ყალბი ინფორმაცია სოციალური მედიის შექმნამდე დიდი ხნის წინ არსებობდა, როდესაც ამბები ბეჭდური მედიისა და ტაბლოიდების საშუალებით ვრცელდებოდა. ისტორიაში ბევრ ყალბ ინფორმაციას წავაწყდებით, რომლებიც ფაქტებზე არ არის დაფუძნებული, ისინი მხოლოდ მოსაზრებებს წარმოადგენს და კონკრეტულ მიზანს ემსახურება.
„ყვითელი“ პრესის შექმნის ისტორია
1890-იან წლებში კონკურენტები, ამერიკელი გაზეთების გამომცემლები ჯოზეფ პულიცერი და უილიამ ჰერსტი ერთმანეთს სენსაციური სათაურებისა და ჭორების გაშუქებაში ეჯიბრებოდნენ, რამაც საგრძნობლად გაზარდა მათი გაზეთის გაყიდვების რაოდენობა. მოგვიანებით ეს პრაქტიკა „ყვითელი“ პრესის სახელით გახდა ცნობილი, რომლის აქტუალობის მიზეზი სწორედ სენსაციური სათაურები იყო. ორგანიზაციებისთვის ფინანასური კეთილდღეობის გაუმჯობესების გარდა, „ყვითელმა“ პრესამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა საზოგადოების აზრის ფორმირებაზე. იმ დროის გაზეთებში გამოქვეყნებულმა დაუჯერებელმა ამბებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აშშ-ს 1898 წლის ესპანეთ-ამერიკის ომში ჩაბმაში.
„ყვითელი“ პრესის უკონტროლო გავრცელება თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში გრძელდებოდა. საბოლოოდ, ჟურნალისტური კეთილსინდისიერების ნაკლებობამ გამოიწვია საპასუხო რეაქცია: საზოგადოებამ მოითხოვა უფრო ობიექტური და სანდო საინფორმაციო წყაროები, რაც მე-20 საუკუნის დასასრულს შექმნილმა The New York Times -მა უზრუნველყო. ამის შემდეგ, „ყვითელი ჟურნალისტიკა“ ნაკლებად პოპულარული გახდა, სანამ ონლაინ სივრცეში შექმნილმა და გავრცელებულმა ყალბმა ახალმა ამბებმა ეს პრაქტიკა უკან არ დააბრუნა.
ყალბი ახალი ამბების ვებგვერდების შექმნის მიზანი
ყალბი ამბების შექმნა და გავრცელება მრავალეტაპიანი პროცესია, რომელიც მოიცავს: ყალბი ვებგვერდის შექმნას, სხვების მიერ შექმნილი შინაარსის მოპოვებას, დამუშავებას, მის გაყალბებას, ან ყალბი და სენსაციური ახალი ინფორმაციის შექმნასა და რეალურ ამბებად წარმოჩენას, შემდეგ სოციალური მედიის სივრცის დაბყრობას და რაც შეიძლება მეტი ყურადღების მიქცევას.
ყალბი ამბების ვებგვერდების შემქმნელებს აქვთ სხვადასხვა მიზანი. ზოგ შემთხვევაში, მათ სურთ, რომ ვიზიტორები განთავსებული შინაარსით პოლიტიკური და პროპაგანდისტული ზეგავლენების ქვეშ მოაქციონ, სხვებს კი უბრალოდ სურთ, რომ ინტერნეტ-მომხმარებლებმა „დააწკაპუნონ“ სენსაციურ სათაურზე ან ფანჯარაზე, რაც მომხმარებელს პირდაპირ კონკრეტულ ვებგვერდზე გადაიყვანს, სადაც დიდი რაოდენობის ყალბი ინფორმაციაა განთავსებული, რომელიც როგორც იდეოლოგიურ ასევე კომერციულ შინაარსს ატარებს.
ვებგვერდების შემქმნელებისათვის, აღნიშნულ პლატფორმაზე განთავსებული რეკლამები შემოსავლის წყაროს წარმოადგენს, რაც იმას გულისხმობს, რომ კონკრეტული პროდუქტის თუ სერვისის მომწოდებელი ვებგვერდს უხდის თანხას მათ გვერდზე რეკლის განთავსებისთვის. შესაბამისად, რაც მეტ ვიზიტორს მოიზიდავს ვებგვერდი, მით უფრო მეტად გაიზრდება მათ მიმართ კომპანიების ინტერესი და დაფინანსება. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ყალბი ახალი ამბების ვებგვერდების შემქმნელთა მიზანია მუდმივად იმაზე ზრუნვა, რომ მეტმა ადამიანმა მოინახულოს მათი ვებგვერდი, ამისთვის კი უამრავ სხვაასხვა მეთოდს მიმართავენ.
წყარო: https://cits.ucsb.edu/fake-news/where
https://cits.ucsb.edu/fake-news/brief-history