კომუნიკაციების კომისიის სტრატეგიული ამოცანა მედიაწიგნიერების განათლების ყველა საფეხურზე ინტეგრირებაა, მათ შორის, ადრეული აღზრდისა და სკოლამდელ განათლებაში.
სწორედ ამ მიზნით, მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტმა ჩაატარა კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა სკოლამდელ განათლებაში მედიაწიგნიერების ინტეგრირების შესაძლებლობის შესწავლას. საერთაშორისო პრაქტიკის მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მედიაწიგნიერების ამ ასაკიდანვე შესწავლა მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვები მანამდე იწყებენ ციფრულ სამყაროსთან ურთიერთობას, სანამ ჯერ კიდევ არ აქვთ ჩამოყალიბებული კრიტიკული გააზრების უნარები. ამ უნარების ადრეული განვითარება ხელს უწყობს ანალიტიკურ აზროვნებას, პასუხისმგებლიან კომუნიკაციას და უსაფრთხო მედია ქცევას. ასევე, კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მნიშვნელოვანია აღმზრდელებისთვის და სკოლამდელი ასაკის ბავშვის მშობლებისთვის მედიაწიგნიერების გზამკვლევის შემუშავება, რომელიც მათ მისცემს ინსტრუმენტს იმისთვის, რომ მედიის მოხმარების პროცესს სწორად და ასაკთან შესაბამისი მეთოდებით წარუძღვნენ.
საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებიდან გამომდინარე, შერჩეულ იქნა ფინური, სკოლამდელი განათლების გზამკვლევი „ბილიკი მედიაწიგნიერებისკენ“. აღნიშნული გზამკვლევი უკვე თარგმნილია და ლოკალიზებულია 9 ენაზე. აღსანიშნავია, რომ რესურსი უკვე დანერგილია სკოლამდელ განათლების სისტემებში ხორვატიასა და სერბეთში, სადაც ის დამკვიდრდა როგორც მშობლებისა და აღმზრდელების ღირებული ინსტრუმენტი სკოლამდელი ასაკის ბავშვებში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშესაწყობად. გზამკვლევი ხელს უწყობს ადრეული ასაკიდან მედია წიგნიერების, ანალიტიკური აზროვნების, ემოციური და სოციალური ინტელექტის, უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი მედია ქცევის უნარების განვითარებას. გზამკვლევში განხილული პრაქტიკული მაგალითები და პედაგოგიური მიდგომები სრულად შეესაბამება საქართველოს განათლების სტანდარტებს.
ინიციატივის ეფექტურად განხორციელებაში კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტთან ერთად გზამკვლევის ქართულ ენაზე თარგმნასა და ადაპტირებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ზოგადი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ - მარი ჩიქობავამ, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (TPDC) ადრეული აღზრდისა და სკოლამდელი განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა და ბავშვთა ფსიქოლოგმა ნინო ლაბარტყავამ და TPDC-ის სკოლამდელი განათლების კონსულტანტმა თამარ საღინაძემ.
გზამკვლევი ხელმისაწვდომია ბმულზე: „ბილიკი მედიაწიგნიერებისკენ“
ინფორმაცია გზამკვლევის შესახებ
„ბილიკი მედიაწიგნიერებისკენ“ წარმოადგენს გზამკვლევს ადრეული აღზრდისა და სკოლამდელი განათლებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს მედიაწიგნიერების დანერგვასა და განვითარებას 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.
პროგრამის შინაარსი და მიზნები
გზამკვლევი შემუშავდა ფინეთის ეროვნული აუდიოვიზუალური ინსტიტუტის (KAVI) მიერ ფინური პროგრამის „ახალი წიგნიერება“ (2020–2022) ფარგლებში.
2025 წელს საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ უზრუნველყო რესურსის ქართულ ენაზე თარგმნა და ადაპტირება.
პროგრამა არ მოითხოვს სპეციალურ ტექნოლოგიებს და თანხვედრაშია საქართველოს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებთან.
გზამკვლევის მიზანია სკოლამდელი ასაკის ბავშვებში ანალიტიკური აზროვნების, ემოციური ინტელექტის, უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი მედიაქცევის უნარების განვიათარება.
გზამკვლევის სტრუქტურა
გზამკვლევი დაყოფილია სამ ძირითად ნაწილად, რომლებიც პედაგოგებს სთავაზობს პრაქტიკულ მეთოდებსა და მაგალითებს:
თავი I - მედიის გაგება და შეფასება: მედიაშინაარსის ანალიზი, სტერეოტიპების ამოცნობა, ნამდვილისა და მოგონილის გარჩევა და კრიტიკული აზროვნების განვითარება.
თავი II - მედიის შექმნა: ბავშვების ჩართვა შემოქმედებით პროცესში, როგორიცაა ანიმაციების, ფოტო/ვიდეო ისტორიების, ან საგანმანათლებლო რეკლამების შექმნა, რაც მედიის ფუნქციონირების გააზრებას უწყობს ხელს.
თავი III - მედიაგარემოში ნავიგაცია: უსაფრთხოების წესების, პირადი მონაცემების დაცვის, ასაკობრივი შეზღუდვების გაცნობიერება და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება.
ძირითადი პრინციპები
თამაშზე დაფუძნებული სწავლება: სწავლება მიმდინარეობს თამაშის, კვლევისა და შემოქმედებითი საქმიანობის გზით, რაც მოტივაციას ამაღლებს.
პედაგოგის როლი: მასწავლებელს არ მოეთხოვება ყველაფრის წინასწარ ცოდნა; იგი ბავშვებთან ერთად იღრმავებს ცოდნას და უწევს მათ მხარდაჭერას.
ხელმისაწვდომობა: აქტივობები მორგებულია ხელმისაწვდომ მედიარესურსებზე, როგორიცაა სმარტფონები, ან შეიძლება შესრულდეს ტექნიკის გარეშეც.
თანამშრომლობა: პროცესში მნიშვნელოვანია მშობლების ჩართულობა და ბავშვის პირადი სივრცისა და საავტორო უფლებების პატივისცემა.





