კომუნიკაციების კომისიის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტის „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ შედეგებისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, ComCom-ის წევრმა, ნათია კუკულაძემ და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა გახსნეს და მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის უფროსმა, მარიამ დახუნდარიძემ, განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მარიამ ჩიქობავამ და მედიაწიგნიერების ექსპერტმა, ნატალია ინგოროყვამ, პროექტის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარადგინეს, რის შემდეგაც, გადამზადებულმა პედაგოგმა სემინარების ფარგლებში შემუშავებული პროექტი წარადგინა. შეხვედრის ბოლოს, ბენეფიციარებს სერტიფიკატები გადაეცათ.
UNICEF-ის მიერ დაფინანსებული “მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების” პროექტი 2022 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც შემუშავდა საგანმანათლებლო სტანდარტი, სახელმძღვანელო და ტრენინგ-მოდული მასწავლებლებისთვის. პროექტი მიზნად 500 მასწავლებლის გადამზადებას ისახავდა, თუმცა, პედაგოგების მოთხოვნის გამო, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, ზესტაფონში, ამბროლაურში, გორში, მცხეთაში, თელავში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, მარნეულში, ახალციხესა და პანკისში სულ 600-მდე პედაგოგი გადამზადდა.
„მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირება“ მე-10 კლასელებისთვის არჩევითი საგნის დამატებას ემსახურება, რომელსაც მოსწავლეები გადამზადებული მასწავლებლების ხელმძღვანელობით, ერთი სემესტრის განმავლობაში გაივლიან და მედიაწიგნიერების, მედიისა და ინფორმაციის ენის, ინფორმაციის დამუშავებისა და დეზინფორმაციის შესახებ ისწავლიან.
მეტი ამ კატეგორიიდან
ComCom-მა მედიაწიგნიერების სწავლებით დაინტერესებული 200 მასწავლებელი გადაამზადა
36 დღის წინ
ComCom-მა მედიაწიგნიერების სწავლებაში დამატებით 280 მასწავლებელი გადაამზადა
49 დღის წინ
ComCom უნივერსიტეტების ლექტორები მედიაწიგნიერების სწავლებისთვის სპეციალურად შემუშავებული პროგრამით გადაამზადა
74 დღის წინ
ComCom-მა მედიაწიგნიერების სწავლებით დაინტერესებული 85 მასწავლებელი გადაამზადა
85 დღის წინ