ციფრული და ონლაინ უსაფრთხოება: პოლიტიკა, ტექნოლოგიები და განათლება
01 აპრ. 2026
12 ნახვა

ციფრული და ონლაინ გარემოს სოციალური და საგანმანათლებლო შესაძლებლობების პარალელურად, ბავშვებისა და მოზარდებისთვის ონლაინ სივრცეში მოღვაწეობა მუდმივ რისკებთან არის დაკავშირებული. მათ შორის, კიბერბულინგი, დეზინფორმაცია და ონლაინ თაღლითობა. უსაფრთხოებისთვის დანერგილი მექანიზმების მიუხედავად, ონლაინ ზიანი კვლავ ფართოდ გავრცელებული გამოწვევაა, რაც აჩენს კითხვას: რამდენად ეფექტიანი და მდგრადია არსებული ონლაინ უსაფრთხოების მექანიზმები სწრაფად განვითარებად ციფრულ გარემოში?

რისკი, ზიანი და ცნობიერების ამაღება 

ონლაინ უსაფრთხოების საკითხის განხილვისას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია რისკისა და რეალური ზიანის ერთმანეთისგან გამიჯვნა, რადგან სწორედ ეს განსხვავება ხშირად განსაზღვრავს, როგორ ყალიბდება ონლაინ უსაფრთხოების შესახებ არსებული წარმოდგენები და გადაწყვეტილებები.

რიგი კვლევები, ხაზს უსვამს არსებით განსხვავებას რისკსა და ზიანს შორის: რისკი გულისხმობს პოტენციურ საფრთხეს, ხოლო ზიანი - ადამიანის კეთილდღეობაზე რეალურ, გაზომვად უარყოფით გავლენას. მაგალითად, ხანგრძლივი ფსიქოლოგიური აშლილობა, სოციალური იზოლაცია ან თვითშეფასების დაქვეითება. ზიანი მაშინ ყალიბდება, როდესაც რისკი არის განმეორებითი, მიზანმიმართული ან დაკავშირებულია ძალაუფლების ასიმეტრიულ გამოყენებასთან, ხოლო ადამიანი არ ფლობს საკმარის უნარებს და მხარდაჭერას რომ ამ რისკებს თავად გაუმკლავდეს (Livingstone et al., 2011; Livingstone & Smith; 2014). 

კვლევები ასევე მიუთითებს, რომ რისკსა და რეალურ ზიანს შორის განსხვავებების  უგულებელყოფა ხშირად განაპირობებს ონლაინ უსაფრთხოების პოლიტიკის იმგვარ ფორმირებას, რომელიც რეალურ ზიანზე რეაგირების ნაცვლად, რისკის სრულ გამორიცხვაზე არის ორიენტირებული (Livingstone et al., 2018). აღნიშნული, მათ შორის, გულისხმობს ბავშვებისა და მოზარდების კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფისთვის ინტერნეტზე წვდომის მკაცრ შეზღუდვას. რაც, მიუხედავად მოკლევადიან პერსპექტივაში გარკვეული რისკების შემცირებისა, მნიშვნელოვნად ზღუდავს ციფრული განათლებისა და ონლაინ სოციალიზაციის შესაძლებლობებს (Livingstone & Smith, 2014; OECD, 2021; UNICEF, 2021).  

ამასთან, განათლებასა და ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული ინიციატივების მხარდაჭერა არსებითია, რადგან მხარს უჭერს მომხმარებელთა ციფრული და ონლაინ გამოცდილების გაუმჯობესებას. მაგალითად, ფინეთში დანერგილი სასკოლო პროგრამა, KiVa ფართოდ არის აღიარებული, როგორც კიბერბულინგის შემცირებაზე ორიენტირებული ეფექტიანი საგანმანათლებლო ინიციატივა (Salmivalli et al., 2011). მეტიც, ციფრულ, ონლაინ და მედია გარემოში უსაფრთხო მოღვაწეობისთვის, მედია და ინფორმაციული წიგნიერება, ერთ-ერთი ჰოლისტური საშუალებაა, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული გარემოს განგრძობადი (lifelong) სწავლისა და უნარების უწყვეტი განვითარების ხელშეწყობას, ადაპტირებადი, კრიტიკული და ინფორმირებული ჩართულობის ადვოკატირებით (UNESCO, 2013; UNESCO 2020; OECD 2021). აღნიშნული, კი ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი და აქტუალური მიდგომაა დღევანდელი ციფრული საფრთხეების საპასუხოდ

უსაფრთხოების მექანიზმების ტექნოლოგიური უზრუნველყოფა

სისტემურ დონეზე, ონლაინ უსაფრთხოების სფერო მნიშვნელოვან ტექნიკურ და პოლიტიკურ-მმართველობით გამოწვევებს აწყდება. ბოლო წლებში, კიბერსაფრთხეების მასშტაბი მკვეთრად გაიზარდა. მათ შორის, მავნე პროგრამების, ფიშინგისა და სახელმწიფო მხარდაჭერით განხორციელებული კიბერშეტევების სახით (World Economic Forum, 2026). კიბერუსაფრთხოების ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ტრადიციული დაცვის საშუალებები, როგორიცაა firewall და ანტივირუსები, დამოუკიდებლად აღარ არის საკმარისი სწრაფად ცვალებად საფრთხეებზე რეაგირებისთვის (ENISA, 2022). შესაბამისად, სულ უფრო აქტიურად განიხილება რეზისტენტული და ადაპტირებადი უსაფრთხოების მექანიზმების დანერგვა, რომლებიც ეფუძნება ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანურ სწავლებას - სისტემები, რომლებიც საფრთხეებისგან სწავლობენ, რეალურ დროში ამოიცნობენ საეჭვო აქტივობას და უწყვეტად ადაპტირებადია (OECD, 2020).

ამ კონტექსტში, ონლაინ უსაფრთხოება მოითხოვს არა მხოლოდ ეფექტიან, არამედ მდგრად მიდგომას. ციფრული გარემო ვითარდება უფრო სწრაფად, ვიდრე არსებული უსაფრთხოების ინსტრუმენტები და მათი შენარჩუნებისთვის საჭირო რესურსები. შესაბამისად, მხოლოდ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე დაფუძნებული უსაფრთხოების ზომები ვერ უზრუნველყოფს გრძელვადიან დაცვას (Borgesius, 2025).

რეგულაციები და საერთაშორისო პრაქტიკა 

პოლიტიკის დონეზე, ახალი რეგულაციების ამოქმედებასა და დანერგვასთან დაკავშირებით, აქტიური დისკურსი მიმდინარეობს მსოფლიოს მასშტაბით. მათ შორის, ასაკის ვერიფიკაციის, მონიტორთან გატარებული დროის შეზღუდვისა და პლატფორმების პასუხისმგებლობის შესახებ

მათ შორის, ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტი (DSA) და გაერთიანებული სამეფოს ონლაინ უსაფრთხოების აქტი (Online Safety Act), მასალების მოდერაციასა და არასრულწლოვანთა დაცვასთან დაკავშირებით მკაცრ ვალდებულებებს აკისრებს ტექნოლოგიურ კომპანიებს (European Commission, 2025; Online Safety Act, 2025). ხოლო ავსტრალიამ, გარკვეულ აპლიკაციებზე, როგორც: TikTok, Instagram, Facebook, X, Youtube - 16 წლამდე მომხმარებლებისთვის წვდომა აკრძალა (eSafety Commissioner, 2026). სამოქალაქო თავისუფლების დამცველი ჯგუფები კი აღნიშნავენ, რომ ასეთი სახის მკვეთრი აკრძალვები, როგორც სამართლებრივი, ისე პრაქტიკული კუთხითაც პრობლემურია. ხოლო მკვლევრები განიხილავენ, რომ ზედმეტად ერთგანზომილებიანი რეგულაციური მიდგომა ვერ ასახავს რეალურ მდგომარეობას, რადგან ონლაინ ზემოქმედება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია კონტექსტსა და გამოყენების ფორმაზე (Livingstone & Third, 2017).

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დარგის ექსპერტები და ორგანიზაციები აღნიშნავენ მულტისექტორული თანამშრომლობისა და უსაფრთხოების მექანიზმების მუდმივი ადაპტირების საჭიროებას. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო დონეზე არსებული ზომები გარკვეულ რისკებს ამცირებს, მათი ეფექტიანობა არათანაბარია, მდგრადობა კი ფრაგმენტირებული. შესაბამისადმდგრადი და ეფექტიანი ციფრული და ონლაინ უსაფრთხოებისთვის არსებითია მოქნილი პოლიტიკისა და კოორდინირებული თანამშრომლობის უზრუნველყოფა სხვადასხვა სექტორებს, დონეებსა და ფენებს შორის, სადაც რეგულაციური, ტექნოლოგიური და საგანმანათლებლო მიდგომები განიხილება ერთიან ჩარჩოში

გამოყენებული ლიტერატურა 

Borgesius, F. Z. (2025, October 15). Discrimination, artificial intelligence, and algorithmic decision-making. arXiv.org. https://arxiv.org/abs/2510.13465

ENISA. (2022). ENISA Threat Landscape for the Internet of Things. https://www.enisa.europa.eu/publications/enisa-threat-landscape-2022 

eSafety Commissioner (2026). Social media age restrictions. Australian Government. https://www.esafety.gov.au/about-us/industry-regulation/social-media-age-restrictions? 

European Commission. (2023). Commission publishes guidelines on the protection of minors online under the Digital Services Act. https://digital-strategy.ec.europa.eu/en/library/commission-publishes-guidelines-protection-minors

Livingstone, S., Haddon, L., Görzig, A., & Ólafsson, K. (2011). Risks and safety on the internet: The perspective of European children: full findings and policy implications from the EU Kids Online survey of 9-16 year olds and their parents in 25 countries. EU Kids Online, The London School of Economics and Political Science.

Livingstone, S., & Smith, P. K. (2014). Annual research review: Harms experienced by child users of online and mobile technologies. Journal of Child Psychology and Psychiatry, 55(6), 635–654. https://doi.org/10.1111/jcpp.12197 

Livingstone, S., & Third, A. (2017). Children and Young People’s Rights in the Digital Age: an emerging agenda. New Media & Society, 19(5), 657–670. https://doi.org/10.1177/1461444816686318 

Livingstone, S., Mascheroni, G., & Staksrud, E. (2018). European research on children’s internet use: Assessing the past and anticipating the future. New Media & Society, 20(3), 1103–1122. https://doi.org/10.1177/1461444816685930 

OECD (2020) OECD Digital Economy Outlook 2020, OECD Publishing, Paris. https://doi.org/10.1787/bb167041-en.

OECD (2021) 21st-Century Readers: Developing Literacy Skills in a Digital World, PISA, OECD Publishing, Paris, https://doi.org/10.1787/a83d84cb-en.

Online Safety Act: explainer. (2025, April 24). GOV.UK. https://www.gov.uk/government/publications/online-safety-act-explainer/online-safety-act-explainer 

Salmivalli, C., Kärnä, A., & Poskiparta, E. (2011). Counteracting bullying in Finland: The KiVa program and its effects on different forms of being bullied. International Journal of Behavioral Development, 35(5), 405-411. https://doi.org/10.1177/0165025411407457  

UNESCO (2013) Global Media and Information Literacy Assessment Framework. https://allchildrenlearning.org/wp-content/uploads/2019/12/Global-Media-and-Information-Literacy-Assessment-Framework_-country-readiness-and-competencies-UNESCO-Digital-Library.pdf 

UNESCO. (2020). UNESCO media and information literacy framework and recent initiatives (R. R. Tuazon, Ed.). UNESCO. https://www.unesco.gov.ph/wp-content/uploads/2020/03/UNESCO-Media-and-Information-Literacy-Framework-and-Recent-Initiatives.pdf

World Economic Forum (2026) Global Cybersecurity Outlook 2026. https://reports.weforum.org/docs/WEF_Global_Cybersecurity_Outlook_2026.pdf