პირადობის ქურდობა ეწოდება დანაშაულს, როდესაც თაღლითები თქვენი ნებართვის გარეშე თქვენი პირადი ან ფინანსური ინფორმაციით სარგებლობას ცდილობენ. პირადობის ქურდმა შესაძლოა მოიპოვოს და გამოიყენოს თქვენი სახელი და მისამართი, საკრედიტო ბარათის ან საბანკო ანგარიშების ნომრები, სამედიცინო დაზღვევის ნომერი ან თქვენი მაიდენტიფიცირებელი სხვა მონაცემი. როგორც წესი, ასეთი ქმედების უკან თქვენ წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენის განზრახვა დგას.
პერსონალური ინფორმაციის გამოძალვა რამდენიმე ფორმით შეიძლება განხორციელდეს, მათ შორის:
- ელექტრონული ფოსტის, სოციალური მედიისა თუ აპლიკაციის გამოყენებით, სადაც თაღლითები თავს ასაღებენ პატივსაცემ ორგანიზაციად (მაგალითად, ბანკად, ფოსტად და ა.შ.);
- მომხმარებლის მოტყუების გზით დარწმუნებით იმაში, რომ გადმოწეროს კონკრეტული დამაზიანებელი პროგრამა ან ვირუსი (მაგალითად, მოგივათ შეტყობინება, რომ მოიგეთ სასაჩუქრე ვაუჩერი და მის მისაღებად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია პირადი მონაცემების შეყვანით);
- შესაძლოა, შექმნან ცალკეული ვებგვერდი, რომელიც საძიებო სისტემაში შეგხვდებათ. მაგალითად, სამსახურის ძიებისას, ყალბ ვაკანსიას გადააწყდებით, რომლით დაინტერესების შემთხვევაშიც, მოგიწევთ თქვენი პირადი ნომრისა და სხვა დეტალების შეყვანა სარეგისტრაციო ფორმაში.
აღნიშნული შეტევებისგან თავის დასაცავად, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:
◾ დააყენეთ ძლიერი პაროლები სხვადასხვა ელექტრონულ მოწყობილობებსა და ანგარიშებზე ერთი და იმავე პაროლის დაყენება სერიოზული რისკის ქვეშ გაყენებთ. თუ ერთსა და იმავე პაროლს გამოიყენებთ, თაღლითებს გაუადვილებთ თქვენს ყველა ანგარიშზე წვდომას. არ გამოიყენოთ თქვენი სახელი ან დაბადების თარიღი პაროლად და ყოველთვის შეცვალეთ იგი, თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კონფიდენციალურობა შეიძლება საფრთხის ქვეშ იყოს.
◾ ფრთხილად იყავით საეჭვო შეტყობინებებთან და ვებგვერდებთან არ გახსნათ საეჭვო ბმულები და შეტყობინებები. თქვენი შეცდომაში შეყვანის მიზნით, თაღლითები ხშირად იყენებენ ბანკისა თუ სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციის მიმსგავსებულ ელექტრონულ ფოსტასა და ვებგვერდებს. მეტიც, შეიძლება გთხოვონ დამაზიანებელი ფაილების გახსნაც, რაც თაღლითებს თქვენს კომპიუტერსა და მონაცემებზე პირდაპირ წვდომას მისცემს.
◾ ხშირად შეამოწმეთ თქვენი ფინანსური ანგარიშების ამონაწერი და გაუფრთხილდით თქვენს პირად ინფორმაციას პერიოდულად აკონტროლეთ თქვენი საბანკო ტრანზაქციების ამონაწერები და თუკი რაიმე საეჭვოდ მოგეჩვენებათ, გადაამოწმეთ ოფიციალურ მხარესთან. გარდა ამისა, ნუ ისარგებლებთ საჯარო Wi-Fi კავშირებით მნიშვნელოვან ანგარიშებზე შესასვლელად და აუცილებლად გამოიყენეთ ორმაგი ავტორიზაციის მეთოდი, რაც თქვენს სახელსა და პაროლთან ერთად, დამატებითი მონაცემის შეყვანას გულისხმობს და უსაფრთხოების გაძლიერებულ პარამეტრს წარმოადგენს.