ინტერნეტის წყალობით, ჩვენ გვაქვს წვდომა განსაცვიფრებლად დიდი მოცულობის ონლაინ ბაზარზე. თუ რამე არსებობს, მაშინ ის დიდი ალბათობით ინტერნეტშიც იქნება განთავსებული. ონლაინ კომერციის უპირატესობების მიუხედავად, არსებობს უამრავი საფრთხე და რისკი, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, რათა ონლაინ შოპინგი დადებით გამოცდილებად აქციოთ.
რა არის ონლაინ კომერციის უპირატესობები?
არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც ონლაინ კომერცია ასეთი პოპულარული გახდა:
მოსახერხებელია: გარდა იმისა, რომ სახლიდან გაუსვლელად ყიდულობთ ნივთს და ის თქვენს სასურველ მისამართზე გეგზავნებათ, ასევე ისტორიის სახით გენახებათ შესყიდვების, ონლაინ გადახდების და მიწოდების თარიღის ელექტრონული ჩანაწერი.
გადახდის მრავალი გზა არსებობს: საკრედიტო ბარათები (ერთჯერადი ან დაბალი ლიმიტის მქონე ბარათები), ონლაინ გადახდის სერვისები, სასაჩუქრე ბარათები, საიტის კრედიტები და ა.შ. ბევრი მათგანი საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ თქვენი ფინანსური ინფორმაცია. განსაზღვროთ ხარჯვის და ერთჯერადად გადასახდელი თანხის ლიმიტი.
ვებ-გვერდებს ჩაშენებული აქვთ უსაფრთხოების ინსტრუმენტები: ბევრი საიტი აღჭურვილია ისეთი ფუნქციებით, როგორიცაა „იკონები“ და გაფრთხილების ნიშნები, რომლებიც გეხმარებათ თაღლითობისგან თავის დაცვაში. თუ მათ იყენებთ, ბევრად უფრო დაცული იქნება თქვენი ონლაინ შოპინგი.
სანამ ნივთს იყიდით, მარტივია პროდუქტის შესახებ კვლევის ჩატარება. ონლაინ რეჟიმში, შეგიძლიათ გაეცნოთ სხვა მომხმარებელთა შეფასებებს პროდუქტებზე, სერვისებსა და ცალკეულ გამყიდველებზე.
რა არის ონლაინ კომერციის რისკები?
ისევე როგორც ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ ინტერნეტში, ონლაინ კომერციას აქვს თავისი რისკები:
ონლაინ შოპინგი შეიძლება იყოს ზედმეტად მოსახერხებელი: მარტივად ჩაგითრევთ ინტერნეტში არსებული ფართო არჩევანი.
სიფრთხილით მოეკიდეთ განსაკუთრებულ შემოთავაზებებს: შეიძლება იყოს ბევრი ფარული ხარჯი, როგორიცაა ტრანსპორტირებისა და ბეგარის გადასახადი.
თაღლითები გვთავაზობენ გარიგებებს, რომლებიც ზედმეტად მიმზიდველია იმისთვის, რომ იყოს სიმართლე. ისინი ყიდიან ყალბ, დაზიანებულ, მოპარულ ან უბრალოდ არარსებულ საქონელს. მარტივად გამოსაყენებელი ვებ დიზაინის პროგრამულმა უზრუნველყოფამ გაუადვილა თაღლითებს შექმნან სრულიად ყალბი მაღაზიები. ცნობილი აუქციონის საიტები და ბაზრები, როგორებიცაა eBay ან Amazon-ი, შეიძლება იყოს რეპუტაციის მქონე, თუმცა მაინც ყოველთვის გადაამოწმეთ ვებ მისამართი, რათა დარწმუნდეთ, რომ სწორ ვებ გვერდზე ხართ.
ზოგჯერ, მომხმარებლის ინფორმაცია არქივდება და ინახება გამყიდვლის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ შენახვის შესაძლებლობას გვთავაზობენ, ერთი შეხედვით ჩვენი კომფორტისთვის, რათა ერთი ქლიქით შევისყიდოთ საქონელი, ეს მაინც არის სარისკო, რადგან პირადი და ფინანსური ინფორმაცია შესაძლებელია მოიპარონ ჰაკერებმა და გამოიყენონ არასასურველი მიზნებისთვის.
როგორ შეგიძლიათ დაიცვათ თავი?
საბედნიეროდ, არსებობს მთელი რიგი ინსტრუმენტები და სტრატეგიები, რომლებიც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ონლაინ შოპინგის უსაფრთხოება და არ შეგექმნათ პრობლემა:
გამოიყენეთ საბანკო ბარათი: საბანკო ბარათებს, როგორც წესი, აქვთ ძლიერი დაცვა. ჩვეულებრივ, მარტივად შეგიძლიათ გააუქმოთ გადასახადები, რომლებიც თქვენს მიერ არ იყო განხორციელებული. საბანკო ბარათების წარმომადგენლები აკვირდებიან თქვენს ბარათზე საეჭვო აქტივობას და პირადად გატყობინებენ ამის შესახებ. თქვენ, ასევე შეგიძლიათ აიღოთ საკრედიტო ბარათი დაბალი საკრედიტო ლიმიტით, რომელსაც გამოიყენებთ ონლაინში შოპინგისას, რაც კიდევ უფრო შეზღუდავს შესაძლო დანაკარგებს (უბრალოდ დარწმუნდით, რომ თქვენი საკრედიტო ბარათის კომპანია არ გაზრდის ლიმიტს თქვენი გაფრთხილების გარეშე).
სცადეთ გამოიყენოთ ერთჯერადი ბარათი, სასაჩუქრე ბარათი ან საიტის კრედიტი: მცირე შესყიდვებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთჯერადი, სადებეტო ან სასაჩუქრე ბარათები. ეს ბარათები, როგორც წესი, ხელმისაწვდომია 10-100 აშშ დოლარის ოდენობით და გამოყენების შემდეგ იშლება. გადახდის ამ მეთოდებს აქვს დამატებითი სარგებელი, ის არის სრულიად ანონიმური. ზოგიერთი საიტი, როგორიცაა iTunes, ასევე გთავაზობთ საიტის კრედიტებს. ეს არის კარგი გზა, რათა ბავშვებს მიეცეთ საშუალება ამ საიტებიდან მოახდინონ შესყიდვა ბარათზე წვდომის გარეშე.
დარწმუნდით, რომ თქვენ შესყიდვას ახორციელებთ „დაშიფრულ“ საიტზე: ვებ ბრაუზერი გაცნობებთ „დაშიფრული“ საიტის შესახებ. ბრაუზერში დახურული ბოქლომის გამოსახულება ან პრეფიქსი „https:“ გაცნობოთ, რომ თქვენი ტრანზაქცია უსაფრთხოა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი მონაცემები დაცული იქნება ყოველთვის, ის მხოლოდ ტრანზაქციის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
ყოველთვის განაახლეთ პროგრამული უზრუნველყოფა და კომპიუტერის უსაფრთხოება: მნიშვნელოვანია, რომ თქვენი კომპიუტერი განახლდეს უსაფრთხოების უახლესი ფუნქციებით. უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც იცავს თქვენს კომპიუტერს ვირუსებისგან, უზრუნველყოფს თქვენი ფინანსული ინფორმაციის დაცვას.
ფრთხილად იყავით აპლიკაციის შიდა შესყიდვებთან დაკავშირებით: ბევრი აპლიკაცია, რომელსაც თქვენ იცნობთ და გიყვართ მოიცავს აპლიკაციის განახლების, დამატებითი ფუნქციების ყიდვის, ან მედიის შეძენის შესაძლებლობას მინიმალური სირთულეებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოსახერხებელია, მას შეუძლია გამოიწვიოს მოულოდნელი ხარჯების დაგროვება. თუ თქვენს მოწყობილობას სხვა ადამიანებს უზიარებთ, დარწმუნდით, რომ მასზე არ გაქვთ შენახული თქვენი ანგარიშის ინფორმაცია, რათა შემცირდეს შემთხვევითი შესყიდვების ალბათობა. აპლიკაციებში შესრულებული შესყიდვების გაუქმება უმეტეს შემთხვევაში არ ხდება.
გამოდით - “log out”: საზიარო კომპიუტერებზე მნიშვნელოვანია პირადი ინფორმაციის წაშლა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გამოხვიდეთ ონლაინ მაღაზიებიდან („Log out“ ან „Exit“-ის საშუალებით), რათა სხვა მომხმარებლებს არ ჰქონდეთ წვდომა თქვენს ანგარიშებზე, შესყიდვის ინფორმაციასა და გადახდის მეთოდებზე.
იყავით ინფორმირებული: სანამ ვებ-გვერდიდან შესყიდვას განახორციელებთ დააკვირდით, ვისთან გაქვთ კომუნიკაცია. ცნობილ საიტებს, როგორც წესი, აქვთ მომხმარებლების რეიტინგები და შეგიძლიათ პროდუქტისა და სერვისის შეძენამდე წაიკითხოთ მათი და გამყიდველის შესახებ. თუ მოცემულ ვებ-გვერდს ან პროდუქტს არ აქვს ონლაინ მიმოხილვები, დაელოდეთ სანამ გამოჩნდება ასეთი შეფასებები, რათა გაიგოთ თუ, რას იტყვიან სხვები პროდუქტის შესახებ.
დააკვირდით: ნივთის აღწერილობაზე დაკვირვება აუცილებელია, რადგან შესაძლოა რეალური ფოტოები არ იდოს საიტზე და მხოლოდ აღწერილობას გვაწვდიდეს ნივთის შესახებ. სიტყვები, როგორიცაა „განახლებული“ ან „ახალივით“ ნიშნავს მეორადს, ანუ გამოყენებულ ნივთს (ეს არ არის ცუდი, შესაძლოა ნივთი იდეალურ მდგომარეობაში იყოს, თუმცა კარგია იცოდეთ ზუსტად რას ყიდულობთ). კარგია, სხვა მომხმარებლების კომენტარებსაც მიაქციოთ ყურადღება, ზოგჯერ შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ საიტზე განთავსებული ნივთი და აღწერილობა საერთოდ არ შეესაბამება რეალურს.
არ მოტყუვდეთ: თუ ყიდულობთ საქონელს, დარწმუნდით, რომ ის ლიცენზირებულია და არ არის ყალბი. ინტერნეტში არის უზარმაზარი ბაზარი მაღალი დონის დიზაინერული საქონლის რეპლიკებისთვის. ფალსიფიცირებული საქონელი არა მხოლოდ უკანონოა, არამედ, როგორც წესი, უხარისხოც. ინტერნეტში კარგი შემოთავაზებების და ფასდაკლებების პოვნა სრულიად შესაძლებელია, თუმცა ფრთხილად უნდა იყოთ შეთავაზებებთან მიმართებაში, რომლებიც გაიძულებენ თქვენი საკრედიტო ბარათის მონაცემების მითითებას.
გადაიხადეთ სამართლიანად: ზოგიერთი, ყველაზე მაცდური შეთავაზება ინტერნეტში არის მოპარულ ან არალეგალურად შეძენილ პროდუქტზე. ასეთ შეთავაზებებს ხშირად თაღლითები იყენებენ, რადგან იციან, რომ ამის შესახებ არ განაცხადებთ. ბოლოს და ბოლოს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ თაღლითობის შესახებ პოლიციას შეატყობინებთ, თუ ნივთი, რომელსაც ყიდულობდით, არის მუსიკალური ალბომი, რომელიც ჯერ არ გამოშვებულა, ან ფილმის DVD, რომელიც კინოთეატრებშიც კი არ გადის. მაშინაც კი, თუ პროდუქტი ორიგინალია, შეიძლება მოპარული საქონლის შეძენით დაარღვიოთ კანონი.
„დაარეპორტეთ“ თაღლითობა: თუ თქვენ ხართ ონლაინ თაღლითობის მსხვერპლი, მნიშვნელოვანია ამის შესახებ განაცხადოთ, რათა სხვა ადამიანებიც არ გახდნენ ამავე თაღლითობის მსხვერპლი.
წყარო:https://mediasmarts.ca/tipsheet/cyber-security-consumer-tip-sheet-safe-practices-e-commerce