კომუნიკაციების კომისიამ პარტნიორებთან ერთად მედიაწიგნიერების კვირეული დაიწყო
25 ოქტ. 2021
1472 ნახვა
მედიაწიგნიერების კვირეული

კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, საქართველოში 25-29 ოქტომბერს მედიაწიგნიერების კვირეული ტარდება. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 2021 წლის 25 მარტს 75-ე სესიის ფარგლებში, მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომლის თანაინიციატორიც საქართველოა. რეზოლუციის თანახმად, მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული ყოველი წლის ოქტომბრის ბოლო კვირას ჩატარდება.  

მედიაწიგნიერების კვირეულის მიზანია, გაეროს წევრ ქვეყნებში გაიზარდოს ცნობიერება მედიაწიგნიერების საჭიროებებისა და როლის შესახებ. კომუნიკაციების კომისია, როგორც საქართველოში მედიაწიგნიერების პოლიტიკის განმსაზღვრელი სახელმწიფო უწყება, კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა სახელმწიფო, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციასთან ერთად, ჩაატარებს მნიშვნელოვან ღონისძიებებს, რაც ქვეყანაში  მედიაწიგნიერების განვითარებას შეუწყობს ხელს.

მედიაწიგნიერების კვირეულში კომუნიკაციების კომისიასთან ერთად ჩართულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, გაეროს ბავშვთა ფონდი - იუნისეფი, ევროკავშირი, საერთაშორისო ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, უნივერსიტეტები და სკოლები.

მედიაწიგნიერების კვირეული დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორდღიანი კონფერენციით გაიხსნა, რომელშიც როგორც სახელმწიფო უწყებები, ისე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები მონაწილეობენ.

კვირეულის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია კომუნიკაციების კომისიისა და  Unicef-ის ერთობლივი ღონისძიება, რომელიც მაღალი კლასის მოსწავლეებთან მედიაწიგნიერების თემაზე დისკუსიას მოიცავს. ამას გარდა, კომუნიკაციების კომისია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, ასევე, ბავშვთა სოფლის ბენეფიციარებისთვის თბილისსა და ქუთაისში   ჩაატარებს ტრენინგს ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის გზებზე. კვირეულის ფარგლებში,   კომუნიკაციების კომისიისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა: კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლებში“ ჩატარდება ტრენინგები რაჭა-ლეჩხუმის, იმერეთისა და თბილისის საჯარო სკოლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების  პედაგოგებისთვის. ასევე, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრებს რეგიონის პედაგოგებისა და სტუდენტებისთვის.

კომუნიკაციების კომისიის მედიაკადემიაში კი ჩატარდება სემინარი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის - „ქართული ტელემედიის სამაუწყებლო პოლიტიკა“.

კვირეული კომუნიკაციების კომისიის მიერ ორგანიზებული შემაჯამებელი კონფერენციით დაიხურება. კონფერენციის მიზანია საქართველოში მედიაწიგნიერების მიმართულებით არსებული გამოწვევების განხილვა, განხორციელებული საქმიანობის შეჯამება  და სამომავლო გეგმების დასახვა. კონფერენციაზე ასევე მოხდება ისეთი აქტუალური საკითხების განხილვა, როგორებიცაა  დეზინფორმაცია, უსაფრთხო ინტერნეტი, სიტყვის თავისუფლება და მედიის მიუკერძოებლობის სტანდარტები.

ამასთან, შემაჯამებელ კონფერენციაზე კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტი წარადგენს მედიაწიგნიერების ეროვნული მნიშვნელობის ონლაინ პლატფორმას, რომელიც ევროპის საბჭოს დაფინანსებით შექმნა. პლატფორმის შექმნის მიზანია  მედიაწიგნიერების მიმართულებით მომუშავე ყველა ორგანიზაციის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო და შემეცნებითი რესურსების მომხმარებლებისთვის ერთ  სივრცეში განთავსება და საზოგადოებაში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლება.