ინფორმაციული გადატვირთულობა: რატომ ასუსტებს ზედმეტი შინაარსები კრიტიკულ აზროვნებას?
19 მაი. 2026
127 ნახვა

დღეს ახალგაზრდები ცხოვრობენ გარემოში, სადაც ინფორმაციაზე წვდომა უპრეცედენტოდ მარტივია. ამასთანავე, მათ ყოველდღიურად უწევთ უზარმაზარი მოცულობის შინაარსის მიღება, რომელიც ძალიან სწრაფად ვრცელდება. ამერიკული კვლევის თანახმად, სოციალური ქსელების რამდენიმე წუთიანი სქროლვის დროსაც კი მომხმარებლები შეიძლება შეხვდნენ ინფორმაციას ჯანმრთელობაზე, პოლიტიკაზე, პირად ურთიერთობებზე, სხვადასხვა პროდუქტის რეკომენდაციებსა და გლობალურ მოვლენებზე (Park et al., 2025).

ერთი შეხედვით, ასეთი გარემო მაღალი ინფორმირებულობის შთაბეჭდილებას ქმნის. თუმცა, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მოკლე ფორმატში სწრაფად მოწოდებული დიდი რაოდენობის ინფორმაცია ამცირებს იმის შესაძლებლობას, რომ ადამიანმა ეს ინფორმაცია სიღრმისეულად გააანალიზოს და გააზრებული გადაწყვეტილება მიიღოს.

ინფორმაციული გადატვირთვა და კოგნიტური დატვირთვის თეორია

მკვლევრები ამ მოვლენას ინფორმაციულ გადატვირთვას (Information overload) უწოდებენ. ეს არის მდგომარეობა, როდესაც მიღებული ინფორმაციის რაოდენობა აღემატება ადამიანის შესაძლებლობას, რომ ის ეფექტურად დაამუშაოს (Arnold et al., 2023).

ინფორმაციული გადატვირთვა მხოლოდ ინფორმაციის რაოდენობას არ უკავშირდება. მას განაპირობებს ინფორმაციის გავრცელების სიჩქარე, შინაარსის სირთულე, სხვადასხვა პლატფორმაზე გაფანტული შეტყობინებები და წყაროების სანდოობის შეფასების სირთულეც. ასეთ პირობებში იზრდება ყურადღების გაფანტვა და კოგნიტური სტრესი, ხოლო გადაწყვეტილებების სიზუსტე და ხარისხი ხშირად მცირდება.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის, რადგან მათ ერთდროულად უწევთ აკადემიურ პასუხისმგებლობებთან, სოციალურ ურთიერთობებსა და ციფრულ გარემოსთან გამკლავება (Shahrzadi et al., 2024).

ამ პროცესის უკეთ გასაგებად ხშირად იყენებენ კოგნიტური დატვირთვის თეორიას. ამ თეორიის მიხედვით, ადამიანის სამუშაო მეხსიერებას (working memory) შეზღუდული რესურსი აქვს. როდესაც ეს რესურსი მუდმივად ახალი ინფორმაციის სწრაფ დამუშავებას ხმარდება, ნაკლები შესაძლებლობა რჩება უფრო ღრმა ანალიზისთვის — მაგალითად, მტკიცებულებების შეფასებისა და მცდარი არგუმენტების ამოსაცნობად. ასეთ დროს ყურადღება უფრო მეტად ინფორმაციის ნაკადის მართვაზე გადადის, ვიდრე მის გააზრებაზე (Sweller, 1988).

ეს დინამიკა განსაკუთრებით აშკარაა მოზარდების მედია მოხმარების პრაქტიკაში. კვლევების მიხედვით, ახალგაზრდების უმრავლესობა ყოველდღიურად იყენებს ციფრულ პლატფორმებს და ხშირად თითქმის მუდმივ კონტაქტშია ინფორმაციის უწყვეტ ნაკადთან (Park et al., 2025). პლატფორმების დიზაინი მომხმარებლისგან მუდმივ მიკროგადაწყვეტილებებს მოითხოვს: გააგრძელოს თუ არა ყურება, მოახდინოს თუ არა რეაგირება, გააზიაროს თუ გამოტოვოს ინფორმაცია. ასეთი სწრაფი არჩევანის მუდმივმა ნაკადმა დროთა განმავლობაში შეიძლება მნიშვნელოვნად გადატვირთოს კოგნიტური რესურსები, მათ შორის ყურადღება.

კვლევები ასევე აჩვენებს, რომ ადამიანებს, რომლებიც ხშირად რამდენიმე მედია წყაროზე ერთდროულად ანაწილებენ ყურადღებას, უფრო ადვილად ეფანტებათ გონება და უჭირთ ერთი ამოცანიდან მეორეზე გადართვა. ეს მიუთითებს ინფორმაციის გაფილტვრის შედარებით სუსტ უნარზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წყაროების შეფასებისა და მტკიცებულებების გააზრებისთვის (Ophir et al., 2009).

ინფორმაციული გადატვირთვა და გადაწყვეტილების მიღების დაღლილობა

ამ საკითხთან კავშირში ხშირად გამოიყენება ტერმინი გადაწყვეტილების მიღების დაღლილობა (Decision fatigue). ეს ნიშნავს, რომ ხანგრძლივი არჩევანის გაკეთების შემდეგ ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ხარისხი შეიძლება გაუარესდეს.

როდესაც ადამიანს მოკლე დროში ბევრი არჩევანის გაკეთება უწევს, იზრდება ალბათობა, რომ მან თავი აარიდოს რთულ გადაწყვეტილებებს, დაეყრდნოს მარტივ „მოკლე გზებს“ ან იმოქმედოს იმპულსურად (Pignatiello et al., 2018).

აღსანიშნავია, რომ ამ მოვლენის ტრადიციული ახსნა — ე.წ. ეგოს გამოფიტვის თეორია, რომლის მიხედვითაც თვითკონტროლი შეზღუდული რესურსია და დროთა განმავლობაში იწურება — ბოლო წლებში სერიოზულად გადაიხედა. ფართომასშტაბიანმა კვლევებმა მხოლოდ მცირე ეფექტები აჩვენა, რაც მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების დაღლილობა მხოლოდ ნებისყოფის „გამოფიტვით“ ვერ აიხსნება (Hagger et al., 2016).

თანამედროვე კვლევები უფრო მეტად ხაზს უსვამს კოგნიტური გადატვირთვის, ყურადღების გაფანტვისა და მუდმივი მოთხოვნების როლს. აზროვნება და თვითკონტროლი უფრო რთულდება, როდესაც ადამიანის გონება გადატვირთულია, გაფანტულია და მუდმივად იძულებულია მიიღოს მიკროგადაწყვეტილებები.

ინფორმაციული გადატვირთვა და ემოციები

ინფორმაციული გადატვირთვა გავლენას ახდენს ემოციებზეც. ემოციების მართვა კი დამოკიდებულია კოგნიტურ რესურსებზე. კვლევები აჩვენებს, რომ როდესაც სამუშაო მეხსიერება გადატვირთულია — მაგალითად, ინფორმაციის სიჭარბის ან რთული ამოცანების გამო — ადამიანებს უჭირთ ემოციების ეფექტიანად მართვა. განსაკუთრებით სუსტდება ემოციური რეგულირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარი — კოგნიტური გადაფასება (Cognitive reappraisal).

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიაწიგნიერების კონტექსტში. ციფრულ სივრცეში გავრცელებული შინაარსი ხშირად ემოციურად დატვირთულია და მიზანმიმართულად იწვევს სწრაფ რეაქციებს.

როდესაც ყურადღება გადატვირთულია და ემოციური რეაქციები ძლიერდება, ადამიანები უფრო ხშირად რეაგირებენ იმპულსურად, ვიდრე ცდილობენ ინფორმაციის გააზრებასა და გადამოწმებას. ეს პირდაპირ ასუსტებს კრიტიკული აზროვნების უნარს (Gan et al., 2016).

პარადოქსული სურათი

მასწავლებლებისთვის, პედაგოგებისა და მშობლებისთვის ეს დასკვნები ციფრული საინფორმაციო გარემოს მნიშვნელოვან პარადოქსს აჩვენებს: მეტი ინფორმაცია ავტომატურად არ ნიშნავს უკეთეს გაგებასა და ანალიზს.

როდესაც ინფორმაციის მოცულობა და გავრცელების სიჩქარე აღემატება ტვინის დამუშავების შესაძლებლობას, უფრო რთული ხდება ფრთხილი მსჯელობისთვის, წყაროების შეფასებისა და რეფლექსიური განსჯისთვის საჭირო პირობების შენარჩუნება.

ამიტომ, მედიაწიგნიერების განვითარება მხოლოდ ინფორმაციის გადამოწმების სწავლას არ გულისხმობს. ის ასევე მოიცავს ყურადღების მართვის, გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებისა და იმის ამოცნობის უნარის განვითარებას, თუ როდის შეიძლება კოგნიტური გადატვირთვა გავლენას ახდენდეს ადამიანის შეფასების სიზუსტეზე.

პოსტერი - ციფრული გადატვირთვა

გამოყენებული წყაროები

Arnold, M., Goldschmitt, M., & Rigotti, T. (2023). Dealing with information overload: a comprehensive review. Frontiers in Psychology, 14. https://doi.org/10.3389/fpsyg.2023.1122200
Gan, S., Yang, J., Chen, X., Zhang, X., & Yang, Y. (2016). High working memory load impairs the effect of cognitive reappraisal on emotional response: Evidence from an event-related potential study. Neuroscience Letters, 639, 126–131. https://doi.org/10.1016/j.neulet.2016.12.069
Hagger, M. S., Chatzisarantis, N. L. D., Alberts, H., Anggono, C. O., Batailler, C., Birt, A. R., Brand, R., Brandt, M. J., Brewer, G., Bruyneel, S., Calvillo, D. P., Campbell, W. K., Cannon, P. R., Carlucci, M., Carruth, N. P., Cheung, T., Crowell, A., De Ridder, D. T. D., Dewitte, S., . . . Zwienenberg, M. (2016). A multilab preregistered replication of the Ego-Depletion effect. Perspectives on Psychological Science, 11(4), 546–573. https://doi.org/10.1177/1745691616652873
Ophir, E., Nass, C., & Wagner, A. D. (2009). Cognitive control in media multitaskers. Proceedings of the National Academy of Sciences, 106(37), 15583–15587. https://doi.org/10.1073/pnas.0903620106
Park, E., Sidoti, O., & Faverio, M. (2025, December 9). Social media use among US teens, by demographic traits | Pew Research Center. Pew Research Center. https://www.pewresearch.org/internet/fact-sheet/teens-and-social-media-fact-sheet/
Pignatiello, G. A., Martin, R. J., & Hickman, R. L. (2018). Decision fatigue: A conceptual analysis. Journal of Health Psychology, 25(1), 123–135. https://doi.org/10.1177/1359105318763510
Shahrzadi, L., Mansouri, A., Alavi, M., & Shabani, A. (2024). Causes, consequences, and strategies to deal with information overload: A scoping review. International Journal of Information Management Data Insights, 4(2), 100261. https://doi.org/10.1016/j.jjimei.2024.100261
Sweller, J. (1988). Cognitive load during problem solving: Effects on learning. Cognitive Science, 12(2), 257–285. https://doi.org/10.1016/0364-0213(88)90023-7