კიბერჰიგიენა - ანუ როგორ დავიცვათ თავი ინტერნეტში
20 დეკ. 2024
23 ნახვა
ციფრული სამყარო ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა. ინტერნეტი უსაზღვრო შესაძლებლობებს გვაძლევს, თუმცა, ამავე დროს, ონლაინ სივრცეში მრავლად არის საფრთხეები. მაგალითისთვის, კიბერშეტევები, პირადი ინფორმაციის გაჟონვა და ყალბი ვებსაიტები ყოველდღიურად გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია კიბერჰიგიენის დაცვა.
კიბერჰიგიენა არ არის მხოლოდ ტექნიკური ცოდნა, ეს არის უნარებისა და ჩვევების ერთობლიობა, რომლებიც უზრუნველყოფს ჩვენი ონლაინ აქტივობების უსაფრთხოებას. სტატიაში კი განვიხილავთ, ინტერნეტში არსებულ რა საფრთხეებს უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება, როგორ უზრუნველვყოთ საკუთარი მონაცემების დაცულობა და რა ნაბიჯები გადაგვადგათ რომ უფრო დაცულნი ვიყოთ.
პირველი (ყველაზე მნიშვნელოვანი) წესი: ინტერნეტში უცხო პირს არ გაუზიაროთ პირადი ინფორმაცია. მაგალითად, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, ადგილმდებარეობა, ტელეფონის ნომერი, თითის ანაბეჭდი, საბანკო მონაცემები - ეს ინფორმაცია მხოლოდ თქვენ უნდა იცოდეთ.
მეორე წესი: ყოველთვის გამოიყენეთ ძლიერი პაროლები, რაც ნიშნავს იმას, რომ ის არ უნდა იყოს მარტივად გამოსაცნობი, მაგალითად, “123456” ან „Password123“. უმჯობესია, პაროლში გამოიყენოთ დიდი და პატარა ასოები, ციფრები და სპეციალური სიმბოლოები.
მესამე წესი: არ გახსნათ საეჭვო ბმულები ან ფაილები. ხშირია შემთხვევები, როდესაც უცხო ადამიანი გიგზავნით ბმულს ან შეტყობინებას, რომელშიც საინტერესო თამაშში გიწვევენ ან ქონების დატოვებას გპირდებიან. ასეთი ბმულები ხშირად ვირუსების მატარებელია.
მეოთხე წესი: რეგულარულად განაახლეთ თქვენი მოწყობილობები და პროგრამული უზრუნველყოფა, რადგან განახლებები ეფექტურად იცავს სისტემას ვირუსებისა და ჰაკერული შეტევებისგან.
თანამედროვე ციფრულ ეპოქაში კიბერჰიგიენა არჩევანი აღარ არის - ეს აუცილებლობაა. ინტერნეტში საკუთარი უსაფრთხოების დაცვა ინფორმირებულობას, პრაქტიკულ ქმედებებსა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. მხოლოდ რამდენიმე მარტივი, ზემოაღნიშნული წესის დაცვით შეგვიძლია შევქმნათ დაცული ონლაინ გარემო, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს ინტერნეტით უფრო უსაფრთხოდ და თავდაჯერებულად ვისარგებლოთ.
გახსოვდეთ, კიბერჰიგიენა თქვენი ციფრული “ჯანმრთელობის” მთავარი გარანტიაა.
წყაროები:
- What is Cyber Hygiene? Definition, Benefits, & Best Practices. ხელმისაწვდომია: https://securityscorecard.com/blog/what-is-cyber-hygiene-definition-benefits-best-practices/
- What is Cyber Hygiene and Why is it Important? ხელმისაწვდომია: https://www.upguard.com/blog/cyber-hygiene
იხილეთ ასევე