ზოგჯერ, ადამიანები, რომლებიც ცრუ ან შეცდომაში შემყვან ინფორმაციას აზიარებენ, კრიტიკული აზროვნებისა და მედიაწიგნიერების ენას იყენებენ - ერთი მხრივ, მოუწოდებენ მიმდევრებს, რომ მოიკვლიონ საკითხი და კრიტიკულად შეაფასონ იგი. მეორე მხრივ კი, უპირობო ნდობას მოითხოვენ მათგან. მაშ, როგორ განვსაზღვროთ, მართლა კრიტიკულად ვაზროვნებთ თუ არა? დაუსვით საკუთარ თავს შემდეგი სამი კითხვა:
1. რას ვფიქრობ / რა დამოკიდებულება მაქვს საკითხის მიმართ?
ხშირად, ყურადღებას მხოლოდ ისეთ საკითხებზე ვამახვილბთ, რომლებიც ჩვენს რწმენებს შეესაბამება და ამყარებს. ეს ყოველთვის ცუდი როდია - მეცნიერებაში, მედიცინასა და სხვა დისციპლინებში არსებობს კონსენსუსი, რომ ექსპერტთა აზრი, დიდი ალბათობით, მართალია, ვინაიდან იგი ეყრდნობა კაცობრიობის ხელთ არსებულ ყველა მტკიცებულებას.
მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რა არის კონსენსუსი თემაზე, როდესაც ახალი ინფორმაციის ვალიდურობას აფასებთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ უარყოთ რაიმე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ის არ ემთხვევა თქვენს მოსაზრებებსა და რწმენებს. ამისათვის, ერთ-ერთი გზა ნეიტრალური საძიებო არხების გამოყენებაა. ხშირად, საძიებო სისტემები იმას გაჩვენებენ, რისი პოვნაც, მათი აზრით, თქვენ გსურთ. მაგალითად, თუ საძიებო სისტემაში ჩაწერთ კითხვას - „მაჭკატები ჯობია ვაფლს?“, დიდი ალბათობით, პასუხი, რომელსაც იპოვით იქნება „დიახ“. თუმცა, თუკი დასვამთ კითხვას - „ვაფლი ჯობია მაჭკატებს?“, პასუხი საპირისპირო იქნება. ნაცვლად ამისა, შეარჩიეთ ნეიტრალური ტონი - მაგალითად, „ვაფლისა და მაჭკატების შედარება“.
2. რატომ ვარ მიდრეკილი მიღებული ინფორმაციის დაჯერების ან მისი უზუსტობის დამტკიცებისაკენ?
სკეპტიკურობა კარგია. თუმცა, ზოგჯერ, ეჭვქევშ ნაკლებად ვაყენებთ იმ საკითხებს, რომლებიც გვინდა მართალი იყოს და უფრო სკეპტიკურები ვართ იმ საკითხების მიმართ, რომელთა დაჯერებაც არ გვინდა. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ ამა თუ იმ პოლიტიკური საკითხის შესახებ რადიკალური პოზიციის მქონე ორივე მხარე მედიას მეორე პოლუსისადმი მიკერძოებულობაში ადანაშაულებს.
ვიდრე რაიმეს დაიჯერებთ, საკუთარ თავს კითხვა დაუსვით, იმავე გადაწყვეტილებას მიიღებდით თუ არა, რომ არ გინდოდეთ ინფორმაციის ნამდვილობა. დარწმუნდით, რომ ერთი და იგივე მიდგომა გაქვთ ყველა საკითხის მიმართ, მიუხედავად იმისა მათი დაჯერება გინდათ და არა.
3. რა შემაცვლევინებდა აზრს საკითხის შესახებ?
წარმოიდგინეთ, რომ ფაზლს აწყობთ. კონსპირაციული თეორიის მიმდევრებმა უკვე იციან, თუ როგორ გამოიყურება დასრულებული ფაზლი. თუმცა, ისინი მხოლოდ ისეთ ნაწილებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომლებიც მათ იდეებს ამყარებს. ისეთ ნაწილებს კი, რომლებიც კითხვის ნიშნებს დაბადებდა, თავიდან იცილებენ.
სწორედ ამიტომაც, კრიტიკული აზროვნების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია ახალი/განსხვავებული ინფორმაციისადმი მიმღეობა და მზაობა აზრის შესაცვლელად. ვიდრე რაიმეს გადაამოწმებ, მოიფიქრე, თუ რა დაგარწმუნებდა მის ჭეშმარიტებაში:
- რა მოხდებოდა, თუ სანდო ფაქტების შემმოწმებელი დაამტკიცებდა მის სიზუსტეს/სიყალბეს?
- რა მოხდებოდა, თუ წყარო აღმოჩნდებოდა სანდო საინფორმაციო სააგენტო, ან თუ გაიგებდით, რომ იგი არასანდო წყაროა, რომელიც შემჩნეულია დეზინფორმაციის გავრცელებაში?
გახსოვდეთ, რომ ვიდრე ინფორმაციას დაიჯერებთ, საჭიროა მისი გადამოწმება რამდენიმე სანდო წყაროსთან, საუკეთესო შემთხვევაში კი - პირველწყაროსთან.