მედიაწიგნიერების ევოლუცია
24 აპრ. 2026
73 ნახვა

მედიაწიგნიერების საფუძვლები

მედიაწიგნიერებას დღეს ხშირად თანამედროვეობას, ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებს უკავშირებენ, თუმცა მისი საფუძვლები ბევრად უფრო ძველია.

სანამ მედიაწიგნიერება, როგორც ცალკე ცნება ჩამოყალიბდებოდა, საზოგადოება, საჯარო გზავნილების გაგებასა და შეფასებას, თხრობის კულტურისა და რიტორიკული განათლების მეშვეობით სწავლობდა. ეს მოიცავდა როგორც საუბრისა და მოსმენის უნარების განვითარებას, ისე დამაჯერებელი არგუმენტების ანალიზს. მედია და ინფორმაციული წიგნიერების (MIL) თანამედროვე ჩარჩოები (მიდგომები) ხაზს უსვამს, რომ „მედია“ მხოლოდ ციფრულ პლატფორმებს არ გულისხმობს და ასევე, მოიცავს კომუნიკაციის ადრეულ ფორმებსაც (Grizzle et al., 2013).

კლასიკური საბერძნეთის ეპოქაში ფილოსოფოსები, პლატონი და არისტოტელე, აქტიურად განიხილავდნენ რიტორიკის მნიშვნელობას, თუ როგორ აყალიბებს დამაჯერებელი კომუნიკაცია ცოდნას, ეთიკას და პოლიტიკას.

მიუხედავად იმისა, რომ ისინი ტერმინს “მედიაწიგნიერება” არ იყენებდნენ, მათი მსჯელობა სანდოობის, გავლენისა და დამაჯერებელი კომუნიკაციის ეთიკური გამოყენების შესახებ შეიძლება ჩაითვალოს საჯარო კომუნიკაციის კრიტიკული გააზრების ერთ-ერთ ადრეულ ინტელექტუალურ საფუძვლად (Hobbs & Jensen, 2009; Britannica Editors, 2026; Stanford Encyclopedia of Philosophy, 2024).

მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა მაშინ, როდესაც კომუნიკაცია და ინფორმაციის გავრცელება წერილობითი და ბეჭდვითი ფორმით გახდა შესაძლებელი. XV საუკუნის ევროპაში, ბეჭდვის მექანიზებულმა განვითარებამ, რომლის ფუძემდებელია იოჰან გუტენბერგი, ტექსტების გავრცელება მნიშვნელოვნად დააჩქარა. როდესაც წერილობითი გზავნილების გამრავლება და გავრცელება გამარტივდა, საზოგადოება ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა: პამფლეტებით, ქადაგებებითა და პოლიტიკური ტექსტებით სავსე გარემოში, წიგნიერება აღარ შემოიფარგლებოდა მხოლოდ კითხვით, არამედ საჭირო გახდა კრიტიკულად წაკითხვის უნარიც (Britannica Editors, 2026a).

XVII საუკუნისთვის გაზეთებმა საზოგადოებისთვის ახალი ამბების მიწოდება რეგულარული გრაფიკით დაიწყეს. დროთა განმავლობაში, როდესაც ეს გამოცემები ფართომასშტაბიან კომერციულ საქმიანობად გარდაიქმნა, გაჩნდა ახალი კითხვები სანდოობის, მიკერძოებისა და დღის წესრიგის (agenda-setting) შესახებ. მასობრივი კომუნიკაციის ზრდასთან ერთად, საზოგადოებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება. ამ ცვლილებამ მოგვიანებით ხელი შეუწყო მედიაწიგნიერების საგანმანათლებლო და სამოქალაქო პრიორიტეტად ჩამოყალიბებას (Unwin et al., 2026; Britannica Editors, 2026b).

ფოტოგრაფია, კინო და მაუწყებლობა

XIX საუკუნეში ფოტოგრაფიის გამოჩენამ საზოგადოებაში ახალი კულტურული წარმოდგენა ჩამოაყალიბა - გამოსახულება შეიძლება აღიქვა როგორც მტკიცებულება. მეორე მხრივ,  ფოტოგრაფიის ადრეულმა ისტორიამ  ისიც აჩვენა, რომ გამოსახულება ყოველთვის არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან მისი მანიპულირებაც შესაძლებელია (Grundberg et al., 2026).

კინომ ეს გამოწვევა კიდევ უფრო გააძლიერა, რადგან შემატა მოძრაობა, თხრობა და მასობრივი გართობა. როდესაც თხრობამ გადაინაცვლა ეკრანებზე, „წიგნიერება მეტად გულისხმობდა ვიზუალური ენის ანუ მონტაჟის, კადრირების და წარმოდგენის აღქმას და არა მხოლოდ  ტექსტის წაკითხვას (Grizzle et al., 2013).

ამ ახალ კომუნიკაციის ფორმებთან მუშაობა სკოლებმაც XX საუკუნის დასაწყისში პედაგოგები ავითარებდნენ „ვიზუალურ განათლებას, იყენებდნენ ფილმებს სასწავლო პროცესში და იკვლევდნენ, თუ როგორ შეიძლებოდა მოძრავ გამოსახულებებს სწავლასა და საზოგადოებრივ აღქმაზე გავლენა მოეხდინა (Hobbs & Jensen, 2009; Lacy, 1919).

1930-იან წლებში გაჩნდა თანამედროვე მედიაწიგნიერების კიდევ ერთი წინამორბედი: პროპაგანდის ორგანიზებული ანალიზი. 1937 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტში დაარსებულმა “Institute for Propaganda Analysis” მიზნად დაისახა მოქალაქეებს ესწავლათ პოლიტიკურ კომუნიკაციაში გამოყენებული დამაჯერებელი ტექნიკების ამოცნობა. ეს მიდგომა ცენზურის ნაცვლად კრიტიკული ანალიზის მნიშვნელობას უსვამდა ხაზს (SCHIFFRIN, 2018).

მოგვიანებით რადიომ და ტელევიზიამ მასობრივი კომუნიკაცია კიდევ უფრო გააფართოვა და ახალი ამბები, გართობა და რეკლამა პირდაპირ სახლებში, ადამიანების პირად სივრცეში განათავსა. ამ გარემოში, განათლების სფეროში სულ უფრო ხშირად საუბრობდნენ იმაზე, რომ მოსწავლეებს სჭირდებათ არა მხოლოდ შინაარსის გაგება, არამედ აუდიოვიზუალური თხრობისა და დამაჯერებელი გზავნილების კრიტიკული ანალიზიც (Hobbs & Jensen, 2009).

„მედიაწიგნიერებისფორმალური ჩამოყალიბება

XX საუკუნის მიწურულს, რამდენიმე ინტელექტუალური და საგანმანათლებლო მიმართულება ერთმანეთთან გადაიკვეთა, მათ შორის, მედიის კვლევები, სკოლებში მედიის სწავლება, მედიის გავლენასთან დაკავშირებული შეშფოთება და დემოკრატიულ პროცესებში სამოქალაქო დებატები და მონაწილეობა.  ამ დისკუსიებს შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ხიდად იქცა მარშალ მაკლუენის (Marshall McLuhan) იდეები. მისი თეორია - „მედიუმი არის გზავნილი, აუდიტორიას მოუწოდებდა დაფიქრებულიყო იმაზე, თუ როგორ აყალიბებენ თავად კომუნიკაციის ტექნოლოგიები აღქმას, კულტურას და სოციალურ წყობას (McLuhan, 1964).

განათლების სფეროში, მეცნიერები სულ უფრო მეტად დაობდნენ, რომ მედიის სწავლება გადაცემად კონცეფციებზე უნდა იყოს ორიენტირებული. მაგალითად, მედიის განათლების თეორეტიკოსი ლენ მასტერმანი (Len Masterman) აღნიშნავდა, რომ მოსწავლეებმა უნდა შეისწავლონ ანალიტიკური ჩარჩოები, რომლებიც მათ ნებისმიერი მედია გზავნილის ინტერპრეტაციაში დაეხმარება — მიდგომა, რომელმაც მოგვიანებით საფუძველი ჩაუდო მედიაწიგნიერებაში ფართოდ გამოყენებად „საკვანძო კითხვებისმოდელს  (Masterman, 2009). ეს კითხვებია, მათ შორის:  ვინ ქმნის კონკრეტულ შინაარსებს? როგორ აყალიბებს მედიის საშუალებები ამ შინაარსებს? რა ღირებულებები, ვარაუდები და იდეოლოგიებია ჩადებული ტექსტებსა და შინაარსებში?

ამავდროულად, საერთაშორისო ორგანიზაციებმაც დაიწყეს ამ სფეროს უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბება და ფორმალიზება. 1980-იანი წლებიდან UNESCO აქტიურად უწყობს ხელს მედიის განათლებას, როგორც მნიშვნელოვან სამოქალაქო კომპეტენციას და მოუწოდებს ქვეყნებს, საგანმანათლებლო სისტემაში მედიის კრიტიკული გააზრება გააძლიერონ. ამ დისკუსიებში ხშირად განიხილება დაკავშირებული ცნებების გადაკვეთა, როგორც მედიაწიგნიერება, ინფორმაციული წიგნიერება და ვიზუალური წიგნიერება (Grizzle et al., 2013; UNESCO Multimedia Archives).

ამერიკის შეერთებულ შტატებში 1992 წელი ერთ-ერთ საკვანძო ეტაპად ითვლება, როდესაც Aspen Institute-მა მოიწვია “მედიაწიგნიერების შესახებ ეროვნული ლიდერების კონფერენცია”, რათა სფეროს მიმართ ჩამოყალიბებულიყო მკაფიო მიდგომა. კონფერენციის შედეგად მომზადებულ ანგარიშში მედიაწიგნიერება განისაზღვრა, როგორც ინფორმაციის წვდომის, ანალიზისა და წარმოების უნარი — გავლენიანი ფორმულირება, რომელც დაეხმარა განათლების სფეროს წარმომადგენლებს, პოლიტიკის შემქმნელებსა და მკვლევრებს საერთო ჩარჩოს ირგვლივ გაერთიანებაში (Aufderheide, 1993).

ამავე პერიოდში, მედიაწიგნიერების პარალელურად ვითარდებოდა სხვა „წიგნიერებებიც, მათ შორის ინფორმაციული, კრიტიკული და ვიზუალური წიგნიერება. ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, როდესაც სხვადასხვა კომუნიკაციის არხი ერთ მოწყობილობაში გაერთიანდა, ამ მიმართულებებს შორის გადაკვეთა უფრო თვალსაჩინო გახდა. დღეს მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია მათ უფრო ფართო კომპეტენციის ნაწილად განიხილავს, რომელსაც მედია და ინფორმაციული წიგნიერება (MIL) ეწოდება — ცოდნის, უნარებისა და ჩვევების ერთობლიობა, რომელიც ადამიანებს ქაოტურ საინფორმაციო გარემოში ორიენტირებასა და გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება (Grizzle et al., 2013).

ციფრული ქსელები, პლატფორმები და MIL

ციფრულმა პლატფორმებმა კომუნიკაცია კიდევ ერთხელ გარდაქმნა. ადამიანები აღარ არიან მხოლოდ მედიის მომხმარებლები, ისინი აგრეთვე ქმნიან და ავრცელებენ მას. ამ ცვლილებამ მედიაწიგნიერებისთვის რამდენიმე ახალი გამოწვევა წარმოშვა.

პირველ რიგში, ინფრომაციის ძიება და გადამოწმება ყოველდღიურ უნარებად იქცა და არა მხოლოდ ექსპერტების საქმიანობად. ამან კიდევ უფრო გააძლიერა კავშირი მედიაწიგნიერებასა და ინფორმაციულ წიგნიერებას შორის — განსაკუთრებით ინფორმაციის მოძიების, შეფასებისა და ინტერპრეტირების უნარებთან დაკავშირებით (American Library Association, n.d.).

მეორე მხრივ, ადამიანები აღარ არიან მხოლოდ მედიის მომხმარებლები; ისინი თავად ქმნიან და ავრცელებენ ინფრომაციას. სწორედ ამიტომ, მედიაპროდუქტის შექმნას მედიაწიგნიერების მნიშვნელოვან კომპონენტად მიიჩნევენ და მას ციფრულ ეპოქაში სამოქალაქო ჩართულობის ნაწილად განიხილავენ. (National Association for Media Literacy Education, 2025).

მესამე გამოწვევა უკავშირდება პლატფორმების დიზაინსა და მონაცემთა მიმართ მიდგომას. იმის გაგება, თუ როგორ ანიჭებენ ალგორითმები პრიორიტეტს კონკრეტულ ინფორმაციას, როგორ იქცევენ პლატფორმები ყურადღებას, როგორ ვრცელდება დეზინფორმაცია და რა გავლენას ახდენს საზოგადოების ქცევაზე - დღეს უკვე მედია და ინფორმაციული წიგნიერების (MIL) სწავლების ნაწილია (Alcolea-Díaz et al., 2019).

ანალიტიკური შეჯამება

მედიაწიგნიერების ისტორია არ არის პირდაპირი გზა, რომელსაც ფილოსოფიიდან პირდაპირ სოციალურ ქსელებამდე მივყავართ. მედიაწიგნიერება აგრეთვე არ არის სტატიკური დისციპლინა და წარმოადგენს მუდმივად განვითარებად სფეროს. ახალი ტექნოლოგიის დანერგვასა და განვითარებასთან ერთად, ინფორმაციის გავრცელება უფრო სწრაფი და მასშტაბური ხდება. შესაბამისად, საზოგადოებას კვლავ უწევს დაფიქრება რას ნიშნავს „მედიაწიგნიერება“ ამ ახალ რეალობაში.        

 

გამოყენებული წყაროები

*Alcolea-Díaz, G., Reig, R., & Mancinas-Chávez, R. (2019). UNESCOs Media and Information Literacy curriculum for teachers from the perspective of Structural Considerations of Information. Comunicar, 28(62), 103–114. https://doi.org/10.3916/c62-2020-09
*American Library Association. (n.d.). Presidential Committee on Information Literacy: Final report. https://www.ala.org/acrl/publications/whitepapers/presidential
*Aufderheide, P. (1993). Media literacy: A report of the National Leadership Conference on Media Literacy. Aspen Institute. https://files.eric.ed.gov/fulltext/ED365294.pdf
*Britannica Editors (2026a). printing press. Encyclopedia Britannica. https://www.britannica.com/technology/printing-press
*Britannica Editors (2026b). newspaper. Encyclopedia Britannica. https://www.britannica.com/topic/newspaper
*Educating for the media and the digital age. (n.d.). [Video]. UNESCO Multimedia Archives. https://www.unesco.org/archives/multimedia/document-4333
*Grizzle, A., Moore, P., Dezuanni, M., Wilson, C., Asthana, S., Banda, F., Onumah, C., & Torras, M. (2013). Media and information literacy: policy and strategy guidelines. QUT ePrints (Queensland University of Technology). http://unesdoc.unesco.org/images/0022/002256/225606e.pdf
*Grundberg, A., Gernsheim, H.E.R., Rosenblum, N., Newhall, B. (2026). history of photography. Encyclopedia Britannica. https://www.britannica.com/technology/photography
*Hobbs, R., & Jensen, A. (2009). The past, present, and future of Media Literacy Education. Journal of Media Literacy Education. https://doi.org/10.23860/jmle-1-1-1
*Lacy, J. V. (1919). The relative value of motion pictures as an educational agency. Teachers College Record the Voice of Scholarship in Education, 20(5), 452–465. https://doi.org/10.1177/016146811902000502
*
Masterman, L. (2009). The media Education revolution. Canadian Journal of Learning and Technology, 22(1). https://doi.org/10.21432/t2js5s
McLuhan, M. (1964). Understanding media: The Extensions of Man. New York: McGraw-Hill.
*National Association for Media Literacy Education. (2025, January 24). What is Media Literacy? Media Literacy Defined. NAMLE. https://namle.org/resources/media-literacy-defined/
*Plato on Rhetoric and Poetry (Stanford Encyclopedia of Philosophy). (2024, February 20). https://plato.stanford.edu/entries/plato-rhetoric/
*SCHIFFRIN, A. (2018). Fighting disinformation with media literacy—in 1939. Columbia Journalism Review. https://www.cjr.org/innovations/institute-propaganda-analysis.php
*The birth of the Web | CERN. (2026, April 2). https://home.cern/science/computing/birth-web?utm_source=chatgpt.com
*Unwin, P.S., Unwin, G., Tucker, D.H. (2026). history of publishing. Encyclopedia Britannica. https://www.britannica.com/topic/publishing