„მედიის ეკონომიკა“ ევროკავშირის ქვეყნებისა და ორგანიზაცია „Evens Foundation“-ის მიერ მედიაწიგნიერების წარმატებულ და ეფექტიან პროექტად არის აღიარებული. მედიაეკონომიკის საგანმანათლებლო კურსი, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ საქართველოში განახორციელა, არის უნიკალური მიდგომა მოზარდებისთვის ციფრული მედიის ეკონომიკის პრინციპების სწავლებისა და ინტერნეტ-საფრთხეების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.
პროექტის სამიზნე აუდიტორიას 12-დან 16 წლამდე მოზარდები წარმოადგენენ. საქართველოს სკოლებში მოსწავლეები ინტერაქტიული ტრენინგების ფორმატით სწავლობენ, როგორ აირჩიონ და გამოიყენონ ციფრული მედია საშუალებები და რაც მთავარია, იღებენ ინფორმაციას ციფრული მედიის ფინანსური და ეკონომიკური ასპექტების შესახებ.
სწავლება მულტიმედიური პლატფორმებისა და ინტერნეტის გამოყენებით, როგორც ჯგუფებში, ისე ინდივიდუალურად, პრაქტიკული და ინტერაქტიული სამუშაოების გზით მიმდინარეობს. საგაკვეთილო სქემა კურსის ავტორთან, „ზაფირიას მედიაგანათლების ცენტრის“ დირექტორთან, ალესანდრა ფალკონესთან ერთად არის შემუშავებული და მორგებულია სპეციალურად ქართულ სკოლებზე. კომუნიკაციების კომისიამ კურსის ავტორი, ცნობილი იტალიელი ექსპერტი საქართველოში ჩამოიყვანა, რომელმაც 60- მდე ქართველი მასწავლებელი და ტრენერი თავად გადაამზადა. სამუშაო შეხვედრაზე მასწავლებლები მედიის ეკონომიკის სწავლების მეთოდსა და პროექტის სილაბუსს გაეცნენ.
2020 წელს პროექტის მასშტაბი გაიზრდება და მოხდება მისი მოდიფიცირება.
დღეს კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების ტრენერები ეტაპობრივად, საქართველოს მასშტაბით ატარებენ "მედიის ეკონომიკის" ტრენინგებს.