ონლაინ ქცევის ეთიკა
14 ნოე. 2023
1361 ნახვა

ბავშვებისთვის ეთიკურად მოქცევის სწავლების საფუძველია იმის ახსნა, რომ საჭიროა საკუთარი თავისა და სხვა ადამიანების პატივისცემა. ონლაინ სივრცეში კი, ეს პრინციპი ერთმანეთის პირადი ინფორმაციის, გრძნობებისა და საკუთრების პატივისცემის სახით გამოიხატება.

წესი 1. პატივი ეცით ერთმანეთის პირად ინფორმაციას

ასწავლეთ ბავშვებს, რომ ვიდრე სოციალურ ქსელებში ამა თუ ინფორმაციას, ფოტოსა თუ ვიდეოს გააზიარებენ, დაფიქრდნენ იმ ადამიანებზე, ვინც გამოხახულია მათზე:

- აქვთ თუ არა ნებართვა გაზიარების თაობაზე?

- რას იგრძნობენ ეს ადამიანები, თუკი გავასაჯაროებთ ინფორმაციას?

- ხომ არ შეუქმნით ამ ინფორმაციის ან ფოტო/ვიდეო მასალის გაზიარება რაიმე უხერხულობას?

- რა მოხდება, თუ ამ ინფორმაციას, ფოტოს ან ვიდეოს სხვა ადამიანები (მაგალითად, მშობლები, მასწავლებლები, მეგობრები) ნახავენ?

მშობლებს შეუძლიათ მაგალითი მისცენ ბავშვებს, თუკი თავადვე გაითვალისწინებენ ამ რჩევებს, ვიდრე საკუთარი შვილის ვიდეოს, ფოტოს ან პირად მონაცემებს გააზიარებენ ონლაინ სივრცეში. ოჯახში კონფიდენციალურობის პატივისცემა და დაცვა პირველი ნაბიჯია ბავშვების წასახალისებლად, მიჰყვნენ იმავე გზას.

წესი 2. პატივი ეცით ერთმანეთის გრძნობებს

ზოგჯერ, ძნელია გვახსოვდეს, რომ ინტერნეტით ვუკავშირდებით ნამდვილ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ გრძნობები. ეს იმიტომ ხდება, რომ ვერ აღვიქვამთ ადამიანის ხმის ტონს, სხეულის ენას ან სახის გამომეტყველებას, რაც ჩვენში თანაგრძნობას გამოიწვევდა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ბავშვებს ავუხსნათ შემდეგი საკითხები:

- ხუმრობების, მუქარის ან სიძულვილის ენის შემცველი კომენტარების პოტენციური გავლენა სხვა ადამიანებზე;

-  როგორ მოვახდინოთ სათანადო რეაგირება ონლაინ დაპირისპირებაზე;

არაჯანსაღი ურთიერთობის ნიშნები, როგორიცაა ეჭვიანობა, მესაკუთრეობა და მუდმივი სურვილი, რომ თვალი ადევნოთ ვინმეს;

​​​​​​​​​​​​​​- ონლაინ ბულინგთან გამკლავების სტრატეგიები;

დარწმუნდით, რომ თქვენმა შვილებმა იციან, რომ მოუსმენთ და მხარს დაუჭერთ მათ, პრობლემის გაზიარების შემთხვევაში. ასევე, გაარკვიეთ და აუხსენით შვილებს, თუ როგორია მათი სკოლის პოლიტიკა ბულინგთან დაკავშირებით.

წესი 3. პატივი ეცით ერთმანეთის ინტელექტუალურ საკუთრებას

ონლაინ ქცევის ეთიკის დარღვევის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა ისეთი ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფა, როგორიცაა მუსიკა, თამაშები ან ვიდეო. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, ბავშვებს ავუხსნათ, რომ ინტერნეტში განთავსება არ ნიშნავს, რომ შეგვიძლია თავისუფლად გამოვიყენოთ ესა თუ ის მუსიკალური ნაწარმოები, თამაში, ფილმი თუ სხვა სახის ინტელექტუალური საკუთრება. არამედ, საჭიროა საავატრო უფლების მქონე პირის პატივისცემა შესაბამისი აღნიშვნის გზით. აუხსენით შვილებს, რომ ნებისმიერი სახის პლაგიატი უპატივცემულობაა და ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფაც ისეთივე დანაშაულია, როგორიც სხვა სახის ქურდობა.

წყარო: https://mediasmarts.ca/tipsheet/promoting-ethical-online-behaviours-your-kids