მაყურებლის თვალში იფარება ზღვარი რეალობასა და ფიქციას შორის. შესაბამისად, სულ უფრო რთული ხდება მანიპულაციური, მიკერძოებული და სუბლიმინური (ქვეცნობიერი) გზავნილების ამოცნობა. ამ კონტექსტში, კიდევ უფრო ცხადად ჩანს მედიაწიგნიერების უნარების საჭიროება, მათ შორის იმ ტექნიკებისა და ნარატიული ხერხების ცოდნა და გააზრება, რომლებიც ფართოდ გამოიყენება ფილმის ინდუსტრიასა და აუდიოვიზუალურ მედიაში (Green & Brock, 2000; Moyer-Gusé & Nabi, 2009).

ევროპული საგანმანათლებლო პრაქტიკა  მიუთითებს, რომ აუდიოვიზუალური მასალების სწავლის პროცესში ინტეგრირება ხელს უწყობს ანალიტიკური აზროვნების განვითარებას და აძლიერებს მედიაწიგნიერების კრიტიკულ უნარებს (Media & Learning Association, 2025; Marsh & Bearne, 2008). ამ მოსაზრებას ემპირიული კვლევებიც ამყარებს: როდესაც მოსწავლეები სწავლობენ კადრის აგების და მონტაჟის, სცენის სიმბოლიკისა და ნარატიული სტრუქტურის გაანალიზებას, ისინი უკეთ აცნობიერებენ მედია გზავნილების რეალურ დატვირთვას (Camarero et al., 2016; Bazalgette, 2010). ფილმის „გრამატიკის გააზრებით მათი ყურადღება, ზედაპირული განხილვიდან, გადადის სიღრმისეულ ინტერპრეტაციაში, რაც ხელს უწყობს გააზრებული კითხვების დასმას, მაგალითად: რას გვაჩვენებს ფილმი გამიზნულად? რას ტოვებს კადრს მიღმა? რა მიზნით?(Hobbs, 2010).

მსგავსი მიდგომები გვხვდება უმაღლესი განათლების კონტექსტშიც: პრაქტიკული კინოწარმოების შერწყმა სტრუქტურირებულ კრიტიკულ რეფლექსიასთან შესაძლოა ქმნიდეს წინაპირობას, უფრო სოციალურად მგრძნობიარე და ინკლუზიური მედიის შესაქმნელად (Romero Walker, 2022). ამგვარად, ტექნიკური კომპეტენციები ერთიანდება ანალიტიკურ და ეთიკურ ცნობიერებასთან. პარალელურად, ხშირად განიხილება, რომ კოლაბორაციული კინოპროექტები ავითარებს გამჭოლ კომპეტენციებს, როგორც მაგალითად თანამშრომლობა, დაგეგმვა, შემოქმედებითი გადაწყვეტილებების მიღება და პრობლემების გადაჭრა (Oliveira da Silva Filho et al., 2022; Camarero et al., 2016). შედეგად, სტუდენტები პასიური მომხმარებლებისგან აქტიურ შემქმნელებად ყალიბდებიან.

კულტურული ცნობიერება და თვითგამოხატვის წახალისება

Fan Yang (2020) აღნიშნავს, რომ მედიაწიგნიერების სწავლება ფილმის მეშვეობით ამდიდრებს მოსწავლეთა კულტურულ და მხატვრულ ცნობიერებას. აუდიოვიზუალური ნარატივები, რომლებიც სხვადასხვა ეპოქას, საზოგადოებასა და ისტორიულ გამოცდილებას ასახავს, ხელს უწყობს კულტურული მსოფლმხედველობის გაფართოებას და სამყაროს მრავალფეროვანი პერსპექტივით აღქმას.

ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დოკუმენტური ფილმის ჟანრს, რომელიც მედიაწიგნიერების ეფექტიან ინსტრუმენტად მიიჩნევა. Sérgio Rizzo (2025) დოკუმენტურ ფილმს აღწერს როგორც „ღია სივრცეს სხვადასხვა ჟანრისა და სტილისთვის, რომელიც მოსწავლეებს ექსპერიმენტირებისა და წინასწარი (მიკერძოებული) წარმოდგენების გადახედვისკენ უბიძგებს. César (2018) აღწერს ბრაზილიურ პრაქტიკას, სადაც მოსწავლეებმა სმარტფონების გამოყენებით ადგილობრივი ისტორიის შესახებ 87 მოკლე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს; ამ პროცესმა ახალგაზრდებს საკუთარი კულტურის ახლებური გააზრების შესაძლებლობა მისცა.

კულტურული პერსპექტივის პარალელურად, ფილმები მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს სოციალური საკითხებისა და ღირებულებების შესასწავლად. კვლევები მიუთითებს, რომ ფილმი ხელს უწყობს ჰუმანური ღირებულებების განვითარებას და ინტერკულტურულ პრაქტიკას. პერსონაჟების ფსიქოტიპებისა და ურთიერთობების განხილვა მოსწავლეებს ეხმარება ეთიკური მსჯელობის, ემპათიისა და საკუთარი პოზიციის გააზრებულად ჩამოყალიბებაში, რაც თვითგამოხატვისა და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების საფუძველს ქმნის (César, 2018; Yang, 2020).

გლობალური ინსტიტუციური მიდგომა

ინსტიტუციურ დონეზე UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების სასწავლო ჩარჩო განიხილავს მედია განათლებას, როგორც სტრუქტურირებულ საფუძველს, რომელიც მოსწავლეებს ეხმარება მედია გზავნილებისა და მათი ფართო საინფორმაციო გარემოს კრიტიკულად შეფასებაში. ეს პოლიტიკის ჩარჩო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მასწავლებელთა მომზადებასა და მედიის სხვადასხვა ფორმის ურთიერთქმედებას (UNESCO, 2011). ამ კონტექსტში, კინოგანათლებას ცხადი ადგილი უჭირავს: როგორც აღნიშნავს Bazalgette (2010), კინოგანათლება მედიაწიგნიერების ერთერთი ცენტრალური კომპონენტია მისი ნარატიული კომპლექსურობისა და ფართო კულტურული გავლენის კუთხით.

ევროპის საბჭოს უახლესი გაიდი ეროვნულ მედია და ინფორმაციული წიგნიერების სტრატეგიებზე, ანალოგიურად მოიხსენიებს მედია და ინფორმაციულ წიგნიერებას, როგორც ჰოლისტურ (ინკლუზიურ) კომპეტენციას (Council of Europe, 2025). აღნიშნული მიდგომა მედიაწიგნიერებას უკავშირებს დემოკრატიულ მდგრადობასაც, მათ შორის პროპაგანდის, დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის ამოცნობის უნარს, რაც ფილმებზე დაფუძნებულ დისკუსიებს წარმოაჩენს, როგორც მოქალაქეობრივი მსჯელობისთვის პრაქტიკულ სივრცეს.

რჩევები მასწავლებლებს და მშობლებს

გამოყენებული წყაროები

*Bazalgette, C. (2010). Teaching media in primary schools. In Proceedings of the European Conference on Film Literacy. https://carybazalgette.net/wp-content/uploads/2015/09/Bochum-2010-Bazalgette_korr4a.pdf
*Camarero, E., Fedorov, A., & Levitskaya, A. (2016). Media literacy and media competence in the educational process.
*César, T. (2018). Audiovisual and media literacy to promote local cultures. Communication, Technologies and Development. https://doi.org/10.4000/ctd.607
*Council of Europe. (2025). Guidelines for media and information literacy strategies. Council of Europe. https://rm.coe.int/cdmsi-2025-09-guidelines-for-national-media-and-information-literacy-s/488029ec67
*Green, M. C., & Brock, T. C. (2000). The role of transportation in the persuasiveness of public narratives. Journal of personality and social psychology, 79(5), 701–721. https://doi.org/10.1037//0022-3514.79.5.701
*Hobbs, R. (2010). Digital and media literacy: A plan of action. Aspen Institute.
*Jeong, S. H., Cho, H., & Hwang, Y. (2012). Media Literacy Interventions: A Meta-Analytic Review. The Journal of communication, 62(3), 454–472. https://doi.org/10.1111/j.1460-2466.2012.01643.x
*Marsh, J., & Bearne, E. (2008). Moving literacy on: Evaluation of the BFI film education programme. British Film Institute.
*Media & Learning Association (2025). Media literacy through filmmaking. Retrieved from https://media-and-learning.eu/subject/ar-vr/media-literacy-through-filmmaking/
*Moyer-Gusé, E., & Nabi, R. L. (2009). Explaining the effects of narrative in an entertainment television program: Overcoming Resistance to Persuasion. Human Communication Research, 36(1), 26–52. https://doi.org/10.1111/j.1468-2958.2009.01367.x
*Oliveira da Silva Filho, A., et al. (2022). Collaborative filmmaking as a pedagogical tool: Developing transversal skills through audiovisual production. Avanca Cinema Journal. https://www.avanca.org/SUB_publication.avanca.org/index.php/avancacinema/en/article/view/520?
*Romero Walker, S. (2022). Integrating media literacy into film pedagogy: Critical reflection and inclusive media production. Journal of Media Literacy Education, 14(1). https://doi.org/10.23860/JMLE-2022-14-1-11
*Rizzo, S. (2025). Film criticism of documentary movies as a media literacy tool. Journal of Media Literacy. https://ic4ml.org/journal-article/film-criticism-of-documentary-movies-as-a-media-literacy-tool
*UNESCO (2011). Media and information literacy curriculum for teachers. UNESCO. https://unesdoc.unesco.org/ark:/48223/pf0000192971
*Yang, F. (2020). Analysis on the relationship between the media literacy of film and television and the innovation of ideological and political education of contemporary college students. Journal of Contemporary Educational Research https://www.researchgate.net/publication/347249236_Analysis_on_the_Relationship_Between_the_Media_Literacy_of_Film_Television_and_the_Innovation_of_Ideological_and_Political_Education_of_Contemporary_College_Students