კომუნიკაციების კომისიისა და მედიალაბის ორგანიზებით, UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, ყოველწლიურად იმართება „მედიაწიგნიერების გლობალური ჰაკათონი“. კონკურსი 18 წლის ზემოთ ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისთვისაა განკუთვნილი და მონაწილეების მედიაწიგნიერების ირგვლივ არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის მეთოდებზე დაფიქრებას ემსახურება. ჰაკათონის ძირითადი თემებია: დეზინფორმაცია, ციფრული წიგნიერება და კიბერუსაფრთხოება. კონკურსის მიზანს კი ისეთი ინოვაციური პროდუქტების შემუშავება წარმოადგენს, როგორიც ხელს შეუწყობს მედია და ინფორმაციული წიგნიერების განვითარებას.
კონკურსის ფორმატის მიხედვით, საკონკურსო პერიოდში შემოსული ნამუშევრებიდან შეირჩევა 10 საუკეთესო გუნდი, რომლებთანაც მენტორები ორი დღის განმავლობაში იდეების დახვეწაზე ინტენსიურად იმუშავებენ. მესამე დღეს, ჰაკათონის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, მენტორინგის შედეგად შექმნილ საინტერესო პროექტებს გუნდები კომპეტენტური ჟიურის წევრების წინაშე წარადგენენ და წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით (პრობლემის რელევანტურობა, პრობლემის მოგვარების გზის ეფექტურობა და იდეის მდგრადობა) სამი საპრიზო ადგილის მფლობელი გუნდი გამოვლინდება. პირველ ადგილზე გასულს 5000 ლარი გადაეცემა, მეორე ადგილის მფლობელს - 3000, ხოლო მესამე ადგილზე გასულს 1000 ლარი.