როგორ გავუმკლავდეთ ონლაინ შევიწროებას
18 მარ. 2024
854 ნახვა

სექსუალური შევიწროება ონლაინ სივრცეში გულისხმობს სექსუალური ხასიათის კომუნიკაციას ან კომენტარებს, რომლებიც ადრესატისთვის მიუღებელია, მათ შორის:

1. ინტიმური ფოტოების/ვიდეოების გაზიარების განმეორებითი მოთხოვნა;

2. კიბერბულინგი, რომლის სამიზნეც ადამიანის სექსუალური ქცევა ან იდენტობაა;

3. სექსუალური შინაარსის მასალის ან პორნოგრაფიის გაზიარება ადრესატის თანხმობის გარეშე.

ზოგჯერ, ახალგაზრდებს ჰგონიათ, რომ ონლაინ სექსუალური შევიწროება მოზარდობის განუყოფელი ნაწილი ან ხუმრობაა, ანდა სულაც, ზოგიერთი ადამიანი ამას იმსახურებს. თუმცა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ონლაინ სექსუალური შევიწროება არასდროს არის მსხვერპლის ბრალი და ასეთი ქცევა ნორმას არ წარმოადგენს. გახსოვდეთ, რომ თუ ვინმე დისკომფორტს გიქმნით და გარკვეულ ქმედებას გაიძულებთ, ეს უკანონობაა და ყოველთვის შეგიძლიათ, რომ თქვათარა“. 

ონლაინ სექსუალური შევიწროების ერთ-ერთი სახეა ინტიმური ფოტო ან ვიდეო მასალის გავრცელება ან გავრცელების მუქარა. გამოსახულება კი, შეიძლება იყოს, როგორც რეალური, ასევე, დამუშავებული ან გაყალბებული. ასეთ დროს, დანაშაულზე რეაგირებისთვის აუცილებელია, რომ შევიწროების შესახებ შეატყობინოთ შესაბამის პლატფორმას (მაგალითად, სოციალური მედია, თამაშები ან აპლიკაციები). ასევე, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

1.  პატივი ეცით ერთმანეთს ონლაინ სივრცეში

ყველა ადამიანი იმსახურებს, რომ თავს დაცულად გრძნობდეს ონლაინ სივრცეში. იფიქრეთ, თუ როგორ შეუქმნათ უსაფრთხო გარემო თქვენს გარშემომყოფებს.

2.  ისაუბრეთ ხმამაღლა, თუკი შეგიძლიათ

თუ ხედავთ, რომ ვინმეს სქესის, იდენტობის ან სხვა გარკვეული ნიშნით ავიწროებენ, საჯაროდ დააფიქსირეთ, რომ ეს მიუღებელია. ასევე, დაუკავშირდით მსხვერპლს და შესთავაზეთ დახმარება.

3. თუ ხართ ონლაინ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ან თავად აკეთებთ ამას, ითხოვეთ დახმარება

შესაძლოა, გეშინოდეთ ან გრცხვენოდეთ იმის აღიარება, რიმ სექსუალური შევიწროების მონაწილე ხართ, ან სულაც, უაზრობად მიგაჩნდეთ თქვენი პრობლემის გამოაშკარავება. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ შესაბამისი კონსულტაციის გზით, უფრო თავდაჯერებული გახდებით და ნებისმიერ გამოწვევას ადვილად გადალახავთ.

წყარო: https://www.esafety.gov.au/sites/default/files/2022-01/Online%20sexual%20harassment%20and%20image-based%20abuse%20-%20Young%20People%20Guide.pdf