რჩევები ახალგაზრდა რეპორტიორებს: როგორ შევქმნათ, გამოვაქვეყნოთ და გავაზიაროთ კონტენტი
15 ივლ. 2024
1033 ნახვა

წარმოგიდგენთ ერთ-ერთი ევროპული პროექტის (Mobile Stories) ფარგლებში შექმნილ ახალგაზრდა რეპორტიორთა ქცევის კოდექსს, რომელიც არამხოლოდ მომავალ ჟურნალისტებს, არამედ, სოციალური ქსელების აქტიურ მომხმარებლებსაც გამოადგებათ. კოდექსი შემდეგ პრინციპებს ემყარება:

◾ იხელმძღვანელეთ სიმართლით

- არ დაეყრდნოთ ჭორებს
სანამ ინფორმაციას გააზიარებთ, გადაამოწმეთ მისი სანდოობა და ყოველთვის მიუთითეთ გამოყენებული წყარო.

- გამიჯნეთ ფაქტი მოსაზრებისგან

ფაქტი არის გადამოწმებადი და შეიძლება იყოს ნამდვილი ან მცდარი. მოსაზრება კი, გამოხატავს გრძნობას, დამოკიდებულებას, მსჯელობას ან რწმენას. მოსაზრება არც მართალია და არც მცდარი - ის შეიძლება ზოგიერთისთვის მეტად დამაჯერებელი იყოს, ზოგისთვის კი ნაკლებად.

- შეარჩიეთ შინაარსის შესაბამისი სათაურები
განურჩევლად იმისა, ტექსტის ფორმა აქვს თქვენს კონტენტს, ფილმისა თუ პოდკასტის, დარწმუნდით, რომ სათაური გამოხატავს შინაარსს და თქვენს აუდიტორიას არ შეიყვანს შეცდომაში მცდარი მოლოდინის შექმნით.

- თავი შეიკავეთ ანონიმური წყაროების გამოყენებისგან
არ გამოიყენოთ ანონიმური წყაროები, თუ ამის გარდაუვალი საჭიროება არ არსებობს და მისი თავიდან აცილება შესაძლებელია.

- გადაამოწმეთ წყაროები
სიფრთხილით გამოაქვეყნეთ და გახსოვდეთ, რომ ყველა მოსაზრების გასაჯაროება არ ღირს.

- წარმოადგინეთ განსხვავებული შეხედულებები
ყოველთვის ეცადეთ, წარმოადგინოთ რამდენიმე განსხვავებული პერსპექტივა. თუ ვინმეს აკრიტიკებენ, დარწმუნდით, რომ ადამიანს პასუხის გაცემის შესაძლებლობა აქვს.

- თავი შეიკავეთ რეკლამებისგან
ნუ გამოაქვეყნებთ კონტენტს მხოლოდ ფინანსური სარგებლის მიღების ან კონკრეტული ადამიანის, ბრენდისა და ორგანიზაციის პიარისთვის.

◾ პატივი ეცით სხვა ადამიანებს


- ნუ შექმნით საზიანო კონტენტს
არ დაპოსტოთ არაფერი სხვების შესახებ, რის გაზიარებასაც თავად არ ისურვებდით.

- მოიპოვეთ თანხმობა
ყოველთვის მოიპოვეთ თანხმობა, ვიდრე ადამიანის ფოტო ან ვიდეო მასალას გააზიარებთ.

- გადაამოწმეთ კომენტარები, ვიდრე გამოაქვეყნებთ
მიეცით რესპონდენტებს საშუალება, შეიტანონ მცირედი ცვლილება საკუთარ კომენტარში, ვიდრე საჯარო გახდება იგი.

- იყავით გულწრფელი ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ინფორმაციის გამოყენებასთან დაკავშირებით
ყოველთვის აღნიშნეთ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული კონტენტი. გახსოვდეთ, რომ ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩაანაცვლებს თქვენს როლს, მოიკვლიოთ ინფორმაცია პირველად წყაროებთან, ჩაატაროთ ინტერვიუ და გადაამოწმოთ ფაქტები.

- ფრთხილად იყავით სენსიტიურ საკითხებთან
გაითვალისწინეთ თქვენი აუდიტორიის ასაკი და ნუ გამოაქვეყნებთ შეუსაბამო კონტენტს. ასევე, ხაზს ნუ გაუსვამთ ისეთ სენსიტიურ საკითხებს, როგორებიცაა სექსუალური ორიენტაცია, რელიგიური იდენტობა ან ეთნიკური წარმომავლობა, თუკი ეს კონტექსტისთვის არ არის მნიშვნელოვანი. გამოიჩინეთ ემპათია სხვა ადამიანების მიმართ და ნუ ჩაწერთ შოკში მყოფ ან დაშავებულ ადამიანებს.

◾ დაიცავით ინტელექტუალური საკუთრების უფლება


- გამოიყენეთ ავტორიზებული ვიზუალური მასალა
შეარჩიეთ მხოლოდ ისეთი ფოტო, ვიდეო და ხმოვანი მასალა, რომლის გამოყენების უფლებაც გაქვთ და აუცილებლად მიაწერეთ ავტორი. უკეთეს შემთხვევაში კი, გამოიყენეთ საკუთარი კონტენტი.

თავიდან აიცილეთ პლაგიატი
თუკი სხვა მედიაწყაროს მასალას იყენებთ, ცხადად მიუთითეთ ავტორი.

წყარო: Mobile StoriesxTrust Project Code of Ethics, https://publiceringsverktyg.mobilestories.se/en/young-reporters-code-of-ethics/