ციფრული მხარდაჭერის პროგრამა
18 თებ. 2025
ციფრული მხარდაჭერის პროგრამა

ციფრული მხარდაჭერის პროგრამა Log-in Georgia პროექტის (2020-2025) შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიგო პროგრამის მხარდასაჭერად ხორციელდება. აღნიშნული პროექტი საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი საქართველოს მთავრობის, მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.

კომუნიკაციების კომისიამ, ციფრული მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება 2022 წელს დაიწყო. პროგრამის მიზანი საქართველოში სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ინტერნეტის მიზნობრივად გამოყენების სწავლება და ციფრულ ეკონომიკაში ჩართულობის ხელშეწყობაა.

პროგრამა მოიცავს ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების საკითხებზე სემინარებს, რომელიც ემსახურება პროგრამის ბენეფიციარების ცნობიერების ამაღლებას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ინფორმაციის მოძიება, ელ-ფოსტისა და სხვა საკომუნიკაციო აპლიკაციების გამოყენება, გუგლის რუკითა და თარჯიმნით სარგებლობა, ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენება და პირადი მონაცემების დაცვა, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გაცნობა. გარდა თემატური სემინარებისა, პროგრამა მოიცავს საინფორმაციო შეხვედრებს სახელმწიფო ელექტრონული სერვისების შესახებ, მათ შორის, სახელმწიფო ელ-აუქციონის გამოყენების და ინტერნეტის მომხმარებელთა უფლებების თაობაზე.

2023 წელს კომუნიკაციების კომისიამ, მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული და მიზნობრივი ციფრული მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებისთვის, ინტერნეტსაჭიროებების კვლევა ჩაატარა. კვლევის მიზანი იყო სამიზნე პოპულაციაში (საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის ბენეფიციარი სოფლის მოსახლეობა) 1) ციფრული წიგნიერების საჭიროებების შესახებ მაქსიმალურად ობიექტური, მიუკერძოებელი და კომპლექსური სურათის შექმნა, და 2) კვლევით იდენტიფიცირებული საჭიროებების გადაწყვეტის რელევანტური გზების შერჩევა და რეკომენდაციების გაცემა ეფექტური პროგრამის შემუშავებისთვის. კვლევის ფარგლებში, შეფასდა ტრენინგ პროგრამის დაგეგმვისთვის აუცილებელი ყველა კომპონენტი: ცოდნა, უნარები გამოცდილება, ინფორმირებულობა, დამოკიდებულებები, განწყობები და მზაობა. ასევე, შეფასდა ის კონტექსტუალური, გარემო ფაქტორებიც, რომელთა გათვალისწინებაც ასევე მნიშვნელოვანია ვალიდური ტრენინგპროგრამების შემუშავებისათვის.

პროგრამის შედეგები

დღემდე ციფრული მხარდაჭერის პროგრამა წარმატებით განხორციელდა ხელვაჩაურის, ქობულეთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, სამტრედიის, ამბროლაურისა, ონის, ცაგერის, ლენტეხის, ზუგდიდის, აბაშისა და ხობის მუნიციპალიტეტების 200-ზე მეტ სოფელსა და დასახლებული პუნქტში. პროგრამა მიმდინარეობს ჩხოროწყუსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში. საერთო ჯამში, პროგრამის ფარგლებში ჩატარდა 500-ზე მეტი სემინარი და გადამზადდა 6700 ადამიანი. ბენეფიციართა შორის არიან სკოლის პედაგოგები, მაღალი კლასების მოსწავლეები, თვითმმართველობის წარმომადგენლები, ადგილობრივი მცირე მეწარმეები, ბიბლიოთეკარები, შშმ პირები, დიასახლისები და 60+ მოსახლეობა.

2025 წელს ციფრული მხარდაჭერის პროგრამა გაგრძელდება სამეგრელოს (სენაკი, წალენჯიხა) და იმერეთის (ხონი, ვანი, საჩხერე) რეგიონების სამიზნე მუნიციპალიტეტებში.