კითხვები რომლებიც დაგეხმარებათ ყალბი ინფორმაციის აღმოჩენაში
20 ივლ. 2023
1372 ნახვა

იცოდით, რომ საშუალო ასაკის ადამიანების თითქმის მეოთხედი ცრუ ახალ ამბებს აზიარებენ სოციალურ ქსელში? ასევე ყველაზე მეტად, სწორედ ისინი იჯერებენ სოციალურ ქსელში დამეგობრებული ადამიანებისა და ახლობლების მიერ გაზიარებულ სიახლეებს, ფაქტების დადასტურების გარეშე. უფრო მეტიც, მათთვის სოციალურ ქსელში მეგობრების მიერ გაზიარებული ინფორმაცია უფრო სანდოა და დამაჯერებელი, ვიდრე ნებისმიერი სხვა.

აქედან გამომდინარე, ყველა ონლაინ პლატფორმას, საინფორმაციო ორგანიზაციასა თუ ინდივიდს ეკისრება პასუხისმგებლობა თაღლითობისა და ყალბი ამბების გავრცელების თავიდან აცილებაში. ასე რომ, მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ ინფორმაციის სანდოობაში სანამ მას გააზიარებთ. ეს იმას არ გულისხმობს, რომ აღარაფერი დაიჯეროთ და ყველაფერი ეჭვქვეშ დააყენოთ, თუმცა მნიშვნელოვანია ინფორმაციის გაზიარებამდე დაფიქრდეთ შემდეგ საკითხებზე:  

- შესაძლებელია თქვენს მიერ გაზიარებლ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვინმემ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოს (ჯანმრთელობა, კარიერა, მოგზაურობა და ა.შ.)?

- გაზიარებული ინფორმაცია აქტუალურ და საკამათო საკითხებს ეხება?

- ინფორმაცია ზედმეტად კარგი ხომ არ არის იმისთვის, რომ სიმართლე იყოს? ნამდვილად რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული, თუ უბრალოდ მოგვწონს და გვინდა დავიჯეროთ?

თუ რომელიმე ამ კითხვაზე პასუხი არის „კი“, მაშინ კიდევ რამდენჯერმე გადაამოწმეთ ინფორმაცია სანამ არ დარწმუნდებით მის სრულ ჭეშმარიტებაში.

კლასიკური 5 კითხვა, რომელიც დაგეხმარებათ ყალბი ინფორმაციის აღმოჩენაში.

1. რა სახის ყალბ ინფორმაციას უნდა ვერიდოთ?

სანამ რაიმეს დაიჯერებთ ან გააზიარეთ, დარწმუნდით, რომ ეს არ არის რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი:

  • ხუმრობები (Hoaxes) და ყალბი ამბები: ისინი მიზანმიმართულად ვრცელდება ადამიანების შეცდომაში შეყვანის მიზნით.ზოგჯერ ეს მოტივირებულია ბოროტი განზრახვებით, ზოგჯერ იდეოლოგიით ან პოლიტიკით, ზოგჯერაც კი ფინანსური სარგებელის მიღებით. 
  • თაღლითური სქემები: სქემები წარმოადგენს მიმზიდველ შემოთავაზებებს, რომლებიც ტყუილია და მხოლოდ თქვენი პერსონალური მონაცემების მოსაპოვებლადაა შექმნილი. მონაცემების შევსების შემდეგ კი თაღლითებს ეძლევათ წვდომა საბანკო მონაცემებსა და პირად ინფორმაციაზე. ასეთი ყალბი შემოთავაზება შესაძლოა, გთავაზობდეთ კონკრეტულ ბმულზე დაწკაპუნებას ან მის ჩამოტვირთვას, რის შედეგადაც „ვირუსდება“ თქვენი მოწყობილობა და ხელმისაწვდომი ხდება თაღლითებისთვის.
  • რეკლამები: ზოგიერთი რამ, რაც სწრაფად ვრცელდება, აშკარად რეკლამაა, თუმცა ხშირად შენიღბულია როგორც "რეალური" შინაარსი. მნიშვნელოვანია გაიაზროთ, რომ სატირული, კომერციული და პაროდიული რეკლამა არანაირად არ ასახავს რეალობას.  

2. რატომ ვრცელდება ყალბი ინფორმაცია?

ემოციურია, სენსაციურია, განსაკუთრებულია, მნიშვნელოვანია, მოსაწონია, საშიშია, სასაცილოა, გამაღიზიანებელია. როდესაც ინფორმაცია დატვირთულია ისეთი შინაარსით, რომელიც გავლენას ახდენს ემოციებზე ან ემთხვევა თქვენს მოლოდინებს, სტერეოტიპებსა და დამოკიდებულებებს შესაძლოა მარტივად დაიჯეროთ ის, გააზიაროთ ან უბრალოდ გახსნათ ბმული, რაც ხელს შეუწყობს მის სწრაფად გავრცელებას.  

3. ვინ ავრცელებს? როგორი რეპუტაციის მქონეა წყარო?

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უფროსები მეტად ენდობიან ისეთ ინფორმაციას, რომელიც თავიანთი მეგობრების მიერ არის გაზიარებულია. მნიშვნელოვანია, ყოველთვის გამოიკვლიოთ პოსტის გავრცელების პირველწყარო და დაადგინოთ რამდენად ლეგიტიმურია ისტორიის შემქმნელი.

- თუ ინფორმაცია ეყრდნობა რომელიმე კონკრეტულ წყაროს, გადაამოწმეთ, რომ ნამდვილად არსებობს ასეთი წყარო და ის ნამდვილად ჭეშმარიტ ფაქტებს ასახავს.

- თუ ინფორმაცია ჯამრთელობის ან მეცნიერების შესახებაა, დარწმუნდით, რომ ეს ინფორმაცია ლეგიტიმური, სფეროს მცოდნე ექსპერტების მიერ არის დადგენილი და დასაბუთებული.

- თუ ეს არის ფოტო, რომელიც ხდება კონკრეტულ ადგილას, ეცადეთ დაადგინოთ ნამდვილად იმ ტერიტორიაზეა თუ არა გადაღებული ეს ფოტო, რადგან შესაძლოა ფოტო სხვა ადგილას იყოს გადაღებული და სხვა რეალობას ასახავდეს და არა იმას, რომლის მიმართებითაც არის გამოყენებული.

- შეამოწმეთ სხვაგან თუ არის რაიმე მსგავსი გამოქვეყნებული. თუ არა, ფრთხილად იყავით და კარგად გამოიძიეთ ინფორმაცია. შესაძლოა, ის არ აღმოჩნდეს სიმართლე.  

- დააკვირდით, ზოგადად რა სახის ინფორმაციებს ავრცელებს წყარო, თუ ის ძირითადად ემოციებზე დაფუძნებული შინაარსის მასალას ავრცელებს, ფრთხილად იყავით, შესაძლოა, ეს ყალბი ინფორმაცია აღმოჩნდეს.   

  4. როდის დაიწყო ინფორმაციის გავრცელება?

- ხშირად ხდება, რომ ახალი ინფორმაცია ძველი ფოტოებით ან აღწერით ვრცელდება. მაგალითად, თუ ერთხელ მოხდა დიდი წყალდიდობა, შესაძლოა ამ მოვლენის ამსახველი შემზარავი ფოტო ყოველ ჯერზე გავრცელდეს, რამდენჯერაც წყალდიდობა გამეორდება. ამისათვის საჭიროა გამოვიკვლიოთ ფოტოს პირველადი წარმომავლობა და დავადგინოთ როდის და რა მიზნით შეიქმნა ის. ასევე ყურადღება მიაქციეთ ფოტოზე გაკეთებულ სლოგანებსა და ციფრულ მონაცემებს. მათი გადამოწმებით შესაძლოა დადგინდეს, რომ ეს ინფორმაცია და მონაცემები სხვა მოვლენას ან პერიოდს უკავშირდება და არა ფოტოზე ასახულს.

- გადაამოწმეთ როდის დაიწყო ორიგინალი პოსტების ანგარიშმა ფუნქციონირება. თუ ანგარიში ახალია, ან იმ მოვლენის მოხდენის პერიოდში დაიწყო ფუნქციონირება, რომელსაც ავრცელებს, ფრთხილად იყავით, შესაძლოა ის მიზანმიმართულად შეიქმნა და არ ასახავს ჭეშმარიტ ინფორმაციას.

- არ დაგავიწყდეთ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ ყველაფრის მიმართ, რაც პირველ აპრილს იქნა გამოქვეყნებული!

   5. სად შეიძლება ინფორმაციის გადამოწმება?

- სურათების გადასამოწმებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ www.tineye.com. TinEye შესაძლოა დაინსტალირდეს ბრაუზერში, რაც მოგცემთ შესაძლებლობას ფოტო გადაამოწმოთ მხოლოდ მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაწკაპუნებით.

- გადაამოწმეთ ინფორმაცია ფაქტჩეკერების გვერდებზე. მაგალითად, უცხოური ამბებისთვის გამოგადგებათ: www.snopes.com  

- არსებობს რამდენიმე კარგი ვიდეო, რომელიც დაგეხმარებათ შეისწავლოთ ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის მეთოდები.

მაგალითად, BBC-ს აქვს შესანიშნავი ვიდეო ყალბი ამბების შესახებ. იხილეთ ბმული: https://www.youtube.com/watch?v=1aTApGWVGoI.

Columbia Journalism Review-მ გამოაქვეყნა გზამკვლევი, როგორ გამოიყურება ნამდვილი ამბები და როგორია ყალბი ამბები: https://www.cjr.org/analysis/fake-news-real-news-list.php

 

წყარო : https://mediasmarts.ca/sites/default/files/tip-sheet/tipsheet_authentication101.pdf