დეზინფორმაცია და კრიზისული სიტუაციები
24 ივნ. 2025
43 ნახვა

დეზინფორმაცია კრიზისული სიტუაციების ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული გამოწვევაა. ისეთი კრიზისები, როგორებიც არის პანდემიები, ომები, ბუნებრივი კატაკლიზმები და პოლიტიკური არასტაბილურობა, ნოყიერ ნიადაგს ქმნიან მცდარი ინფორმაციის გავრცელებისთვის. ასეთ მოცემულობებში, ადამიანები სწრაფად ეძებენ ინფორმაციას, რაც ზრდის ყალბი, გადაუმოწმებელი თუ დამახინჯებული ინფორმაციის მიღების, გავრცელების და “ვირუსული” ეფექტის შექმნის ალბათობას.

დეზინფორმაციის ერთ-ერთი მთავარი იარაღი ემოციური მანიპულაციაა. კრიზისული სიტუაციებისას, როდესაც საზოგადოება შიშსა და გაურკვევლობაშია, ყალბი ინფორმაცია ხშირად ემოციურ რეაქციებზეა აგებული. მაგალითად, COVID-19 პანდემიის პერიოდში ვაქცინების შესახებ გავრცელებულ
მა არასწორმა ინფორმაციამ ადამიანებში უნდობლობა გამოიწვია და მათ გადაწყვეტილებებზე პირდაპირი გავლენა მოახდინა. ამის გარდა, პანდემიის დასაწყისში, სოციალური ქსელებით გავრცელებულმა დეზინფორმაციამ საკვების, მედიკამენტებისა და სანიტარული საშუალებების მასობრივ შესყიდვას შეუწყო ხელი, რამაც ბაზარზე დეფიციტი და ხელოვნური კრიზისი შექმნა. შესაბამისად, მცდარ ინფორმაციას შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს ადამიანების ქცევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ინფორმაციის სისწორე გადამწყვეტი ხდება. პანიკა და საზოგადოებრივი მღელვარება დეზინფორმაციის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო შედეგია. ხოლო, როდესაც საზოგადოება არასწორ ინფორმაციას ღებულობს, რომელიც შიშსა და გაურკვევლობას იწვევს, ხშირად მათი მხრიდან რეაგირება არაპროგნოზირებადია.

გარდა ამისა, დეზინფორმაციის
კამპანიები ხშირად მიზანმიმართულად იმართება. კრიზისების დროს, როდესაც საზოგადოება მოწყვლადია, სხვადასხვა დაინტერესებული მხარე(ები) დეზინფორმაციას პოლიტიკური, ეკონომიკური ან სოციალური გავლენის მოსაპოვებლად იყენებენ. ამრიგად, კრიზისულ პერიოდში დეზინფორმაცია უფრო სწრაფად ვრცელდება, უფრო მეტად ხდება ადამიანურ ემოციებზე ორიენტირებული და კონკრეტულ სამიზნე ჯგუფ(ებ)ზე მიზანმიმართული.

საზოგადოებრივი ნდობის რღვევა დეზინფორმაციის უფრო ხანგრძლივი, მაგრამ არანაკლებ საგულისხმო ეფექტია. როდესაც ადამიანები მუდმივად იღებენ ურთიერთგამომრიცხავ ან აშკარად ყალბ ინფორმაციას, ეს ნელ-ნელა აქვეითებს ნდობას იმ ინსტიტუტების მიმართ, რომლებიც კრიტიკულ მომენტებში ყველაზე სანდო წყაროებად უნდა იქცნენ. აღნიშნული ტენდენცია განსაკუთრებით შესამჩნევია ჯანდაცვის, მედიისა და სხვადასხვა საკვანძო ინსტიტუტების მიმართ ნდობისას, რაც მომავალში საზოგადოებრივი კრიზისების მართვას კიდევ უფრო გაართულებს.

არასწორი გადაწყვეტილებების მიღება დეზინფორმაციის კიდევ ერთი სახიფათო შედეგია. ყალბი ცნობები ხშირად ადამიანებს ისეთი ქმედებებისკენ უბიძგებენ, რომლებიც მათ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას რისკს უქმნის. მაგალითად, სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა მცდარმა ინფორმაციამ სხვადასხვა “ალტერნატიული მკურნალობის” მეთოდების შესახებ არაერთ ადამიანს შეუქმნა სამედიცინო პრობლემები, ზოგიერთ შემთხვევაში კი სერიოზულ გართულებებამდე ან ფატალურ შედეგებამდე მიიყვანა.

ამრიგად, დეზინფორმაციის გავლენა გაცილებით ღრმა და კომპლექსურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ის არა მხოლოდ მოკლევადიან პანიკას იწვევს, არამედ ასუსტებს საზოგადოებრივ ნდობას და რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანებს. სწორედ ამიტომ, გადამოწმებული და სანდო ინფორმაციის გავრცელება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.


წყაროები: