როგორ გავშიფროთ ფოტოსურათი
02 აგვ. 2023
1266 ნახვა

შეცდომაში შემყვანი შინაარსი, როგორც დეზინფორმაციის ერთ-ერთი სახე, ყველგან შეიძლება შეგვხვდეს სხვადასხვა ფორმით, როგორიცაა სათაური, ძირითადი ტექსტი, სურათები და ვიდეოები. ვიზუალური შინაარსი, განსაკუთრებით კი, შეცდომაში შემყვანი სურათები, ონლაინ სივრცის თანმდევი ნაწილია და სხვადასხვა მიზნით შეიძლება იყოს შექმნილი. ისინი ჩვენი ონლაინ რეალობის ნაწილი არიან და მიზნად ისახავენ ჩვენი შეხედულებების შეცვლასა და საზოგადოებისათვის ზიანის მიყენებას.

ამდენად, როგორ გავშიფროთ ვიზუალური გამოსახულებები და ფოტოსურათები? როგორ შევძლოთ სხვადასხვა ელემენტებზე ყურადღების გამახვილება და მათი სათქმელის დანახვა? მომხმარებელთა ინტერესების დაცვის ევროპული ასოციაცია (EAVI) რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას გვთავაზობს:

1. როგორია თქვენი პირველი შთაბეჭდილება?

ერთი შეხედვით, რას გეუბნებათ ფოტოსურათი? როგორი შთაბეჭდილებას გიქმნით? შეხედეთ მას მთლიანად და შემდეგ დაყავით მცირე ელემენტებად. ეცადეთ, იპოვოთ დამატებითი ინფორმაცია.

2. შინაარსის შეფასება

რა კონცეფცია უდევს საფუძვლად? სად და როდის არის გადაღებული ფოტოსურათი? ვინ არის ასახული მასზე? როგორია მათი ემოციები? ყველა ელემენტმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ფოტოსურათის ძირითად სათქმელზე, რომლის გადმოცემასაც ავტორი/გამავრცელებელი ცდილობს.

3. ყურადღება გაამახვილეთ დეტალებზე

რა შეგრძნებას გიჩენთ ფოტოსურათზე ასახული საგნები და ადამიანები? როგორ მოქმედებენ? როგორ გამოიყურებიან? ასახულია თუ არა რამეფარულიშეტყობინება ფოტოსურათზე? არის თუ არა რამე ისტორია ფოტოს უკან? დეტალებმა, ცალკე აღებულმა და ერთად, შესაძლოა შეცვალოს ფოტოსურათის შინაარსი.

4. აქტიური მონაწილე თუ პასიური დამკვირვებელი?

შეგიძლიათ შეიგრძნოთ ფოტოს იდეა? შეგიძლიათ გაიგოთ როგორ გრძნობენ თავს ფოტოსურათზე გამოსახული ადამიანები? თავი მხოლოდ მაყურებელი გგონიათ თუ ფოტოსურათის ნაწილი? ზოგიერთ ფოტოსურათს შეუძლია თავი გვაგრძნობინოს კონცეფციის მონაწილედ და, ამდენად, ჩვენს გრძნობებსა და ემოციებზე იმოქმედოს.

5. საბოლოო დასკვნა

დეტალების შეფასების შემდეგ, ფიქრობთ რომ ფოტოსურათი ემსახურება თავის მიზანს? შეესაბამება თუ არა თანდართულ შეტყობინებას? როგორ გრძნობთ თავს? როგორია თქვენი დასკვნები?

კრიტიკული კითხვების დასმა ფოტოსურათების გაშიფვრის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია. ამდენად, ვიდრე ვირტუალურ სივრცეში გავრცელებული ფოტოსურათის ავთენტურობას დაიჯერებთ, კარგად დააკვირდით მას და ყურადღება გაამახვილეთ თითოულ დეტალზე.

წყარო: https://eavi.eu/how-to-read-a-photograph/