5 რჩევა ოჯახის ონლაინ უსაფრთხოებისთვის
13 მარ. 2024
601 ნახვა

თანამედროვე ტექნოლოგიური გარემო უსაზღვრო შესაძლებლობებთან ერთად მზარდი კიბერსაფრთხეებით ხასიათდება, რაც მშობლებსა და აღმზრდელებს მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აყენებს. შესაბამისად, საჭიროა გვესმოდეს, თუ რა რისკებია დაკავშირებული ინტერნეტის გამოყენებასთან და როგორ დავიცვათ ჩვენი ოჯახი ამ საფრთხეებისგან. გიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ შვილებისათვის ტექნოლოგიების უსაფრთხო გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარებაში:

1. ღიად ესაუბრეთ ბავშვებს

ჩვევად აქციეთ ონლაინ უსაფრთხოებაზე საუბარი ოჯახურ გარემოში, რათა, პრობლემის შემთხვევაში, თქვენმა შვილებმა ყოველგვარი ყოყმანის გარეშე შეძლონ თქვენთვის მომართვა. ამასთანავე, ადრეული ასაკიდანვე გააცანით ბავშვებს ონლაინ ქცევის წესები, რაც გულისხმობს პატივისცემას, ემპათიას, კრიტიკულ აზროვნებას, პასუხისმგებლობასა და სიმტკიცეს. ასაკის მატებასთან ერთად კი, ისეთ სენსიტიურ თემებსაც დაუთმეთ დრო, როგორებიცაა სექსუალური ძალადობა ონლაინ სივრცეში, ინტიმური ფოტოების გაზიარება და ონლაინ პორნოგრაფია.

2. შექმენით ოჯახური შეთანხმება ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ

შეთანხმება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ თქვენ და თქვენს შვილებს დაგეხმარებათ იმაში, რომ ერთად გადაწყვიტოთ, როდის და როგორ გამოიყენებთ ციფრულ ტექნოლოგიებს. მნიშვნელოვანია, რომ იდეებისა და მარტივი წესების ჩამოყალიბებაში ოჯახის ყველა წევრმა მიიღოს მონაწილეობა. შემდეგ კი, შეთანხმება გამოაკარით ყველასთვის თვალსაჩინო ადგილას. შესაძლებელია, თქვენი შეთანხმების ნაწილი ეხებოდეს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა დროის შეზღუდვა, ნებადართული/აკრძალული აპლიკაციები და ონლაინ ქცევა.

ბავშვებს სამი წლის ასაკიდან უკვე შეუძლიათ ოჯახურ შეთანხმებაში მონაწილეობა. მეტიც, ამით თქვენს შვილებს კრიტიკული აზროვნებისა და თვითრეგულირების უნარებს განუვითარებთ, ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებულ ჩვევებთან ერთად. ასაკის მატებასთან ერთად კი, გადახედეთ შეთანხმების წესებს და, საჭიროების შემთხვევაში, განაახლეთ ისინი.

3. გამოიყენეთ მშობლის კონტროლი

მშობლის კონტროლი ერთგვარი პროგრამული ინსტრუმენტია, რომელიც გეხმარებათ იმაში, რომ თვალი ადევნოთ, თუ რას უყურებს და აკეთებს თქვენი შვილი ონლაინ სივრცეში. ეს ინსტრუმენტი საშუალებას გაძლევთ, დაბლოკოთ გარკვეული ვებ-გვერდები, აპლიკაციები ან ფუნქციები (მაგალითად, კამერა), გაფილტროთ შინაარსის სახე, თვალი ადევნოთ თქვენი შვილების ონლაინ ქცევას და დააწესოთ დროის შეზღუდვა.

4. ყურადღებით შეარჩიეთ თამაშები და აპლიკაციები

ვიდრე თქვენი შვილის თხოვნას დააკმაყოფილებთ ამა თუ იმ თამაშის გადმოტვირთვის შესახებ, შეაფასეთ მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ისეთი ფაქტორების გათვალისწინება, როგორებიცაა ასაკობრივი კატეგორია და რეიტინგი, უსაფრთხოების პარამეტრების მართვა და შეურაცხყოფის ან შევიწროების შესახებ საჩივრების მართვის სისტემა.

5. ერთობლივად გამოიყენეთ ციფრული ტექნოლოგიები

ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ერთობლივად თამაში ან შემეცნებითი შინაარსის გაცნობა ხელს უწყობს ბავშვების განვითარებას. ამდენად, დაუსვით მათ კითხვები, იყავით ცნობისმოყვარე და აქტიურად ჩაერთეთ თქვენი შვილების სასწავლო პროცესში.

წყარო: https://www.esafety.gov.au/sites/default/files/2021-04/5%20tips%20to%20keep%20your%20family%20safe%20online.pdf