ComCom-მა მედიაწიგნიერების სწავლებაში დამატებით 1100 მასწავლებელი გადაამზადა
05 ნოე. 2024
132 ნახვა
მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირება

ComCom-მა მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების მიზნით, მიმდინარე წლის სექტემბრის და ოქტომბრის თვეში 1100 მასწავლებელი მედიაწიგნიერების სწავლებაში გადაამზადა. ტრენინგებს მედიაწიგნიერების ექსპერტი, ნატალია ინგოროყვა, მედიაწიგნიერების ტრენერი, ხათუნა ციხელაშვილი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (TPDC) არაფორმალური განათლების პროგრამის კონსულტანტი და მედიაწიგნიერების ტრენერი, მანანა ჯინჭარაძე და ComCom-ის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენელი, მარიამ ბიბილაშვილი უძღვებოდნენ. შეხვედრების ფარგლებში, მონაწილეები სპეციალურად მედიაწიგნიერების სწავლებისთვის შემუშავებულ საგანმანათლებლო რესურსებს, კერძოდ, საგანმანათლებლო სტანდარტსა და სახელმძღვანელო „მედიაწიგნიერების გაკვეთილებს“ გაეცნენ. გადამზადების შემდეგ, მასწავლებლებს ექნებათ შესაძლებლობა X, XI და XII კლასებში მედიაწიგნიერების არჩევით საგანს გაუძღვნენ და 1 სემესტრის განმავლობაში მოსწავლეებს მედიისა და ინფორმაციის ენა, ინფორმაციის დამუშავება, დეზინფორმაციის სახეები, ყალბი ინფორმაციის აღმოჩენა და სიმართლის დადგენის ტექნიკები შეასწავლონ.

კომუნიკაციების კომისიამ „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, 2022 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, ჩატარდა მედიაწიგნიერების საჭიროებების კვლევა, შემუშავდა საგანმანათლებლო სტანდარტი, სასწავლო მოდული და სახელმძღვანელო. შემუშავებული რესურსებითა და TPDC-ის დახმარებით, კომუნიკაციების კომისიამ საქართველოს მასშტაბით სულ 2700-მდე მასწავლებელი გადაამზადა. აღსანიშნავია ისიც, რომ მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრები ასევე საქართველოს 300 სკოლის დირექტორთან გაიმართა.

პროექტის შედეგად, მედიაწიგნიერება ფორმალურ განათლებაში 2023 წელს ინტეგრირდა, ხოლო იმავე წელს, საქართველოს ექვსმა სკოლამ მედიაწიგნიერების საგანი აირჩია და სწავლება დაიწყო. 2024 წლიდან კი ასეთი სკოლების რიცხვი 227-მდე გაიზარდა, საიდანაც 91%-ს საქართველოს რეგიონის საჯარო სკოლები წარმოადგენენ.

მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროცესის ხელშეწყობა, კომუნიკაციების კომისიისთვის, როგორც ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.