ახალი ამბების წიგნიერება
09 ივნ. 2023
1929 ნახვა

ახალი ამბების წიგნიერების კონცეფცია, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ციფრული წიგნიერება, წარმოიქმნა ტექნოლოგიის სწრაფი განვითარებისა და მედია ლანდშაფტის ცვალებადობის შედეგად. ახალი ამბების წიგნიერების მნიშვნელობამ მედიაწიგნიერების კონტექსტში აღიარება მე-20 საუკუნის ბოლოს დაიწყო, როდესაც ინფორმაციაზე წვდომის, შექმნისა და გავრცელების გზა ციფრული ტექნოლოგიები და ინტერნეტი გახდა.  

ახალი ამბების წიგნიერება არის მედიაწიგნიერების ქვეჯგუფი, რომელიც კონკრეტულად ფოკუსირებულია ახალი ამბების შინაარსის კრიტიკულად შეფასებისა და ანალიზის უნარზე. ის გულისხმობს, უნარებისა და ცოდნის გამომუშავებას, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე საინფრომაციო გარემოში ეფექტური ნავიგაციისთვის და ციფრული პლატფორმების საშუალებით ახალი ამბების სწრაფი გავრცელების პირობებში.

ახალი ამბების წიგნიერებისგან განსხვავებით, მედიაწიგნიერება მოიცავს მედიის ფორმების მრავალფეროვან სპექტრს, მათ შორის ბეჭდურ, ციფრულ და სოციალურ მედიას. მედიაწიგნიერება ინდივიდებს აწვდის უნარ-ჩვევებს კრიტიკულად შეაფასონ და ნავიგაცია მოახდინონ სხვადასხვა მედია არხებზე, ახალი ამბების წიგნიერება კი მხოლოდ ციფრულ ახალ ამბებზეა კონცენტრირებული.

ახალი ამბების წიგნიერების კომპონენტებია:

1. წყაროს შეფასება: ახალი ამბების წყაროების სანდოობისა და მიკერძოებულობის შეფასება. ადამიანებს უნდა შეეძლოთ სანდო წყაროების იდენტიფიცირება, ახალი ამბების დიფერენცირება, მოსაზრებების, პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ამოცნობა.

2. ფაქტების შემოწმება: ახალი ამბების წიგნიერება ხაზს უსვამს ინფორმაციის გადამოწმებისა და ფაქტების შემოწმების მნიშვნელობას. ცოდნას, თუ როგორ უნდა გადავამოწმოთ ინფორმაცია და გამოვიკვლიოთ წყაროების სანდოობა ახალი ამბების სინამდვილის ან სიყალბის დასადასტურებლად.

3. კრიტიკული ანალიზი: ახალი ამბების წიგნიერება ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების უნარის ჩამოყალიბებას. ის მოიცავს შინაარსისა და  მოტივების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, პოტენციური მიკერძოების გამოვლენას და წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და არგუმენტების ვალიდურობის შეფასებას.

4. ახალი ამბების შექმნის გაგება: ახალი ამბების წიგნიერება მიზნად ისახავს განავითაროს უნარები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდება ახალი ამბების შექმნა,  გავრცელება და დაფინანსება. ეს მოიცავს ჟურნალისტების, საინფორმაციო ორგანიზაციებისა და ალგორითმების როლის განსაზღვრას ახალი ამბების ფორმირებაში.

დღეს ახალი ამბების წიგნიერება მედიაწიგნიერების ფუნდამენტურ კომპონენტად ითვლება. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ინდივიდებს უნდა ჰქონდეთ ახალი ამბების წიგნიერებასთან დაკავშირებული უნარები და კომპეტენციები, რათა შეძლონ სრული მონაწილეობა და ნავიგაცია ციფრული მედიით მდიდარ სამყაროში, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ. მედიაწიგნიერების კონტექსტში ახალი ამბების წიგნიერების განვითარება აუცილებელია ინფორმირებული, ჩართული და პასუხისმგებლიანი მედია მომხმარებლებისა და პროდიუსერების ჩამოყალიბებისთვის.  

წყარო: https://www.centerfornewsliteracy.org/what-is-news-literacy/

https://guides.library.uab.edu/medialiteracy/news