საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ 2019 წლიდან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან ერთად ახორციელებს პროექტს „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“.
პროექტის მიზანია ანტიდასავლური პროპაგანდისა და დეზინფორმაციისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის მედეგობის გაძლიერება და საქართელოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელება .
ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ ანტიდასავლური პროპაგანდისგან და დეზინფორმაციისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის მედეგობის გაძლიერებისთვის მიიღო. პროექტის საშუალებით შესაძლებელი გახდა საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შესახებ ობიექტური და ყოვლისმომცველი ინფორმაციის მიწოდება ფართო საზოგადოებისათვის, რაც რეგიონებში საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის გაძლიერებით და რეგიონული მედიის მიერ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემატიკის ინტენსიური გაშუქებით გახდა შესაძლებელი.
პროექტის ძირითად სამიზნე აუდიტორია გახლავთ: მოსწავლეები, სტუდენტები, პედაგოგები, ეთნიკური უმცირესობები, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და მედიის წარმომადგენლები და სოფლის მოსახლეობა.
პროექტის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს სტრატეგიული ჯგუფებისთვის დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის ნეგატიური ზეგავლენისა და მათგან თავის დაცვის მექანიზმების შესახებ სისტემატური შეხვედრების განხორციელება. შესაბამისად ცენტრი აქტიურად აწარმოებს მედიაწიგნიერების მნიშვნელობის შესახებ საინფორმაციო კამპანიას პედაგოგებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ეთნიკური უმცირესობებისთვის და საჯარო მოხელეებისთვის.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს კომუნიკაციების კომისიასთან პარტნიორობის ფარგლებში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი შეუერთდა მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების ცნობიერების ამაღლების კვირეულს საქართველოში და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის გამართა ონლაინ სემინარები დეზინფორმაციაზე, მასთან ბრძოლის გზებსა და მედიაწიგნიერების როლზე ამ გამოწვევების საპასუხოდ პროექტის ფარგლებში.
პროექტის სამიზნე ჯგუფებია ახალგაზრდები, პედაგოგები, თვითმართველობების წარმომადგენლები, ეთნიკური უმცირესობები და ის ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან პარტნიორობით.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: http://old.infocenter.gov.ge/2687-dasavluri-integraciis-shesakheb-regionuli-dafarvisa-da-charthulobis-zrda.html