UNESCO-ს 5 კანონი მედიაწიგნიერებისა და ინფორმაციული წიგნიერების შესახებ
23 ივნ. 2023
1571 ნახვა

მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO) აქტიურად მონაწილეობს მედიაგანათლების ხელშეწყობაში. UNESCO მიზნად ისახავს ისეთი ჯგუფების მედიაწიგნიერებისა და ინფორმაციული წიგნიერების კომპეტენციების განვითარებას, როგორებიც არიან: პოლიტიკის შემქმნელები, მასწავლებლები, მედიის წარმომადგენლები, ახალგაზრდული ორგანიზაციები და დაუცველი მოსახლეობა. გარდა ამისა, ორგანიზაცია თანამშრომლობს წევრ სახელმწიფოებთან და ეხმარება მათ მედიაწიგნიერებისა და ინფორმაციული წიგნიერების პოლიტიკისა და სტრატეგიების შემუშავებაში.

UNESCO მედიაწიგნიერებასა და ინფორმაციულ წიგნიერებას ადამიანის უფლებების შემადგენელ ნაწილად მოიაზრებს და გვთავაზობს შემდეგ 5 კანონს, რომლის გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია საჯარო პოლიტიკისა თუ საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვისას:       

პირველი კანონი

კრიტიკული სამოქალაქო ჩართულობისა და მდგრადი განვითარებისთვის საჭიროა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ბიბლიოთეკების, მედიის, ინტერნეტისა და ინფორმაციის სხვა წყაროების გამოყენება. ისინი თანაბარი სტატუსით სარგებლობენ და არცერთი მათგანი არ არის უფრო რელევანტური, ვიდრე რომელიმე სხვა.

მეორე კანონი

ყველა მოქალაქე არის ინფორმაციის/ცოდნის შემქმნელი და შეტყობინების მატარებელი. შესაბამისად, საჭიროა მოქალაქეთა გაძლიერება, რომ ჰქონდეთ ახალ ინფორმაციაზე/ცოდნაზე წვდომა და შეძლონ საკუთარი შეხედულებების გამოხატვა. მედიაწიგნიერება და ინფორმაციული წიგნიერება არის ყველასთვის, ქალი იქნება თუ კაცი, და ადამიანის უფლებების შემადგენელი ნაწილია.

მესამე კანონი

ინფორმაცია, ცოდნა და შეტყობინებები ყოველთვის ნეიტრალური და მიუკერძოებელი არ არის. მედიაწიგნიეერებისა და ინფორმაციული წიგნიერების  ნებისმიერი სახის კონცეფტუალიზაცია, გამოყენება და აპლიკაცია ნათლად და ყველა მოქალაქისათვის გასაგებად უნდა განმარტავდეს ამ დათქმას.

მეოთხე კანონი

ყველა მოქალაქეს სურს, მიიღოს ახალი ინფორმაცია, ცოდნა და შეტყობინებები, ისევე, როგორც შეძლოს კომუნიკაცია, მაშინაც კი, თუ ის ამას ვერ აცნობიერებს, აღიარებს ან გამოხატავს. მათი უფლებები არასდროს უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ.

მეხუთე კანონი

მედიაწიგნიერება და ინფორმაციული წიგნიერება ერთბაშად არ ისწავლება. ეს არის დინამიკური გამოცდილება და განგრძობადი პროცესი. იგი სრულყოფილია, როდესაც მოიცავს ცოდნას, უნარებსა და დამოკიდებულებებს და ფარავს ინფორმაციაზე წვდომის, მისი შეფასების, გამოყენების, შექმნისა და კომუნიკაციის ასპექტებს.

წყარო: UNESCO, (2021). Media and Information Literacy: Reinforcing Human Rights, Countering Radicalization and Extremism. https://unesdoc.unesco.org/ark:/48223/pf0000246371