მედიის გასაღების გზამკვლევი
18 იან. 2023
1724 ნახვა

მედიატექსტის კითხვასთან დაკავშირებული ცოდნა და უნარები შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც მედიაწიგნიერების პრეამბულა. ერთ-ერთი გავრცელებული ვიზუალური მედიის სახეობა კი ზუსტად ფილმებია. ფილმების ანალიზის მეთოდი (MAIA) უკვე წლებია გამოიყენება დასავლეთის ქვეყნების საზოგადოებაში სწავლების პროცესში. ეს მეთოდი საკმაოდ მარტივია.

ფილმი არის მოძრავი სურათებისგან შემდგარი აუდიო-ვიზუალური სტიმული. მოძრავი სურათები არის მნიშვნელოვანი გამაშუალებელი იდეების კომუნიკაციისთვის. ფილმებს შეუძლიათ სხვადასხვა

გზით მოახდინონ გავლენა საზოგადოების დამოკიდებულებებსა და აზროვნებაზე. ეს გავლენა შესაძლებელია იყოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითიც. დღეს უკვე მრავლად შევხვდებით ფილმების მეშვეობით სხვადასხვა იმპლიციტური (ქვეცნობიერი) გზავნილების გავრცელებას. შესაბამისად, ფილმის სწორი გააზრება, შერჩევა და სასწავლო პროცესში მისი ადეკვატურად გამოყენება, დღითიდღე უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.

ფილმი ეხმარება მოზარდს:

განივითაროს კრიტიკული, ლოგიკური და შემოქმედებითი აზროვნება;

შეიძინოს ცოდნა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით;

გაიღრმაოს ინტერესები სხვადასხვა მიმართულებით;

იდენტიფიკაცია გააკეთოს სწორ როლურ მოდელებთან;

განივითაროს ემოციური ინტელექტი.

აქვე ისმის კითხვა - რა გზით შეიძლება ფილმის გამოყენება საგანმანათლებლო მიზნებისთვის? ძირითად შემთხვევაში, ფილმი ასოცირებულია გართობისა და განტვირთვის ინსტრუმენტთან.

ბავშვები, განსაკუთრებით კი მოზარდები, საათებს ატარებენ ფილმებისა და ანიმაციური ფილმების ყურებაში, რადგან მოზარდებს ფილმი აძლევთ სხვადასხვა პერსონაჟთან თვითიდენტიფიცირების

საშუალებას.

საკლასო ოთახში ფილმის შემოტანა ცვლის სასწავლო გარემოს და ეს შესაძლებელია, უფრო ეფექტურიც აღმოჩნდეს, ვიდრე ტრადიციული მეთოდებით სწავლება.

ფილმის სწორად შერჩევა მოიცავს როგორც შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიის ფილმის შერჩევას, ასევე ფილმის დადებითი შინაარსისა და სადისკუსიო საკითხების შესახებ ინფორმაციის მოძიებას.

ზუსტად ამას გვთავაზობს კომუნიკაციების კომისიის მიერ ინიცირებული ახალი პროექტი - მედიის გასაღები. მედიის გასაღები ფინური ონლაინ სერვისის - MEDIA AVAIN მაგალითზე შექმნილი სარეიტინგო პლატფორმაა მშობლებისთვის, მასწავლებლებისა და მოზარდებისთვის, რომელიც

ეხმარება ახალგაზრდა მაყურებლებსა და ზრდასრულებს, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით შეარჩიონ შესაბამისი მხატვრული ფილმი ან ანიმაცია და გაეცნონ ფილმის შესახებ ინფორმაციასა და საინტერესო ფაქტებს.

პროექტის მთავარი მიზანია, ხაზი გაუსვას ფილმის დადებით შინაარსს, მომხმარებლებს დაეხმაროს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში და ხელი შეუწყოს მოზარდებში მედიაწიგნიერების უნარების, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების განვითარებას. პლატფორმა ეხმარება მასწავლებლებს ფილმებისა და აუდიო-ვიზუალური წიგნიერების სასწავლო პროცესში ინტეგრირებაში.

იხილეთ მედიის გასაღების პროექტი

იხილეთ მედიის გასაღების გზამკვლევი მასწავლებლებისთვის